შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 22 ოქტომბერს ისრაელში ჩავიდა. ეს მისი მე-11 ვიზიტია რეგიონში, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ.
შეერთებულ შტატებს სურს აღადგინოს მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მას შემდეგ რაც გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდასხმის შემდეგ, მოკლულია "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი. დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის ბევრ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი.
ასევე ნახეთ: მოკლულია ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარიბლინკენის თვითმფრინავის თელავივის აეროპორტში დაჯდომას წინ უძღოდა "ჰეზბოლას" სარაკეტო იერიში ცენტრალურ ისრაელზე. აეროპორტის ჩათვლით, ქვეყნის ყველაზე მეტად დასახლებულ ნაწილებში საჰაერო განგაშის სიგნალები იყო ჩართული. თუმცა, იერიშს ისრაელისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანიდან გაშვებული რაკეტების უმეტესი ნაწილი მათ გაანეიტრალეს.
ისრაელმა ერთი დღით ადრე საჰაერო იერიში მიიტანა ლიბანის ტერიტორიაზე განლაგებულ "ჰეზბოლას" ძალებზე. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დანგრეულია შენობები, ერთ-ერთი მათგანი - ბეირუთის მთავარი საავადმყოფოს გვერდით. თავდასხმას ემსხვერპლა 13 ადამიანი, დაჭრილია - 57, რომელთა შორისაც 7 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ისრაელი აცხადებს, რომ საავადმყოფო მათი სამიზნე არ ყოფილა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის თქმით, ბლინკენის ვიზიტი ასევე ემსახურება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას. ამ საკითხზე ისრაელის მთავრობისთვის გასულ კვირას გაგზავნილ ოფიციალურ წერილშიც იყო საუბარი, რომელთა ავტორები არიან სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი - ამერიკის თავდაცვის მდივანი.
ასევე ნახეთ: აშშ ისრაელს მოუწოდებს გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაშიამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენი და ოსტინი ისრაელის ოფიციალური პირებისგან ითხოვდნენ კონკრეტული ზომების მიღებას, რათა ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის განახლებული შეტევის ფონზე, ჰუმანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესდეს. წერილში გაწერილი ყველა მოთხოვნა ისრაელმა მომდევნო 30 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
მოთხოვნებს შორის ნათქვამია, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში სულ ცოტა, 350 სატვირთო ავტომობილის შესვლა უნდა უზრუნველყოს, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ასევე, ამ წერილის მიხედვით, ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ევაკუაციის ბრძანებების გაცემა.
გასულ კვირას მოკლული იაჰია სინვარი 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევა. თავდასხმას 1200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250-ზე მეტი მძევლებად წაიყვანეს ღაზის სექტორში. მძევალთა ნაწილი ისრაელსა და "ჰამასს" შორის მომხდარი გარიგების შედეგად გაცვალეს. სექტემბერში "ჰამასის" ხელში რჩებოდა 100-ზე ნაკლები მძევალი. ისრაელი ფიქრობს, რომ მათგან დაახლოებით 40 დაღუპულია.
შარშან ოქტომბერში ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორში ფართო მასშტაბის სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ისრაელის იერიშის შედეგად უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა 42 ათასზე მეტი პალესტინელი, ძირითადად - ქალები და ბავშვები. ღაზის სექტორის ჯანდაცვა არ აზუსტებს, თუ რამდენი პალესტინელი მებრძოლია დაღუპულთა შორის.