ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში მოკლეს პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი. სინვარის სიკვდილის შესახებ ცნობა მანამდე ისრაელის თავდაცვამაც დაადასტურა. შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში და დასავლეთის ბევრ ქვეყანაში "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
კაცმა თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ ჰამასის ლიდერის სიკვდილმა შეიძლება შესაძლებელი გახადოს ღაზის სექტორიდან ისრაელელი მძევლების გათავისუფლება და პალესტინელების ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობას ამ მიზნების მისაღწევად.
"სქაი ნიუს არაბია" წყაროებზე დაყრდნობით აზუსტებს, რომ სინვარი ეგვიპტის საზღვარზე, ქალაქ რაფაში მოკლეს. ისრაელის მე-12 არხის ცნობით, ისრაელის თავდაცვის არმიამ არ იცოდა, რომ ჰამასის ლიდერი იმყოფებოდა შენობაში, რომელზეც დარტყმის განხორციელება ითხოვეს. თავდასხმის შემდეგ, შენობის დათვალიერებისას, სამხედრო მოსამსახურეებმა იპოვეს მამაკაცის ცხედარი, რომელიც სინვარს ჰგავდა. მედიით გავრცელებული ცნობების თანახმად, სინვარის ამოცნობა ადვილი იყო, რადგან ის წარსულში ისრაელის ციხეში იმყოფებოდა და ხელისუფლებას ჰქონდა მისი დნმ.
"ჰამასმა" თავიდან განაცხადა, რომ სინვარის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სინვარი "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი აგვისტოს დამდეგს გახდა. მან ამ პოსტზე შეცვალა ისმაილ ჰანიე, რომელიც ივლისის ბოლოს იქნა მოკლული თეირანში მის რეზიდენციაზე მიტანილი იერიშის შედეგად.
სინვარი, რომელმაც ზრდასრული ცხოვრების ნახევარი ისრაელის ციხეებში გაატარა, "ჰამასის" ყველაზე გავლენიანი ლიდერია, ვინც ცოცხალი დარჩა ჰანიეს მკვლელობის შემდეგ.
სინვარი მიიჩნევა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორად. მაშინ ჯიჰადისტთა თავდასხმას 1200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250-ზე მეტი მძევლებად წაიყვანეს ღაზის სექტორში. მძევალთა ნაწილი ისრაელსა და ჰამასს შორის გარიგების შედეგად გაცვალეს. სექტემბრის დამდეგისთვის ჰამასის ხელში რჩებოდა ასზე ნაკლები მძევალი. ისრაელი ფიქრობს, რომ მათგან დაახლოებით 40 დაღუპულია.
შარშან ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ფართო მასშტაბის სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ისრაელის იერიშის შედეგად უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა 42 ათასზე მეტი პალესტინელი, ძირითადად - ქალები და ბავშვები. ღაზის სექტორის ჯანდაცვა არ აზუსტებს, თუ რამდენი პალესტინელი მებრძოლია დაღუპულთა შორის.
Facebook Forum