ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პუტინის უგუნური ქმედება“ - კრემლმა კოსმოსში რაკეტა ისროლა 


რუსეთმა კოსმოსური თანამგზავრების საწინააღმდეგო რაკეტა გამოსცადა, რომელმაც ძველი რუსული უმოქმედო თანამგზავრი გაანადგურა. თანამგზავრის „კოსმოსი-1408“ განადგურებამ აფეთქების დროს წარმოქმნილი ნარჩენებით, კოსმოსში სხვადასხვა მისიებს რეალური საფრთხე შეუქმნა.

კრემლის ქმედებას მალევე გამოეხმაურნენ ვაშინგტონში. შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების მეთაურის, ჯეიმს დიკინსონის თქმით, რუსეთი უგულებელყოფს კოსმოსური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურ მდგომარეობას. მეტიც, ამერიკელი გენერალი ამბობს, რომ თანამგზავრის ნარჩენები დიდი ხნის განმავლობაში საფრთხეს შეუქმნის სხვადასხვა ქვეყნების მისიებს, თანამგზავრებს და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსაც კი.

მათთვის, ვისაც კოსმოსში ტურიზმზე ხელი არ მიუწვდება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00

ახალი რაკეტის გამოცდით და თანამგზავრის განადგურებით ამ დროისთვის კოსმოსში 1 500-ზე მეტი ნარჩენი წარმოიქმნა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიშლება, რაც მათ რაოდენობას და შესაბამისად, რისკებსაც გაზრდის.

ამერიკის კოსმოსური ძალების მეთაურს მიაჩნია, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კოსმოსურ მისიებსა და თანამგაზვრებს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებს, რადგან კრემლი კოსმოსური საწინააღმდეგო სისტემების შემუშავებას განაგრძობს.

მილიარდერების გასეირნება კოსმოსში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:41 0:00

კრემლის „დაუფიქრებელ“ ნაბიჯს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსკოვის ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ასტრონავტთა სიცოცხლეს და თავად საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობას.

ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქებიდან რამდენიმე წუთში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომუშავე კოსმონავტები, რომლებიც გარე სივრცეში მუშაობდნენ, მომატებული საფრთხის გამო თანამგზავრზე დაბრუნდნენ და მუშაობა შეწყვიტეს.

„ვგმობთ რუსეთის მიერ სატელიტური რაკეტის უპასუხისმგებლო გამოცდას საკუთარი თანამგზავრის წინააღმდეგ, რაც ქმნის კოსმოსურ ნამსხვრევებს და რომელიც საფრთხეს უქმნის ასტრონავტების სიცოცხლეს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ხელშეუხებლობას და ყველა ერის ინტერესებს,“- წერს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

ენტონი ბლინკენის განცხადებიდან რამდენიმე წუთში, განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა, სადაც უფრო დეტალურად არის ახსნილი იმ საფრთხეები, რაც რუსეთის „გაუაზრებელმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს.

„ამ სახიფათო და უპასუხისმგებლო ტესტის შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევები საფრთხეს უქმნის თანამგზავრებს და სხვა კოსმოსურ ობიექტებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური და სამეცნიერო ინტერესებისთვის მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებისა და კოსმონავტების წინაშე არსებულ რისკებს. ასევე იზრდება რისკები კოსმოსურ ფრენებში მონაწილე ადამიანებისთვისაც, რომელთა მიზანია გამოიკვლიონ და გამოიყენონ სივრცე მშვიდობიანი მიზნებისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.

„სფეის იქსის" ორბიტალური ფრენა დაიწყო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:26 0:00

რუსეთის „უპასუხისმგებლო“ ნაბიჯზე ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი კოსმონავტების ქვეყნების მთავრობებსაც მიმართავს და მოუწოდებს პოზიციის დაფიქსირებისკენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ კოსმოსურ ქვეყანას, შემოგვიერთდნენ პასუხისმგებლობის მქონე ქცევის ნორმების შემუშავებაში,“- წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

კრემლის მიერ რაკეტის გამოცდას „პუტინის უგუნურ ქმედებად“ აფასებს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში. რესპუბლიკელმა სენატორმა განცხადება სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გაავრცელა.

„რუსეთი აცხადებს, რომ მას სურს რომ კოსმოსი იარაღისგან თავისუფალი იყოს, შემდეგ კი აფეთქებს საკუთარ თანამგზავრს და რისკავს მისი კოსმონავტების სიცოცხლეს. ეს ავლენს პუტინის პოლიტიკის უგუნურობას და ადამიანის სიცოცხლის უგულებელყოფას,“- წერს ამერიკელი სენატორი.

კრემლის ქმედებას გამოეხმაურა ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციაც. ნასას ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა "წარმოუდგენელი" უწოდა რუსეთის ქმედებას, რომლითაც საფრთხე შეექმნა ასტრონავტებს. ამ დროისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

„რუსეთის ქმედებების გამო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასტრონავტები იძულებულები გახდნენ, მიეღოთ გადაუდებელი ზომები უსაფრთხოების დასაცავად. წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა საფრთხე შეუქმნა როგორც საერთაშორისო ასტრონავტებს, ასევე საკუთარი ეკიპაჟის წევრებსაც,“- წერს ნელსონი.

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტო “როსკოსმოსმა” საპასუხო განცხადებაში ინციდენტის მნიშვნელობის შერბილება სცადა და თქვა, რომ საერთაშორისო სადგური სტანდარტული პროცედურით გადაადგილების შედეგად, “მწვანე ზონაში იმყოფება”.

რაც შეეხება რუსულ თანამგზავრს, რომელიც რუსეთში წარმოებული რაკეტით აფეთქდა, ის კოსმოსში საბჭოთა კავშირის დროს გააგზავნეს. არსებული ინფორმაციით „კოსმოსი 1408“ რადიოტექნიკური დაზვერვის თანამგზავრი იყო და წლების განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG