ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და საქართველოს კრიტიკა ევროპარლამენტარებს


აღმოსავლეთ პარტიორობის წევრი ქვეყნების შეხვედრა
აღმოსავლეთ პარტიორობის წევრი ქვეყნების შეხვედრა

დეკემბერში, საქართველო, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრის ფოკუსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ასოცირებული ქვეყნების პროგრესის შეფასება იქნება. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპარლამენტარებს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას კრიტიკულად აფასებენ, არაერთხელ დაესხნენ თავს.

საქართველოს ხმამაღლა გაჟღერებული აქვს განზრახვა იმის თაობაზე, რომ 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს. ეს „ქართული ოცნების“, ანუ მმართველი გუნდის 2020 წლის პარლამენტის წინასაარჩევნო დაპირებათაგან ერთ-ერთი გახლდათ. 2020 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გაახმოვანა დაპირება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ შექმნიდა „ყველა პირობას, რათა საქართველომ 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე“.

ევროკავშირში გაწევრიანების გზა რთული პროცესია და ამ რიგში არაერთი ქვეყანა დგას. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ფორმატია "აღმოსავლეთ პარტნიორობა".

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივა, რომელიც საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანს, სომხეთსა და ბელარუსს მოიცავს, შვედეთსა და პოლონეთს ეკუთვნის და ის 2009 წელს შეიქმნა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ჩამოყალიბების მიზანი ის გახლდათ, რომ ბრიუსელს ამ ქვეყნებისთვის, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ახალი ინსტრუმენტები შეეთავაზებინა.

ენდრიუს კუბილიუსი "პოლიტიკის ინსტიტუტის" შეხვედრაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:33 0:00

მას შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროკავშირთან ინტეგრაციის ინტერესებიდან გამომდინარე, სამი განსაკუთრებით დაწინაურდა „აღმოსავლეთ პარტიონობის ტრიოში“ ახლა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იგულისხმება. ვინაიდან ამ სამი ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში ევროკავშირის სრული წევრობის პერსპექტივა ხანგრძლივვადიანად გამოიყურება, საქართველოს მეგობრები გარკვეული ახალი ინსტრუმენტების ძიებაში არიან. ერთ-ერთი მათგანის თაობაზე ლიეტუვის ყოფილი პრემიერი და ამჟამად "ევრონესტის" თანათავმჯდომარე ენდრიუს კუბილიუსმა არაერთგზის გააჟღერა.

ევრონესტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის კომუნიკაციასა და დაახლოებაზეა ორიენტირებული და პარტნიორობის საპარლამენტო განზომილებაა.

„არც ფოტიგა და არც კუბილიუსი და არც არავინ ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბულიუსის. ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. მე ერთი მინდა ვუთხრა: ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებას და მართლმსაჯულების აღსრულებას ვერავინ ვერ აღუდგება და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ. მე მინდა, შევახსენო თქვენს მიერ ჩამოთვლილ ამ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ პირადი ნაცნობობა აკავშირებთ სააკაშვილთან, პირადი მეგობრობა... რატომ ბედავენ ამდენს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა 20 ოქტომბერს.

იქამდე კი, 19 ოქტომბერს, ონლაინ პლატფორმით, კონფერენციაზე, რომელიც „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ მოამზადა, ევრონესტის თანათავმჯდომარე ენდრიუს კუბილიუსი კიდევ ერთხელ შეხვდა მედიისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს და საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

კუბილიუსი ფიქრობს, რომ "თუ ამ ეტაპზე არ გვაქვს მკაფიო, რეალისტური პერსპექტივა ევროკავშირის სრული წევრობის თაობაზე ამ სამი ქვეყნისთვის, მაშინ, მოდით, ჩავუშვათ რაღაც შუალედური და ამავდროულად რეალისტური სტატუსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ასოცირების [შეთანხმების ხელმომწერ] ამ სამ ქვეყანას ისარგებლონ ევროკავშირის სარგებელთა უმრავლესობით, მისი სიკეთეებით, ევროკავშირის სრული წევრობის გარეშე. რომანო პროდის ფორმულა ამის შესაძლებლობას იძლევა“,- ამბობს ენდრიუს კუბილიუსი.

რომანო პროდის (იტალიელი პოლიტიკოსი, 1999-2004 წლებში ევროკომისიის პრეზიდენტი) ფორმულა გულისხმობს წევრობის კანდიდატებისთვის ერთგვარ შუალედურ სტატუსს, რომლითაც მათ მიეცემათ წვდომა, ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და გადაადგილების, მუშახელის თუ სხვა თავისუფლებებზე, ოფიციალური წევრობის გამოკლებით. ისინი ისარგებლებენ ყველა სიკეთით, მხოლოდ მონაწილეობას ვერ მიიღებენ ევროკავშირის ინსტიტუციების სამუშაო პროცესში და ვერ იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებები.

„რასაც ბოლო წელია ჩვენ ვხედავთ, იწვეევს საზოგადოების ფრუსტრაციას როგორც სამივე ასოცირებულ ქვეყანაში, ისე ევროკავშირის პოლიტიკოსებს შორის. იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მხრიდან არ გვაქვს გამოკვეთილი პერსპექტივა ამ სამი ქვეყნის წევრობაზე, რა შეიძლება იყოს მოტივაცია ამ მდგომარეობის შესაცვლელად? მე ვხედავ ამ მიმართულებით გარკვეულ ფაქტებს. ქვეყნებში გაიზრდება პოლარიზაციის ხარისხი და სულ უფრო და უფრო ნაკლები ყურადღება დაეთმობა ევროინტეგრაციის საკითხებს. ჩვენ დაახლოებით, შეიძლება წარმოვიდგინოთ, სად მიგვიყვანს ეს მდგომარეობა, თუ ის უცვლელად შენარჩუნდება მომავალი ათი წლის მანძილზე... იმედი გვაქვს, რომ სამიტზე უფრო ღრმად განიხილება საკითხი და იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ რა ცვლილებაა შესაძლებელი ხედვაში ევროკავშირის მხრიდან, ასოცირებულ ტრიოსთან მიმართებით,“- განაცხადა კუბილიუსმა შეხვედრაზე.

თბილისში დაფუძნებული, პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი კორნელი კაკაჩია "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ კუბილიუსის მიერ გაჟღერებული ინიციატივა მნიშვნელოვანია და აქ გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მისი შინაარსი, არამედ დროის ფაქტორიც. კერძოდ კი ის, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნებს შორის, განაცხადის გაკეთების პერიოდისთვის, საქართველოს ბევრი მეგობარი იქნება.

„ამ ინიციატივის მთავარი არსი ის გახლავთ, რომ დაეხმაროს ამ სამ ასოცირებულ ქვეყანას გარდამავალ პერიოდში. სანამ ფორმალურად, ევროკავშირი მზად იქნება მიიწვიოს ისინი და მისცეს რეალური პერსპექტივა. ეს ინიციატივა იმისთვისაა, რომ გარდამავალ პერიოდში იყოს შემოთავაზებული ყველა ის ბენეფიტი, რაც აქვს ევროკავშირის წევრს და მასთან ასოცირებულ ისეთ წევრებს, როგორიცაა ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია... თუ კუბილიუსის წინადადებას ხორცი შეესხმება, ეს იმას ნიშნავს, რომ ასოცირებული ტრიო 70 პროცენტით მაინც იქნება ინტეგრირებული ევროკავშირის სისტემასთან ეკონომიკურად, ტრანსპორტის სფეროში და სხვა. ანუ, იქნება ყველაფერი, გარდა წევრობისა. ეს არაა ახალი იდეა. ეს იდეა ეკუთვნის ევროკავშირის მაღალჩინოსანს რომანო პროდის და ეს ფორმულა წარმატებით იქნა გამოყენებული 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის დროს,“- გვეუბნება კორნელი კაკაჩია.

ენდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ევროკავშირში ამ ეტაპზე არ ხედავენ გაფართოების ინტერესს. „თავიდანვე ვიცოდით, რომ ვესუბრებოდით ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც ყოველთვის საწუწუნოდ ექნებოდათ საქმე. ევროკავშირის წარმომადგენლები თქვენგან ისმენენ „ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული მიდგომა,“ „ჩვენ ვართ სუსტები“. ისინი [ევროკავშირიდან] მეუბნებიან, რომ თუ ასეა და თუ ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებთ, წითელ ჯვარს უნდა მიმართონ და არა ევროკავშირს წევრობა მოითხოვონო. ჩემი კიდევ ერთი რჩევაა ქართველი პოლიტიკოსებისთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის, რომ წავიდნენ ბრუსელში, ოღონდ არა იმისთვის, რომ ამტკიცონ, თითქოს თვითონ არიან მართლები და მოწინააღმდეგე დამნაშავე (რასაც ჩვეულებრივ აკეთებენ), არამედ უნდა დაამტკიცონ, რომ საქართველოს შეუძლია წინსვლა,“- ამბობს კუბილიუსი.

ევროკავშირთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავა კუბილიუსის წინადადებას ეხმიანება და "ამერიკის ხმასთან" აღნიშნავს, რომ ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს ვინმე ცდილობს რამით ჩაანაცვლოს წევრობის ამბიცია.

„საუბარია იმაზე, რომ წევრობა შეიძლება იყოს ძალიან კარგი მიზანი შორეულ პერსპექტივაში, რომლისკენაც ჩვენ გავარძელებთ სვლას, თუმცა, მანამდე საჭიროა შუალედური მიზანი. ეს დაგვეხმარება ჩვენი ძირითადი მიზნისკენ კონცენტრირებულ სვლაში, რათა არ გამოეცალოს რეფორმებს ინტერესი, გაგრძელდეს პროგრესი ქვეყნებში დემოკრატიული სტანდარტის დანერგვის თვალსაზრისით, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით და სხვა. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. ის მოდის ევროკავშირიდან. ძალიან ცოტა არიან ევროკავშირში ის ევროპელი პოლიტიკოსები, ვინც ამ საკითხებით ასე სერიოზულად არიან დაინტერესებული და პროცესის შიგნიდან ლობირება შეუძლიათ. ამიტომაა დასაფასებელი მათი ინიციატივები განსაკუთრებულად,“- ამბობს თამარ ხულორდავა.

თუმცა, ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ევროპარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებები და დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეკითხვას აჩენს იმაზე, თუ რამდენად იქონიებს ეს გავლენას, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე. ხულორდავა, რომელიც "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატია, ამბობს, რომ ეს ბრიუსელისა და თბილისის ურთიერთობაზე აისახება.

„მე მგონია, ეს შიდა დაპირისპირებები ქვეყანაში პარტიებს შორის, ჩვენ გვაბრკოლებს. მათ გარეშე უკეთესი შანსები გვექნებოდა. რაღაც შესაძლებლობები, ალბათ, ხელიდანაც გავუშვით... შიდა პარტიული დაპირისპირებები ქვეყნის შიგნით, პერსონალიებზე დაყვანილი და არა იმდენად შინაარსობრივი აზრთა სხვადასხვაობები დაბრკოლებებს გვიქმნის და გვიქმნიდა. ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ,“- ამბობს თამარ ხულორდავა.

კორნელი კაკაჩია კი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დააყენოს ვიწრო პარტიული ინტრესები, ქვეყნის ინტერესებზე წინ.

„ხელისუფლებას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ უარი თქვას სტრატეგიული მიზნების განხორციელებაზე საკუთარი, ვიწრო პარტიული ინტერესების ხარჯზე,“- ასეთი გახლავთ კორნელი კაკაჩიას შეფასება.

ენდრიუს კუბილიუსის თქმით, ევროკავშირის წევრობის გზაზე "ასოცირებული ტრიო" (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ერთობლივად უნდა მოქმედებდნენ. ეს, მისი აზრით, უფრო გააძლიერებს ამ სამეულს და პოლიტიკურ წონას შემატებს მათ მიზნებს. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით კი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მომზადებული დეკლარაციის პროექტში (რომელიც 15 დეკემბერს, აღმოსავლეთ პარტიორობის სამიტზე უნდა მიიღონ), „პარტნიორობის ტრიო“ ნახსენები არ არის.

25 ოქტომბერს, პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მეთაურებმა ონლაინ ფორმატის შეხვედრა გამართეს.

თუმცა, მოახერხებს თუ არა სამი ქვეყანა ერთობლივ პოზიციონირებას პარტნიორობის მომავალ სამიტზე, ფიქრობენ, თუ არა, რომ ეს არის მათ ინტერესში, მიიღებენ მეტს მეტისთვის, თუ ნაკლებს ნაკლებისთვის, იმ ფონზე როცა ქვეყანა კიდევ ერთ კრიზისს უმკლავდება, რთული სათქმელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG