უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კიევი "მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის" დავის მოსაგვარებლად, რაც პოლონელი სატვირთო მანქანების მძღოლების მიერ, ორი ქვეყანას შორის საზღვრის ბლოკირებამ გამოიწვია. მძღოლები კონკურენციის არათანაბარ პირობებს აპროტესტებენ.
„პოლონელმა გადამზიდავებმა, [უკრაინასა და პოლონეთს შორის] სამი ძირითადი სატვირთო სასაზღვრო პუნქტის ბლოკირება მოახდინეს", - დაწერა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა 6 ნოემბერს, სოციალურ მედიაში. მისი თქმით, „სიტუაციის მოსაგვარებლად“, სამინისტრო ევროკომისიასთან და პოლონეთის მთავრობასთან თანამშრომლობს.
„ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, რომ საზღვრის გადაკეტვა ზიანს აყენებს ორივე ქვეყნის ინტერესებსა და ეკონომიკას“, - განაცხადა მან.
კუბრაკოვის თქმით, ამ მოვლენებმა, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის პროცესი დააზარალა, მაგრამ „ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც ორივე ქვეყნის გადამზიდავების ინტერესებს ითვალისწინებს“.
სატვირთო ავტომობილების პოლონელმა მძღოლებმა სამი სასაზღვრო გადასასვლელი დაბლოკეს. მათი თქმით, მიზეზი უსამართლო კონკურენციის პირობებია, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც ევროკავშირმა უკრაინული გადამზიდავებისთვის საერთაშორისო ტრანსპორტირების წესები შეარბილა.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა ტვირთების უკრაინელი გადამზიდავებისთვის ნებართვის სისტემა გააუქმა.
პოლონელი მძღოლები ამბობენ, რომ ევროკავშირის ქმედება საზღვარზე გრძელ საცობებს ქმნის და ეს მათ აზარალებს. ამიტომ, შეზღუდვების ხელახლა დაწესებას მოითხოვენ.
გადამზიდავები, შეზღუდვის დაწესებას ასევე ითხოვენ ევროკავშირის გარეთ დარეგისტრირებულ სატრანსპორტო კომპანიებიებზე.
„ჩვენ ვაპროტესტებთ პოლონური გადამზიდავებისთვის საავტომობილო ტრანსპორტის შეფერხებებს, რომლებიც გამოწვეულია ბელარუსული, რუსული და უკრაინული კომპანიების უკონტროლო შემოდინებით“, - განუცხადა პოლონური სატრანსპორტო კომპანიის მფლობელმა, კაროლ რიჩლიკიმ ახალი ამბების სააგენტო „როიტერს“.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული და სამხედრო ტვირთების, ავტობუსებისა და კერძო მანქანების გავლას დაუშვებენ.
პოლონეთის მთავრობას კუბრაკოვის განცხადებებზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვარშავა კიევის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია.
დაძაბულობა ასევე გამოიწვია ევროკავშირში უკრაინული სოფლის მეურნეობის ექსპორტის დიდი რაოდენობით შედინებამ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინული პორტების ბლოკადა მოახდინა, მეზობელ ქვეყნებში უკრაინული ხორბლის და სხვა საქონლის ექსპორტმა ბაზრების გადატვირტა და ფასების შემცირება გამოიწვია, რამაც ადგილობრივი ფერმერები აზარალა.
პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაწყვიტეს გაახანგრძლივონ ევროკავშირის აკრძალვა, რომელიც შემოღებულია ფერმერების დასაცავად, უკრაინიდან მარცვლეულისა და საკვების იმპორტის ზრდის ფონზე.
პოლონეთისა და უკრაინის ლიდერები დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდნენ.
ორმა ქვეყანამ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ისინი შეთანხმდნენ დააჩქარონ უკრაინული მარცვლეულის პროდუქტების ტრანზიტი პოლონეთის გავლით, მესამე ქვეყნებისკენ მიმავალ გზაზე.
Facebook Forum