ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოჩენა: ახალი ლიმფური სადინარები


„საოცარი აღმოჩენა, რომელიც თავდაყირა აყენებს სახელმძღვანელოებით ათწლეულების მანძილზე გავრცელებულ სწავლებას“ - ვირჯინიის უნივერსიტეტის ახალი კვლევა რუბრიკაში „გალილეო“.

რუბრიკა „გალილეო“ დღეს მედიცინის სფეროში ივნისის თვის ერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო სიახლეს გაგაცნობთ. ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მათ აღმოაჩინეს გზა, რომლითაც ადამიანის თავის ტვინი იმუნურ სისტემას პირდაპირ უკავშირდება. ამ სადინარების არსებობის შესახებ მეცნიერებამ აქამდე არაფერი იცოდა.

„საოცარი აღმოჩენა, რომელიც თავდაყირა აყენებს სახელმძღვანელოებით ათწლეულების მანძილზე გავრცელებულ სწავლებას“ - ასე აფასებს ვირჯინიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა ახალ აღმოჩენას. თავისთავად გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ რატომ გამორჩათ მეცნიერებს ლიმფური სისტემის რუქის შედგენისას ის ნაწილი, რომელიც თავის ტვინის უშუალოდ იმუნურ სისტემასთან კავშირზე მიუთითებდა. ამ კითხვაზე პასუხს ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარები ჯერჯერობით ვერ გვთავაზობენ. მაგრამ მათი განცხადებით, ახალი აღმოჩენა გავლენას მთელ რიგ ნევროლოგიურ დაავადებათა მკურნალობაზე მოახდენს, დაწყებული აუტიზმით, ალცჰაიმერის, თუ გაფანტული სკლეროზის ჩათვლით.

ჯონათან კიპნისის განმარტებით, რომელიც უნივერსიტეტის ნევროლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს და ამავე დროს ტვინის იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორია, თავის ტვინი პერიფერულ იმუნურ სისტემას მენინგიალური ლიმფური სადინარების მეშვეობით უკავშირდება. „ჩვენი აზრით ყოველი ნევროლოგიური დაავადება შეიცავს იმუნურ კომპონენტს, ასე რომ ეს სადინარები შესაძლოა გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი არ იყვნენ ჩართული იმუნური კომპონენტის მქონე ნევროლოგიურ დაავადებებში“ - ამბობს ის.

კევინ ლი, ვირჯინიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე კვლევას თავიდან სკეპტიკურად უყურებდა და ფიქრობდა, რომ სხეულის სტრუქტურა უკვე შესწავლილია და გასული საუკუნის დაახლოებით შუა წლების შემდეგ ახალი აღმოჩენა აღარ გაკეთებულა. დღეს ის თვლის, რომ ამ აღმოჩენის შემდეგ სამედიცინო სფეროში სახელმძღვანელოების შეცვლა მოუწევთ, რადგან ეს სადინარები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გათვალისწინებული აქამდე არასოდეს ყოფილა.

ჯერჯერობით ლიმფური სადინარების ზუსტ როლზე ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ სპეკულირება თუ შეიძლება - აცხადებენ მკვლევარები. მათი თქმით, აღმოჩენასთან დაკავშირებით, რომელიც თაგვებზე ექსპერიმენტირების შემდეგ გაკეთდა, უამრავი ახალი კითხვა წარმოიშვა, რომლებზეც კვლევის მომდევნო ფაზის განმავლობაში იმუშავებენ. აღმოჩენის ავტორად კიპნისის ლაბორატორიის თანამშრომელი ანტუან ლუვუ ითვლება, რომელმაც მანამდე დეტექციის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა. კვლევის დეტალებს (ინგლისურ ენაზე) შეგიძლიათ გაეცნოთ სამეცნიერო ჟურნალში Nature. ელექტრონული ვერსიის მისამართი: http://www.nature.com/nature/journal/vaop/ncurrent/full/nature14432.html

XS
SM
MD
LG