ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ვიპოვოთ სიხარული და იქნებ, ბედნიერების გასაღებიც კი


დაუსრულებელი ომები ახლო სამეზობლოში და კონფლიქტები გლობალურად; პოლიტიკური დაპირისპირება შინ თუ გარეთ; პირადი და საზოგადოებრივი პრობლემები... ცხოვრება სავსეა სირთულეებით და არცთუ იოლად დასაძლევი გამოწვევებით. უფრო ხშირად, გარშემო ცუდი ამბები გვესმის, სანერვიულო და სადარდებელი არ ილევა, თითქოს. რაც დრო გადის, გეგონება, ნაკლებად გვხვდება კარგი, მხიარული, დადებითი მუხტის მქონე, იმედისმომცემი სიახლეები და ადამიანები.

თუმცა...

ამერიკელი მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ძალიან მარტივი, სწრაფი და ადვილი ვარჯიშებით, სავსებით შესაძლებელია საკუთარ თავს სიხარული ყოველდღიურად მოვგვაროთ და ამით შესაძლოა, ჩვენს ბედნიერებასაც ჩავუყაროთ მტკიცე საძირკველი. ბერკლის უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის „დიდი სიხარული“ (Big Joy) ავტორები ფიქრობენ, რომ მათი ინტერაქტიური ონლაინ პროგრამა მსურველებს არამარტო ამ ყველაფრის საშუალებას აძლევს, არამედ მონაწილეებს შეუძლიათ გაზომონ და თავადაც დარწმუნდნენ იმაში, თუ რა გავლენა იქონია ამ მცირე ნაბიჯებმა მათ კეთილდღეობაზე, მოუტანა თუ არა მათ მეტი სიხარული და აქვთ თუ არა გარკვეული დროის მანძილზე, პროგრესი ამ მიმართულებით.

და ვიდრე უშუალოდ პროგრამის არსზე და მიღებულ შედეგებზე გადავალთ, უცებ გეტყვით, რომ ის ქართულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის. მართალია, კომპიუტერული პროგრამის თარგმანი გრამატიკულად ბოლომდე გამართული არ არის, მაგრამ ის სავსებით გასაგები ენითაა დაწერილი და შედეგებიც მარტივად აღსაქმელია. პროგრამის მთავარ გვერდზე, ქვედა მარჯვენა კუთხეში მომცრო ფანჯარაა, სხვადასხვა ქვეყნის დროშით. იქ უნდა ჩამოწიოთ ისარი, აირჩიოთ ქართული ენა - Georgian და ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას ინგლისურის ცოდნის გარეშეც შეძლებთ.

ბერკლის უნივერსიტეტის ფსიქიატრებს პროექტის შექმნა ერთმა დოკუმენტურმა ფილმმა შთააგონა, „მისია - სიხარული: ბედნიერების პოვნა რთულ დროში“ (Mission: Joy – Finding Happiness in Troubled Time). კინო ორი სხვადასხვა რელიგიის წინამძღვრის მეგობრობაზეა, თუმცა ფილმიც სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება.

ბედნიერება ძალზე ინდივიდუალური გრძნობაა და განსხვავებული ეროვნების, რელიგიის, კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, ნიჭის, საქმიანობის, სქესის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის და ა.შ. მიხედვით, სხვადასხვა ადამიანს სიხარულს და ბედნიერებას შეიძლება სულ სხვადასხვა რამ ანიჭებდეს. მაგრამ, ცდა შეიძლება. მითუმეტეს, რომ მცირე ნაბიჯების და სიხარულის მომტანი მცდელობების არჩევანიც მარტივი და თან მრავალფეროვანია. მონაწილეებს სთავაზობენ იქვე განთავსებული კითხვარი შეავსონ და საკუთარი პროგრესი დროდადრო შეამოწმონ. ამასობაში კი, მეცნიერები პერიოდულად მიღებულ შედეგებს გლობალურად აჯამებენ და ზოგად ტენდენციებს გამოყოფენ.

პირველი დღეც გამოკითხვით იწყება. მომხმარებელს სთხოვენ დააზუსტონ, როგორ გრძნობენ თავს ემოციურად, რა განწყობა აქვთ, რომელი ჩვევები გამოარჩევთ, როგორია მათი სოციალური მიდრეკილებები და სხვა. ამის შემდეგ, მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში, მათ თხოვენ ამ სიიდან ერთი რომელიმე, ე.წ. მიკრო-ნაბიჯი გადადგან:

