ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰამასის" ლიდერის სიკვდილის შემდეგ, მხარეები ომის კიდევ უფრო გაღრმავებაზე საუბრობენ


"ჰამასის" ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობის შემდეგ, გაჩნდა იმედი, რომ ამას შესაძლოა დაეჩქარებინა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების პროცესი. თუმცა, ისრაელისა და მისი მტრების "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" განცხადებებმა იმაზე, რომ აპირებენ გააგრძელონ ბრძოლა ღაზასა და ლიბანში, ეს იმედები გააქრო.

ირანმა - ისრაელის მთავარმა მტერმა და "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" მთავარმა მხარდამჭერმა - ასევე თქვა, რომ სინვარის სიკვდილი მხოლოდ "წინააღმდეგობის სულისკვეთებას" გააძლიერებს.

ჰამასის ლიდერი სინვარი, ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრს მომხდარი თავდასხმის ავტორი იყო. სწორედ ამ თავდასხმის შემდეგ დაიწყო ისრაელმა ომი "ჰამასთან" ღაზის სექტორში. ისრაელის ჯარმა სინვარი ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, გაანეიტრალა.

ინტერენტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ზის "ჰამასის" ლიდერი აფეთქებული შენობის შიგნით, სრულიად დამტვერილი და ჯოხს ესვრის დრონს, რომელიც მას უღებს. ვარაუდობენ, რომ ის ამის შემდეგ მალევე მოკლეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სინვარის მკვლელობას მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა, მაგრამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ომს, რომელიც ბოლო კვირებში ღაზაში "ჰამასთან" ბრძოლასთან ერთად, ლიბანის "ჰეზბოლასთან" ომშიც გადაიზარდა.

”ომი, ჩემო ძვირფასებო, ჯერ არ დასრულებულა”, - განუცხადა ნეთანიაჰუმ ისრაელელებს 17 ოქტომბერს და თქვა, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლები არ გათავისუფლდებიან.

"ჰამასმა" განაცხადა, რომ მძევლებს გაათავისუფლდებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ღაზაში საომარი მოქმედებები შეწყდება, ისრაელი ტერიტორიას დატოვებს და "ჰამასის" ტყვეებს გაათავისუფლებს. „ჩვენი ძმის, ლიდერის იაჰია სინვარის მოწამეობრივი მკვლელობა მხოლოდ გაზრდის "ჰამასისა" და ჩვენს წინააღმდეგობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ადასტურებს "ჰამასის" ლიდერის სიკვდილს.

ომში ჩართული მხარეების ეს რიტორიკა ეწინააღმდეგება დასავლელი ლიდერების, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენს ვარაუდს, რომელიც ამბობდა, რომ სინვარის სიკვდილი მოლაპარაკების შანსს სთავაზობდა დაპირისპირებულ მხარეებს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ სინვარი უარს ამბობდა მოლაპარაკებებზე. ”ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რომ ეს ნიშნავს, რომ ვინც ჩაანაცვლებს [სინვარს] დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ახლა ჩამოშორებულია ის, რაც ბოლო თვეებში, მთავარი დაბრკოლება იყო [ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების] მიღებაში,” - თქვა მან.

XS
SM
MD
LG