ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონელი მძღოლები უკრაინის სასაზღვრო პუნქტებს ბლოკავენ


პოლონელმა სატვირთო მანქანების მძღოლებმა და ფერმერებმა ორშაბათს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სასაზღვრო პუნქტის ბლოკადა გამოცხადეს. საპროტესტო აქციამ საზღვარზე სამანქანო რიგები გამოიწვია.

სატვირთო მანქანების მძღოლები, რომლებიც ახლა ბლოკავენ მედიკას და სამ სხვა სასაზღვრო პუნქტს, ჩივიან, რომ უკრაინული კომპანიებისთვის დაწესებული შეღავათების შედეგად შემოსავალს კარგავენ. მათი თქმით, უკრაინელები უფრო იაფ ფასებს აწესებენ გადაზიდვის მომსახურებაზე, როგორც უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასევე ევროკავშირის შიგნით.

”მინდა, რაც შეიძლება მალე დავასრულო ეს პროტესტი, რადგან ის ისეთივე მძიმეა ჩვენთვის, როგორც ყველასთვის ჩვენს გარშემო”, - თქვა ტომაშ ბორკოვსკიმ გადამზიდველების და ტრანსპორტის დამსაქმებელთა დაცვის პროფკავშირების კომიტეტის ლიდერმა.

„ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას და ვიდგებით სანამ ჩვენს პირობებს არ დააკმაყოფილებენ“, - თქვა მან.

პოლონელმა სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა პროტესტი 6 ნოემბერს დაიწყეს და მოითხოვეს ევროკავშირმა ბლოკში შემავალი უკრაინული სატვირთო მანქანებისთვის და უკრაინაში შესული ევროკავშირის სატვირთო მანქანებისთვის შეზღუდვები განაახლოს, ჰუმანიტარული დახმარებისა და სამხედრო მომარაგების გარდა.

შეზღუდვები მას შემდეგ გაუქმდა, რაც რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში ხელმეორედ შეიჭრა.

უკრაინა ამბობს, რომ პროტესტი ზიანს აყენებს მის მყიფე ეკონომიკას, რაც აფერხებს ექსპორტს და აჩერებს ქვეყნისთვის აუცილებელი პროდუქციის მიწოდებას, მათ შორის, გათხევადებული გაზისაც. კიევი ასევე აცხადებს, რომ დაბლოკილია ჰუმანიტარული დახმარება, რასაც მომიტინგეები უარყოფენ.

პოლონურმა მხარემ უკრაინას სთხოვა მიიღოს ზომები პრობლემის მოსაგვარებლად. ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმართეს ევროკომისარს ტრანსპორტის საკითხებში შეექმნა ერთობლივი კომიტეტი, რათა გაეანალიზებინა ბლოკის სატრანსპორტო ბაზარზე ნებართვების მოხსნის შედეგები.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პოლონეთის ხელისუფლება საკითხს ინტერესით არ უდგება.

„არავითარი კონსტრუქციული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არავის არ სურს ჩვენთან შეხვედრა“, - თქვა იაცეკ სოკოლმა გადამზიდველების და ტრანსპორტის დამსაქმებლების დაცვის კომიტეტიდან.

მედიკაში აქციას ასევე შეუერთდნენ ფერმერები, რომლებიც მოითხოვენ მთავრობის მხარდაჭერის გაგრძელებას მარცვლეულის დაბალ ფასებთან გამკლავებაში.

უკრაინის შავი ზღვის პორტები - ომამდე მთავარი საექსპორტო მარშრუტი - პრაქტიკულად დაბლოკილია რუსეთის მიერ და უკრაინული ბიზნესი ეყრდნობა გზებსა და რკინიგზას ექსპორტისა და იმპორტის გადასატანად.

XS
SM
MD
LG