ჩინეთმა რეზოლუციას, რომელშიც რუსულ აგრესიაზეა საუბარი მხარი დაუჭირა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 122 ხმით მიიღო რეზოლუცია „გაეროსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის შესახებ“. ჩინეთთან ერთად, რეზოლუციას ასევე მხარი დაუჭირა რუსეთის მიმართ „მეგობრულად განწყობილმა“ კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ყაზახეთმა, სომხეთმა, ინდოეთმა და ბრაზილიამ.

კერძოდ, დოკუმენტი ეხება ევროპის „უპრეცედენტო გამოწვევებს“ ახლა უკრაინის, მანამდე კი საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ. რეზოლუცია მოსკოვს აგრესიის მსხვერლთა ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს.

ასევე ნახეთ: ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს ვცემთ - პეკინი ევროპაში ატეხილ ხმაურზე

„ხუთმა ცნობილმა უფლებადამცველმა, - რუსეთმა, ბელარუსმა, ნიკარაგუამ, სირიამ და ჩრდილოეთ კორეამ, ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა“ - დასძინა გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა, სერგიი კისილიციამ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, 26 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი უკრაინული მხარის თხოვნით შედგა. ჩინეთი მიმდინარე ომს „უკრაინის კრიზისს“ უწოდებს და მისი პოლიტიკური მოგვარების მიზნით კომუნიკაციის გასაღრმავებლად, კიევში მთავრობის წარმომადგენლის მივლინებას გეგმავს.

იმავე დღეს, ზელენსკიმ ჩინეთში ახალი ელჩი დანიშნა, სტრატეგიული განვითარების ყოფილი მინისტრი, პავლო რიაბკინი.

24 თებერვალს ჩინეთმა დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ასახული იყო მისი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის „მოგვარების“ შესახებ. ასევე, მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. დოკუმენტში არ იყო მოწოდება უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანაზე.

Your browser doesn’t support HTML5

„ახლა არის ისეთი ცვლილებები, როგორიც 100 წელია არ ყოფილა და ჩვენ ერთად ვმართავთ ამ ცვლილებებს" - სი ძინპინი, პუტინს