ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაეხმება, კრემლს ამისთვის ძვირი საფასურის გადახდა მოუწევს. განცხადება სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის შემდეგ გააკეთა.
სამხედრო ალიანსის შეკრებაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ უკრაინის საზღვართან რუსეთის ქმედებები გახდა. ბოლო კვირების განმავლობაში კრემლი უკრაინის საზღვართან როგორც ჯარის, ისე სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ახდენს.
ასევე ნახეთ: უკრაინა რუსეთისგან თავდასხმას ელოდება - მოსკოვი ამბობს, რომ არა„რუსეთს მოუწევს ძვირი ფასის გადახდა, თუ ისინი კვლავ გამოიყენებენ ძალას დამოუკიდებელი ერის, ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ,“- ამბობს სტოლტენბერგი.
ის, რომ კრემლს აგრესიული ქმედებები ძვირი უჯდება, დასავლეთმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა. ამას მოწმობს წლების განმავლობაში რუსეთისთვის დაწესებული, ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სანქციებიც.
ნატოს მინისტერიალში მონაწილეობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი. რიგაში მყოფმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი მანამდეც გააფრთხილა და თქვა, რომ თუ კრემლი კიევს თავს დაესხმება, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
„რუსეთის ნებისმიერი ესკალაციური ქმედება ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთებას გამოიწვევს, თუ იქნება ნებისმიერი განახლებული აგრესია, ეს სერიოზულ შედეგებს მოიტანს,“- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონი მოსკოვს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებსრიგაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, როგორც ენტონი ბლინკენმა თქვა, განხილული იქნება სამომავლო ნაბიჯებიც, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებას გააძლიერებს.
რაც შეეხება უკრაინას, ამერიკის შეერთებული შტატები კიევს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში წლებია ეხმარება. სამხედრო დახმარება 2014 წლის შემდეგ გაცილებით გაიზარდა, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ყირიმის ანექსია მოახინა.
უკრაინის საზღვართან ახლოს ამ დროისთვის ათობით ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული და მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა. კრემლში ამბობენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ გეგმავენ.