ჯო ბაიდენმა, გაეროს გენერალურ ასამბლეას პრეზიდენტის რანგში პირველად მიმართა. კოვიდ-19-ის პანდემია, კლიმატის ცვლილებები, ადამიანის უფლებები - ეს არის საკითხები, რის რომელთა შესახებაც პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ მსოფლიომ სწრაფად და ერთობლივად უნდა იმოქმედოს.
„ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი კეთილდღეობა და ჩვენი თავისუფლებები ერთმანეთთან ისე არის დაკავშირებული, როგორც არასდროს“ - პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ გლობალური გამოწვევების წინაშე მსოფლიოს უპრეცედენტო თანამშრომლობაა საჭირო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ამერიკა მსოფლიო ფორუმების მაგიდას დაუბრუნდა, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.“ ეს წინადადება უპირისპირდება მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულ დოქტრინას, - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“
პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, პრობლემების გადასაჭრელად, სამხედრო ძალა უკანასკნელი უნდა იყოს, რასაც შეერთებული შტატები მიმართავს. „აშშ-ის სამხედრო ძალა უნდა იყოს ჩვენი უკანასკნელი საშუალება და არა უპირველესი. ის არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც პასუხი ყველა პრობლემაზე, რასაც ჩვენ მთელს მსოფლიოში ვხედავთ”- თქვა მან.
ასამბელის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა ავღანეთის ომის დასრულების შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამერიკის დიპლომატიაზე ორიენტირებული მსოფლმხედველობის მნიშვნელობას.
„ჩვენ დავასრულეთ 20 წლიანი კონფლიქტი ავღანეთში. და რამდენადაც ჩვენ დავამთავრეთ დაუნდობელი ომის ეს პერიოდი, ჩვენ ვიწყებთ დაუღალავი დიპლომატიის ახალ ეპოქას… მსოფლიოს ხალხთა დასახმარებლად“ - განაცხადა, პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ასამბლეის ფარგლებში, პრეზიდენტი ბაიდენი ასამდე სახელმწიფო მეთაურს შეხვდება. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დაგეგმილია შეხვედრა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან. მოგვიანებით ის შეხვედრას ბრიტანეთის პრემიერთან, ბორის ჯონსონთან გამართავს.
გასულ წელს, პანდემიის გამო, გაეროს გენერალური ასამბლეა სრულად ონლაინ რეჟიმში წარიმართა. წელს მსოფლიო ლიდერების ნაწილი ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში იმყოფება, ნაწილი ასამბლეას კვლავს ონლაინ რეჟიმში მიმართავს.