ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს. ეს ინფორმაცია მათ შორის ოთხშაბათს გამართული სატელეფონო ზარის შემდეგ თეთრმა სახლმა გაავრცელა. მაკრონთან სატელეფონო საუბარი ბაიდენმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც პარიზსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში სინანულის ტონი იგრძნობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიუდგა აშშ, ბრიტანეთთან ერთად, ავსტრალიისთვის წყალქვეშა ნავების მიყიდვის საკითხს. შეთანხმების თანახმად, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები ავსტრალიას, ბირთვულ საწვავზე მომუშავე, სულ ცოტა, რვა წყალქვეშა ნავს მიყიდიან. ვაშინგტონთან და ლონდონთან შეთანხმების მიღწევამდე, კანბერამ საფრანგეთთან მანამდე დადებული, 66 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი ცალმხრივად და პარიზისთვის მოულოდნელად გააუქმა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრის დროს მხარეები "შეთანხმდნენ, რომ სიტუაცია უკეთესად განვითარდებოდა მოკავშირეებს შორის ღია კონსულტაციები თუ გაიმართებოდა საფრანგეთისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებით".
მაკრონი და ბაიდენი ერთმანეთს ოქტომბრის ბოლოს რომში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდებიან.
შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები წყალქვეშა ნავების კონტრაქტის გარშემო განვითარებულ სიტუაციას ფრთხილი დიპლომატიური ნაბიჯებით პასუხობენ. ოფიციალურმა პარიზმა ვაშინგტონის ეს ნაბიჯი "ნდობის კრიზისად შეაფასა", ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი მას "ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა.
Facebook Forum