Your browser doesn’t support HTML5
შეერთებული შტატების დედაქალაქში თებერვალში გამართულ კონფერენციაზე სპეციალისტებმა კიბოს მკურნალობის საქმეში იმედისმომცემი სიახლის შესახებ შეიტყვეს. მეცნიერების დაწინაურების ამერიკული ასოციაციის (AAAS) კონფერენცია შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად იმართება. წელს ის ვაშინგტონში 12-დან 15 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.
თერაპიამ, რომელიც კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანის სხეულის იმუნური სისტემის ერთგვარად „ხელახალ გაწვრთნას“ ითვალისწინებს, კვლევაში მონაწილე ლეიკემიით დაავადებული პაციენტების 90 პროცენტში რემისია აჩვენა. ექსპერიმენტი ერთდროულად ამერიკაში, იტალიაში და გერმანიაში ჩატარდა. სიეტლის ფრედ ჰაჩინსონის კიბოს კვლევების ცენტრის პროფესორის სტენლი რიდელის თქმით, რომელიც კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა, შედეგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ უიმედო ავადმყოფები, რომელთაც მკურნალობის ყველა ტრადიციული მეთოდი უშედეგოდ ამოწურეს და ექიმების პროგნოზებით, მხოლოდ ორიდან ხუთ თვემდე სიცოცხლე ჰქონდათ დარჩენილი. 90-პროცენტიანი შედეგი „უპრეცედენტო მონაცემია, მითუმეტეს კიბოს გვიანდელ ეტაპზე“ - განაცხადა მან კონფერენციაზე.
ექსპერიმენტული მკურნალობის მეთოდი პაციენტის სისხლიდან T უჯრედების (ლიმფოციტების - სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) ამოღებას ითვალისწინებს, მის ხელახალ გადაპროგრამებას და ისევ პაციენტისთვის შეყვანას. მეთოდს ზოგი რევოლუციურს უწოდებს. მილანის სან რაფაელის სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორის, ჰემატოლოგ ჩიარა ბონინის განმარტების მიხედვით, რომელიც მან ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფისთვის“ გააკეთა, გენეტიკურად მოდიფიცირებული T უჯრედები სხეულში დიდხანს ძლებს, ამ ხნის მანძილზე კიბოს უჯრედებს იმახსოვრებს და ვაქცინის მსგავსად, მათ წლების შემდეგაც დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. ამ თვისების გამო მეცნიერებმა მათ „ცოცხალი მედიკამენტიც“ კი შეარქვეს.
T უჯრედები ზოგადად ორგანიზმის იმუნური სისტემის გარკვეულ რეაქციებზე აგებს პასუხს, მათ შორის, იერიში მიაქვს უცხო სხეულებზე. თუმცა, ისეთი ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა კიბო, ამ უნარს ხშირად კარგავს. ექსპერიმენტის ხელმძღვანელთა მონაცემებით, მოდიფიცირებული T უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა კვლევების ამ ეტაპზე 14 წელს უტოლდება. პროფესორ ბონინის თქმით, მილანის ჰოსპიტალში აღნიშნული მკურნალობა 10 პაციენტს ჩაუტარდა და T უჯრედები მათ სხეულში 14 წლის შემდეგაც იპოვეს. სიეტლში 26 პაციენტს მკურნალობდნენ. 18-თვიანი კურსის შემდეგ 24 მათგანი სრულ რემისიაში იმყოფებოდა.
ასევე იმედისმომცემია შედეგები, რომელიც T უჯრედებმა ქრონიკულ ინფექციებთან ბრძოლაში აჩვენა. მკვლევარების თქმით, მომდევნო ეტაპი მათი მეთოდის კიბოს სხვა სახეობებზე გამოცდა და უფრო ინდივიდუალიზებული თერაპიის კურსზე გაზრდილი მუშაობა იქნება. ექსპერიმენტის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ მედიის საშუალებები იუწყება. ამ თემაზე სამეცნიერო ნაშრომი ჯერ არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, ის არც მეცნიერებს განუხილავთ და ამიტომ ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან ექსპერტები თავს იკავებენ. მითუმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კვლევაში მონაწილე ორი პაციენტი დაიღუპა.