ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი მოსკოვს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს


ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთს უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზება აქვს გამოცხადებული, რის გამოც რეგიონში დაძაბულობა იზრდება. ვაშინგტონი ვითარებას ყურადღებით აკვირდება.

თეთრ სახლში ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ ბაიდენის პრეს-სპიკერმა რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდა. ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი შეწუხებულია მოსკოვის სამხედრო ქმედებებით.

მზარდი დაძაბულობის ფონზე კიევი ამერიკისა და ევროკავშირის მხარდაჭერის მობილიზებას განაგრძობს. ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები ვაშინგტონში და ბრიუსელში გამართა. ის შეხვდა როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ასევე ნატოს გენერალურ მდივანს და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს.

უკრაინის თავდაცვის მდივანი კი ლოიდ ოსტინს შეხვდა. შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვსა და ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა.

რეზნიკოვმა მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობისკენ მოუწოდა. ამერიკის თავდაცვის მდივანმა კი განაცხადა, რომ ის არ არის „დარწმუნებული ზუსტად რას აპირებს ვლადიმირ პუტინი“

არსებული ინფორმაციით უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა სამხედრო აქტივობაა რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან და თქვა, რომ ესკალაციის შემთხვევაში ეს ვითარება შესაძლოა კატასტროფული შედეგებით დასრულდეს.

ამერიკის ოთხვარსკვლავიანი გენერალი კიევს მხარდაჭერას ჰპირდება. ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ პენტაგონი რუსეთის ქმედებებს დეტალურად აკვირდება და ვითარებას სწავლობს. ამერიკის თავდაცვის მდივანი უკრაინაში 2 კვირის წინ იმყოფებოდა, მანამდე კი პირველ სექტემბერს ამერიკასა და უკრაინას შორის სტრატეგიული თავდაცვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. ვრცლად იხილეთ აქ

კრემლში ამბობენ, რომ სამხედროები რუსეთისავე ტერიტორიაზე გადაადგილდებიან და ამაში საგანგაშო არაფერია. მოსკოვი დასავლეთს მოუწოდებს არ გადაკვეთოს „პუტინის წითელი ხაზები", რაც რეგიონში ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.

მოსკოვში ამბობენ, რომ უკრაინა არა თუ ნატოს წევრი ქვეყანა არ უნდა გახდეს, არამედ უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს თავდაცვითი შეიარაღების განთავსებაც დაუშვებელია.

პუტინის შიშები და წითელი ხაზები უკრაინაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:18 0:00

მაშინ, როცა კრემლი "წითელ ხაზებზე" საუბრობს, ნატოსა და ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გადაწყვეტილებებზე მესამე ქვეყანა გავლენას ვერ მოახდენს. სექტემბერში პუტინს რუსეთის საზღვრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეახსენა. კიევი ამბობს, რომ "პუტინის წითელი ხაზები" რუსეთის საზღვართან სრულდება.

ამერიკასთან გაფორმებული სტრატეგიული თავდაცვის ჩარჩო ხელშეკრულების შემდეგ კიევმა ხელშეკრულება ლონდონთანაც გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა კვირის დასაწყისში მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო საჭიროებისთვის თანხას გამოუყოფს, რომელსაც უკრაინა შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებისთვის გამოიყენებს.

მზარდი დაძაბულობის ფონზე კრემლში ამბობენ, რომ ანექსირებულ ყირიმში ახალ სადესანტო ლეგიონს განათავსებენ. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამით უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებისა და სამხედროების მობილიზება დასრულდება. ანექსირებულ ყირიმში რუსული პოლკის განთავსება კი საერთაშორისო წესებს არღვევს. ვრცლად იხილეთ აქ

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG