ისრაელის ომი "ჰამასის" წინააღმდეგ, მძევლების გათავისუფლება, ჰუმანიტარული დახმარება პალესტინელთათვის და პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა - ამ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური პროცესის გაგრძელების ხელშესაწყობად ამერიკის სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში ჩადის. 7 ოქტომბრის შემდეგ რეგიონში ეს ენტონი ბლინკენის რიგით მესამე ვიზიტი იქნება.
სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ენტონი ბლინკენი ეწვევა ისრაელს, მოინახულებს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიას, ჩავა არაბთა გაერთიანებულ საემიეროებში.
ასევე ნახეთ: ბლინკენი ნატოს შეხვედრებზე უკრაინის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს„მდივანი ბლინკენი განიხილავს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, ასევე ხელი შეუწყოს მცდელობას დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია ამერიკის საგარეო უწყების განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის სურვილია დაჩქარდეს და გაძლიერდეს ღაზაში მშიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა და აუცილებლობა. ორი სახელმწიფოს იდეასთან დაკავშირებით დისკუსია უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის.
„[ბლინკენი] ასევე განიხილავს იმ პრინციპებს, რომელიც მან 8 ნოემბერს ტოკიოში გამოაცხადა, [საუბარია] ხელშესახებ ნაბიჯებზე მომავალი პალესტინის სახელმწიფოს შექმნისთვის“,- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
საუბარი შეეხება ღაზის სექტორის მომავალსაც, ვაშინგტონი ამბობს, რომ არ დაუჭერს მხარს ისრაელის მხრიდან ამ ტერიტორიის ოკუპაციას. განცხადება ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ტოკიოში ვიზიტისას გააკეთა. ისრაელის მთავრობა განმარტავს, რომ ღაზის ოკუპაცია მის ამოცანებში არ შედის, თუმცა ბუნდოვანი რჩება როგორი უნდა იყოს ღაზა "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელის ომის შემდეგ, რომლის მთავარი მიზანიც "ჰამასის" განადგურებაა.
ასევე ნახეთ: ისრაელისა და "ჰამასის" ზავი ორი დღით გახანგრძლივდაახლო აღმოსავლეთში ჩასვლამდე ენტონი ბლინკენი ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს ესწრება.