ჯო ბაიდენი თეთრ სახლში აზიელ პარტნიორებს უმასპინძლებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს თეთრ სახლში პირველ შეხვედრას მასპინძლობს, რომელსაც ინდოეთ-წყნარი ოკეანის ქვეყნების რამდენიმე ლიდერი პირადად დაესწრება. აზიელ პარტნიორებთან შეხვედრა რთული დიპლომატიური კვირის დასასრული იქნება ბაიდენისთვის, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში როგორც მოკავშირეების, ასევე მოწინააღმდეგეების კრიტიკის სამიზნე იყო.

ასევე ნახეთ: ბერლინი და პარიზი აცხადებენ, რომ ამერიკამ მოკავშირეების ნდობა შეარყია

თეთრ სახლში დანიშნულ ვიზიტს ინდოეთის, იაპონიისა და ავსტრალიის ლიდერები დაესწრებიან. ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ ქვეყნებთან შეხვედრით პრეზიდენტს საშუალება მიეცემა მისი საგარეო პოლიტიკის აქცენტები გამოკვეთოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ ფონზე, როდესაც ამერიკა ჩინეთის ეკონომიკური საქმიანობის და სამხედრო მანევრირების გამო შეშფოთებას გამოხატავს.

შეხვედრაზე ლიდერები ისაუბრებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ინიციატივაზე, ელექტრო ჩიპების მომარაგების ჯაჭვზე და აზიის ამ ქვეყნებიდან სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის დასაცავად ამერიკულ უნივერსიტეტებში მეტი სტუდენტის ჩამოყვანის გეგმაზე.

დღევანდელ სამიტამდე იაპონიის და ინდოეთის მთავრობები მიესალმნენ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის გეგმას, რომ მათ ავსტრალია ბირთვულ საწვავზე მომუშავე წყალქვეშა ნავებით მოამარაგონ.