ბელარუსის ოპოზიცია პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს

ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება. ხალხი კვლავ ქუჩაშია გამოსული და 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ხმათა 80% აიღო, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანუსკაიამ 10%. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია.

ვალერი ცეპკალა, ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს და რომელსაც ქვეყნის დატოვება მოუწია ამბობს, რომ სამი დამოუკიდებელი ონლაინ პლატფორმის მიხედვით, რომლებიც არჩევნების დროს ხმებს ითვლიდნენ, სინამდვილეში სვიატლანა ციხანუსკაიამ ხმათა 80%-მდე რაოდენობა აიღო, ხოლო ლუკაშენკომ 10%. ის განმარტავს, რომ ხალხი ხმას აძლევდა, არამარტო ოპოზიციის სასრგებლოდ, არამედ, პირველ რიგში, ლუკაშენკოს საწინააღმდეგოდ. „მივეჩვიეთ კიდეც, რომ ლუკაშენკო ყოველთვის აყალბებდა არჩევნებს. 10-20% ყოველთვის უმატებდა ხოლმე რეალურ მაჩვენებლებს, თუმცა ამჯერად ეს იყო წარმოუდგენელი“, ამბობს ცეპკალა.

ასევე ნახეთ: ციხანუსკაია: "განაგრძეთ და გააფართოეთ გაფიცვები"

აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში ხმები გაყალბებულია. „ჩვენ მყარად ვდგავართ ბელარუსი ხალხის უკან, რათა განვსაზღვროთ მათი ბედი“, თქვა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა. განცხადება მან პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ევროპის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ისინი სწორედ ბელარუსის საკითხის შესახებ მსჯელობდნენ.

„ევროკავშირი მალე სანქციებს დაუწესებს იმ ინდივიდუალურ პირებს, ვისაც ბრალი მიუძღვით ძალადობაში, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში“, თქვა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ: ევროკავშირის სანქციები ბელარუსს - რა შეუძლია ევროპას?

ამის პარალელურად, კი ბელარუსის მთავრობა აგრძელებს ზეწოლას ოპოზიციაზე. სვიატლანა ციხანუსკაია, ოპოზიციის ლიდერი, რომელიც იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, ლიეტუვაშია და იქიდან გამოთქვამს მზადყოფნას ქვეყნის ლიდერის როლი მოირგოს. მარტივი არაა ბრძოლა იმ ოპოზიციონერებისთვისაც, ვინც ქვეყანაში დარჩა. მათ გენერალური პრკურორი კონსტიტუციური წყობის შეცვლის მცდელობაში სდებს ბრალს.

ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციას ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს წევრი ოლგა კოვალკოვა ესაუბრა: „ჩვენი მიზანი არ არის რაიმე ფორმით შევცვალოთ კონსტიტუციური წყობა. არცერთ ბრალდებას, რომელიც ახლა გენერალური პროკურორისგან ისმის, არ აქვს რაიმე ტიპის საფუძველი. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენს ქმედებებში რაიმე ტიპის დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ აქვს. ამ განცხადებებს ვაფასებთ, როგორც პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას. წნეხის ქვეშაა ყველა ადამიანი, ვინც ბელარუსი ხალხის სურვილს ახმოვანებს 9 აგვისტოს შემდეგ. ვაპირებთ საჩივარი შევიტანოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და უზენაეს სასამართლოში. ჩვენ ისევ არ ვეთანხმებით არჩევნების შედეგებს“.

ასევე ნახეთ: რა ბედი ელის ბელარუსს?

კოვალკოვა და ოპოზიციის სხვა წევრები ლუკაშენკოს სთავაზობენ გამოიყენოს პლატფორმა, რომელიც მათ შექმნეს და დიალოგში მიიღოს მონაწილეობა, რათა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდეს და შესაძლებელი იყოს ბელარუსში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება: “ლუკაშენკო ამბობს, რომ არ არის მზად ხალხთან დიალოგისთვის, ამიტომ ჩვენ მას ვთავაზობთ პლატფორმას იმისთვის, რომ დიალოგში თავად თუ არ სურს მონაწილეობის მიღება, მაშინ მის გარშემო არსებობენ ადამიანები, ვინც ბელარუსში იღებს გადაწყვეტილებებს და ვთავაზობთ მათ, რომ შეაფასონ და დაინახონ ის კრიტიკული სიტუაცია, რომელიც ბელარუსშია და გამოვიდნენ დიალოგზე საკუთარ ხალხთან. დღეს ისინი ომს აწარმოებენ [ხალხის წინააღმდეგ] და ეს ომი ცუდად დამთავრდება მთელი ქვეყნისთვის“, ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.

ასევე ნახეთ: პომპეო ბელარუსი ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს

რთული გამოსაცნობია როგორ განვითარდება მოვლენები ბელარუსში. თუმცა, ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ დასავლეთს შეუძლია თავისი პოზიტიური როლი ითამაშოს ამ საკითხში, აღიაროს ოპოზიციონერი ციხანუსკაიას გამარჯვება, მხარი დაუჭიროს მას და მისცეს საშუალება 6 თვის ვადაში ორგანიზება გაუწიოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ბელარუსში.