  • სიკეთის აქტი - დაფიქრდით იმაზე, თუ ვისი ნახვა შეიძლება მოგიწიოთ დღეს და მოიფიქრეთ ერთი რამ, რაც მათ უბრალოდ ამ დღეს გაულამაზებს.
  • მნიშვნელოვანი აქტი - მნიშვნელობის მიხედვით, დანომრეთ და ჩამოწერეთ თქვენი პირადი ფასეულობები. შეიძლება ეს იყოს სიკეთე, წესიერება, პასუხისმგებლობა, თუ ბევრი სხვა რამ და შემდეგ დაწერეთ, როგორ აისახება ეს თქვენს ცხოვრებაზე.
  • მადლობის სია - დაფიქრდით, გაიაზრეთ და დაწერეთ, რის გამო ხართ მადლობელი საკუთარი ცხოვრების.
  • ჰოი, საოცრებავ! - მოძებნეთ და ნახეთ ერთი პატარა ვიდეო მაინც, რომელიც გაგაოცებთ. მაგალითად, მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთზე.
  • სხვისი სიხარულის გაზიარება - ესაუბრეთ ვინმეს იქვე მყოფს და სთხოვეთ, მოგიყვეთ ერთი პატარა ისტორია, თუ რამ გააბედნიერა ის ყველაზე მეტად.
  • მიდგომის შეცვლა - მოიგონეთ დრო, როცა ძალიან ცუდ ხასიათზე, გაღიზიანებული, გაბრაზებული იყავით. შემდეგ დაფიქრდით და დაწერეთ სამი დადებითი რამ, რაც ამ გამოცდილებამ შეგძინათ.
  • სიკეთის ძალა - დაფიქრდით და გაიაზრეთ, რა იღონეთ თქვენ თვითონ იმისთვის, რომ თქვენს გარშემო სამყარო გაუმჯობესებულიყო.

ამ ერთი კვირის მანძილზე, დღეში 7-10 წუთი უნდა გამოყოთ იმისთვის, რომ შეავსოთ მოკლე კითხვარი, რომელიც შეგეკითხებათ, თუ რა გააკეთეთ იმ დღეს და როგორ იგრძენით თავი, ამა თუ იმ შეთავაზებული ნაბიჯის გადადგმის შემდეგ. კვირის ბოლოს კიდევ ერთი, შემაჯამებელი კითხვარია, რომელიც აფიქსირებს ცვლილებებს თქვენს განწყობაში, ემოციებში, ამოწმებს - უკეთ გრძნობთ თუ არა თავს.

გაინტერესებთ შედეგები გლობალურად? 14 ნოემბრისთვის, ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 22 ქვეყნიდან 22 000-ზე მეტი მონაწილის კითხვარი შეაჯამეს. მათი ანალიზი დადებით შედეგს რამდენიმე მიმართულებით აჩვენებს. ესენია:

  1. ექსპერიმენტის მონაწილეთა შორის ემოციური კეთილდღეობა სულ ცოტა, 26%-ით გაუმჯობესდა.
  2. 23%-ით გაიზარდა დადებითი ემოციები, როგორიცაა - იმედი, ოპტიმიზმი, ცნობისმოყვარეობა, გართობის თუ გაოცების უნარი.
  3. მონაწილეთა 27-დან 34%-მდე ამბობს, რომ ახლა უფრო მეტად შეუძლია საკუთარი ბედნიერების კონტროლი.
  4. 30%-ით მეტი ატყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას მეგობრებთან და ახლობლებთან.
  5. შესაძლოა გაოცდეთ, მაგრამ 12% ამბობს, რომ ახლა უფრო უკეთ სძინავთ.

როგორც ნებისმიერ სხვა სამეცნიერო ექსპერიმენტს, „დიდ სიხარულსაც“ აქვს გარკვეული ლიმიტები. იმის მიუხედავად, რომ მისი შედეგები ძალზე იმედისმომცემია, ის ვერ იქნება უნივერსალური და მისი გადაჭარბებით შეფასებაც არ შეიძლება.

როგორც ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი აღნიშნავს, პროექტში მონაწილეთა შერჩევა არ მომხდარა და არც ახლა ხდება შემთხვევითობის პრინციპით. მონაწილეები არ იყვნენ წახალისებულები რაიმე მატერიალური ღირებულების ჯილდოებით და საჩუქრებით, მასში მხოლოდ მოხალისეები მონაწილეობდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ეს აინტერესებთ, ენთუზიაზმით უდგებიან. ეს ფაქტორი შესაძლოა, საზოგადოების გარკვეული ჯგუფებით ლიმიტირებაზე მიუთითებდეს და ასევე განსაზღვრავდეს მათ წინასწარ განწყობას. ასევე საკმაოდ რთულია, პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა: მათ უკეთ იგრძნეს თავი, რადგან მოეწონათ მიღებული გამოცდილება, თუ ეს მიკრო-ნაბიჯების უშუალო გავლენა იყო?

ასეა, თუ ისე, თუკი თქვენც დაინტერესდით, შეიცვლება თუ არა თქვენი ემოციები ამ პროექტში მონაწილეობით და დადებითი შედეგის შემთხვევაში, თუ რამდენად შეიცვლება ისინი, შეგიძლიათ სცადოთ აქ, ბერკლის უნივერსიტეტის ვებგვერდზე. პროექტის ავტორები, რომელთა შორის გამოცდილი ფსიქიატრები არიან, ფიქრობენ, რომ ის ბევრს დაეხმარება სტრესის, შფოთვის და წუხილის დაძლევაში, რაც ხშირად ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ასე ფიქრობენ იმ დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირებიც, ორი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი - დალაი ლამა და დეზმონდ ტუტუ - რომელთა მეგობრობა და გაცემული სიკეთე დაედო საფუძვლად ამ სამეცნიერო პროექტს. ფილმში ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება იგრძნო სიხარული ტანჯვის დროსაც კი, თუკი საკუთარ ენერგიას და ემოციებს სიკეთის კეთებისკენ მიმართავ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG