ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: ლიბანის მეოთხედი ისრაელის ევაკუაციის ბრძანების ქვეშაა


ისრაელმა სამხედრო ევაკუაციის ბრძანება ლიბანის მეთხედზე მეტ ტერიტორიაზე გასცა, - განაცხადა სამშაბათს გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ. ორი კვირაა, რაც ისრაელის სამხედროებმა „ჰეზბოლასთან“ საბრძოლველად სამხრეთ ლიბანში სახმელეთო შეჭრა დაიწყეს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ახლო აღმოსავლეთის დირექტორმა, რემა ჯამუს იმსეისმა თქვა, რომ ისრაელის ახალი ევაკუაციის ბრძანებები სამხრეთ ლიბანის 20 სოფელში ნიშნავს, რომ ახლა ქვეყნის მეოთხედზე მეტი ევაკუაციის ბრძანებას ექვემდებარება. ”ხალხი უსმენს მოწოდებებს ევაკუაციის შესახებ და ადამიანები პრაქტიკულად ხელცარიელნი გარბიან“, - თქვა მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

ლიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ გასულ წელს ისრაელის თავდასხმებს სულ მცირე 2309 ადამიანი ემსხვერპლა, 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. უმეტესობა დაიღუპა სექტემბრის ბოლოს შემდეგ, როცა ისრაელმა სამხედრო კამპანია გააფართოვა. არ არის დაზუსტებული დაღუპულთა შორის რამდენია სამოქალაქო პირი და რამდენი - ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ მებრძოლი. ისრაელის ცნობით, დროის ამავე მონაკვეთში, დაახლოებით 50 ისრაელელი დაიღუპა - როგორც ჯარისკაცი, ასევე მშვიდობიანი მოქალაქე.

ისრაელი აცხადებს, რომ მისი ოპერაცია ლიბანში მიზნად ისახავს მისი ათობით ათასი მოსახლის საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებას. მათი, ვინც იძულებული გახდა, ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ თავდასხმების გამო, სახლები დაეტოვებინა.

ორშაბათს ისრაელმა გააფართოვა ლიბანის დაბომბვის კამპანიაც, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის თვითმფრინავების სამიზნე, დევნილთა თავშესაფარი გახდა.

„დაღუპულ 22 ადამიანს შორის, 12 ქალი და ორი ბავშვი იყო“, - თქვა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, ჯერემი ლორენსმა ორშაბათს უმეტესად ქრისტიანებით დასახლებულ აიტუზე თავდასხმის შესახებ. მან საჰაერო დარტყმების შესახებ გამოძიების ჩატარება მოითხოვა. მისი თქმით, ისრაელის ეს საჰაერო დარტყმა, "ომის კანონებთან" დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

XS
SM
MD
LG