უკრაინელმა გამომძიებლებმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხუთ თანამშრომელს საავიაციო უსაფრთხოების წესების დარღვევის საქმეზე ბრალი წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, უსაფრთხოების წესების დარღვევას შვეულმფრენის ჩამოვარდნა მოჰყვა, რის შედეგადაც, იანვარში, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და კიდვ 13 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ, 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ხუთივე ბრალდებული - ივან კორობკა, ვოლოდიმირ ლეონოვი, ოლეჰ ივანოვი, ანდრეი დვორნიკი და იან კოშმანი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოხელეა.
საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ბრალი ოფიციალურად გამოძიების დასრულების შემდეგ წაუყენეს.
ხუთივე მათგანი, სამართალდამცველებმა აგვისტოში დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლომ ისინი გაათავისუფლა, თუმცა იმ პირობით, რომ ყოველ ღამეს შინ გაატარებდნენ.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვეულმფრენი, რომლითაც მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენ იენინი, სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი და სხვა ოფიციალური პირები, ხარკივისა და დნეპროს აღმოსავლეთ რეგიონებში მიემგზავრებოდნენ, 18 იანვარს ჩამოვარდა და საბავშვო ბაღის შენობას დაეჯახა. შემთხვევა კიევის მახლობლად მოხდა.
ავიაკატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევას, ბორტზე მყოფ ადამიანებთან ერთად, ასევე ემსხვერპლა საბავშვო ბაღში მყოფი ოთხი ქალი და ერთი ბავშვი. საბავშვო ბაღში მყოფი 31 ადამიანი, მათ შორის, 13 ბავშვი დაშავდა. მაშინ, ზოგიერთი მათგანის ევაკუაცია ევროკავშირმა განახორციელა.
გამომძიებლები ამბობენ, რომ საგანგებო სიტუაციების გარდა, შვეულმფრენს არ ჰქონდა სხვა ფრენების განხორციელების უფლება.
„ეკიპაჟის მიერ ფრენის დაწყებისას, მათ არ ჰქონდათ სრული ინფრომაცია, ფრენის მარშრუტზე მეტეოროლოგიური პირობების შესახებ. ეკიპაჟს არ გააჩნდა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენის უფლება და საჭირო სერტიფიკატი. საავიაციო უსაფრთხოების არც ერთმა ზედამხედველმა მაღალჩინოსანმა, ფრენა არ გააუქმა ან არ გადადო მეტერეოლოგიური პირობების გაუმჯობესებამდე“, - ნათქვამია უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
42 წლის მონასტირსკი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე 2021 წლის ივლისის შუა რიცხვებში დაინიაშნა. მან მონაწილეობა მიიღო უკრაინასა და რუსეთს შორის, ტყვეთა ყველაზე დიდ გაცვლაში, რის შედეგადაც, 215 უკრაინელი მებრძოლი შინ დაბრუნდა.