ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CDC-ის დირექტორი დამოუკიდებელ მრჩეველთა გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა


დღეს, ცნობილი გახდა, რომ როშელ ვალენსკიმ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, შეცვალა დამოუკიდებელ მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ერთი დღით ადრე მიიღეს. ხუთშაბათს პანელმა უარი თქვა დაემტკიცებინა "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისაც მაღალი რისკი სამუშაო ადგილის გამო ექმნება. დამოუკიდებელმა საბჭომ ე.წ. ბუსტერები მხოლოდ 65 წლის ზევით ამერიკელებისთვის და ასევე დასუსტებული იმუნიტეტის მქონეთათვის დაამტკიცა.

როშელ ვალენსკი, CDC-ის დირექტორი
როშელ ვალენსკი, CDC-ის დირექტორი

ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, როცა ცენტრის დირექტორი საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას ცვლის. თუმცა, როშელ ვალენსკის ნაბიჯი სრულ თანხმობაშია აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ავტორიზაციასთან, რომელმაც მანამდე "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზა მოსახლეობის უფრო ფართო ნაწილისთვის დაამტკიცა.

ე.წ. ბუსტერის ადმინისტრაციის ნებართვა სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის აქტის საფუძველზე გასცა და ის მოსახლეობის რამდენიმე ჯგუფს მოიცავს. ესენია: 65 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში მყოფი ამერიკელები; ისინი, ვისაც სუსტი იმუნიტეტის გამო მწვავე დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვს და ასევე ის ადამიანები, ვისაც ინფიცირების წყაროსთან უფრო ხშირი შეხება უწევს. ამ უკანასკნელში შედიან ჯანდაცვის მუშაკები, თუ სკოლებში, სასურსათო მაღაზიებში, თავშესაფრებში, პენიტენციალურ დაწესებულებებში დასაქმებულები.

სწორედ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გაჩნდა უთანხმოება როშელ ვალენსკის და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრთან მოქმედ დამოუკიდებელ მრჩეველთა საბჭოს შორის. ვალენსკი ამბობს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფ ცენტრს გადაწყვეტილების მიღება რთულ და ხშირად არასრულყოფილ მონაცემებზე დაყრდნობით უხდება, თუმცა მის მიერ გადადგმული ნაბიჯი სრულ შესაბამისობაშია FDA-ის მიერ ბუსტერებთან დაკავშირებით გაცემულ ავტორიზაციასთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG