უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის ჯარების მობილიზება ვაშინგტონში მწვავე რეაქიას იწვევს. ამერიკელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ რუსეთის ამ ქმედებებს შესაძლოა ახალი კონფლიქტი მოყვეს. ოფიციალური კიევის ცნობით, ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის საზღვართან 90 000 რუსი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის დროს თქვა, რომ ვაშინგტონი „ძალიან მჭიდროდ აკვირდება“ მიმდინარე მოვლენებს.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობებით,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში.
გასულ კვირას ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრები გამართა უკრაინის თავდაცვის მინისტრმაც. მან თქვა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების მოსაგერიებლად.
„ჩვენი დაზვერვა, ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად მუშაობს და ისინი თავის საქმეს აკეთებენ. ჩვენ ვადარებთ ინფორმაციებს. ჰიბრიდულ ომში უკვე 8 წელია ვცხოვრობთ და ეს აღარ გვიკვირს,“- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ამერიკის ოთხვარსკვლავიან გენერალთან შეხვედრის დროს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა პენტაგონს მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.
„მინდა დაგამშვიდოთ, როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, რათა ქვეყანამ დაიცვას თავი. ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია,“- განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.
რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება,- ამბობენ სპეციალისტები. უკრაინის თავდაცვის გენერლები ფიქრობენ, რომ რუსეთი უკრაინას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზებით მიაყენებს დარტყმებს. გამოყენებული იქნება სხვადასხვა შეიარაღება ამბობენ უკრაინაში. შესაბამისად, უკრაინა თავდაცვით მექანიზმებს აძლიერებს.
თავდასხმა 2022 წელს იგეგმება, ინფორმაციას კიევი უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. კრემლში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესები 2008 წლის ვითარებას ჰგავს.
სამხედრო ანალიტიკოსები დეტალურად სწავლობენ, რუსი სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას. მათ ამაში სატელიტური ფოტოები ეხმარება.
„რამდენიმე დამატებითი რუსული შენაერთი განლაგდა უკრაინის საზღვართან უფრო ახლოს, ეს ბატალიონი სავარაუდოდ, ჩვენი აზრით არის რუსეთის მეოთხე სატანკო დივიზია, რომელიც ჩვეულებრივ განთავსებულია მოსკოვის ირგლივ,“-ამბობს მეისონ კლარკი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუსეთის მიმართულების ხელმძღვანელი.
კლარკს ამ დროისთვის ღია წყაროებით გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებზე აქვს წვდომა და აქვე განმარტავს, რომ უფრო მეტი დეტალი პენტაგონისთვის იქნება ნათელი. ამ მონაცემებზე დაფუძნებით კი ამბობს, რომ ახლა შედარებით მცირეა რუსი სამხედროების მობილიზება, ვიდრე 2020 წლის გაზაფხულზე იყო.
„ამერიკული დაზვერვის განცხადებები და გაფრთხილებები შეიძლება ეფუძნებოდეს რუსების გადაადგილებების ისეთ ინფორმაციას, რომელზეც წვდომა ჩვენ არ გვაქვს,“- ამბობს კლარკი. მკვლევარი ფიქრობს, რომ რუსეთის ახალი შეტევა პუტინის მიზანს ემსახურება.
კლარკი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთს ეს ომი ძვირი დაუჯდება და ხარჯები კოლოსალური იქნება, რადგან 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს უკრაინელი ჯარისკაცების განათლება და გამოცდილება 2021 წელს გაცილებით გაზრდილია.
კრემლში ამბობენ, რომ სამხედროები რუსეთისავე ტერიტორიაზე გადაადგილდებიან და ამაში საგანგაშო არაფერია. მოსკოვი დასავლეთს მოუწოდებს არ გადაკვეთოს „პუტინის წითელი ხაზები", რაც რეგიონში ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.
მოსკოვში ამბობენ, რომ უკრაინა არა თუ ნატოს წევრი ქვეყანა არ უნდა გახდეს, არამედ უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს თავდაცვითი შეიარაღების განთავსებაც დაუშვებელია.
ამერიკასთან გაფორმებული სტრატეგიული თავდაცვის ჩარჩო ხელშეკრულების შემდეგ, კიევმა ხელშეკრულება ლონდონთანაც გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა კვირის დასაწყისში მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო საჭიროებისთვის თანხას გამოუყოფს, რომელსაც უკრაინა შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებისთვის გამოიყენებს.
მზარდი დაძაბულობის ფონზე, კრემლში ამბობენ, რომ ანექსირებულ ყირიმში ახალ სადესანტო ლეგიონს განათავსებენ. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამით უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებისა და სამხედროების მობილიზება დასრულდება. ანექსირებულ ყირიმში რუსული პოლკის განთავსება კი საერთაშორისო წესებს არღვევს. ვრცლად იხილეთ აქ.
სტატია მოამზადა "ამერიკის ხმის" უკრაინულმა რედაქციამ.
Facebook Forum