ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთები დაასრულა

ჩინური მოიერიშე თვითმფრინავი ავიამზიდზე - სცენა ტაივანის ირგვლივ გამართული წვრთნიდან, ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში. პეკინი, 10 აპრილი, 2023.

ჩინეთნმა ტაივანის გარშემო სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაასრულა. პეკინი აცხადებს, რომ წვრთნების დროს, რეალურ საბრძოლო პირობებში ინტეგრირებული სამხედრო შესაძლებლობები გამოსცადა.

პეკინმა სამხედრო წვრთნები შაბათს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ტავიანის პრეზიდენტი შეერთებული შტატებიდან ტაიპეიში დაბრუნდა. ცაი ინგ-ვენი, ლოს-ანჯელესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერ კევინ მაკკარტის შეხვდა.

აშშ-ის წარმომადგენელთა ალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი და ტაივანის პრეზიდენტი, ცაი ინგ-ვენი, კალიფორნია, 2023 წლის 5 აპრილი

ჩინეთს ფორმალურად არასდროს უარყვია ძალის გამოყენების იდეა დემოკრატიულად მართული კუნძულის პეკინის კონტროლის ქვეშ დასაბრუნებლად. ტაივანის მთავრობამ პეკინის სამხედრო წვრთნები დაგმო.

ჩინელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წვრთნები „წარმატებით დასრულდა და რეალურ საბრძოლო პირობებში, მრავალი ქვედანაყოფის შესაძლებლობები ყოვლისმომცველად გამოიცადა“.

„ჯარი ყოველთვის მზად არის იბრძოლოს და შეუძლია ნებისმიერ დროს იბრძოლოს და მკაცრად ჩაახშოს ტაივანის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სეპარატიზმი და საგარეო ჩარევა“ - ნათქვამია ჩინეთის სახალხო განმათავისუფლბელი არმიის აღმოსავლეთ სარდლობის განცხადებაში.

ორშაბათსვე, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ გასული 24 საათის განმავლობაში, ჩინეთის საჰაერო ძალების აქტივობების რუკა გამოაქვეყნა. რუკაზე ნაჩვენებია ოთხი ჩინური საბრძოლო თვითმფრინავი J-15, რომლებიც ტაივანის აღმოსავლეთით წყნარი ოკეანის თავზე მოქმედებდნენ.

უწყების განცხადებით, ტაივანის გარშემო, ორშაბათს დილის განმავლობაში, დააფიქსირა 59 სამხედრო თვითმფრინავი და 11 გემი.

ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნების ჩატარების გამო, შეშფოტება გამოთქვა იაპონიამ და ევროკავშირმა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ჩინეთის წვრთნებს ყურადღებით აკვირდებოდა.

Your browser doesn’t support HTML5

ტაივანის ფაქტორი - პეკინი ვაშონგტონს "ერთი ჩინეთის" პრინციპის დაცვას მოუწოდებს