შეერთებული შტატების და ავღანეთის სამხედრო ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმება ღამის რეიდების ავღანელებისთვის გადაცემის შესახებ, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ავღანეთის სუვერენიტეტის გზაზე. თუმცა, როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ბრაიან პადენი პაკისტანიდან იუწყება, ბევრი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ავღანელი სამხედროები ამ ვალდებულების შესრულებას ვერ შეძლებენ.
როგორც ავღანეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა აიმალ ფაიზიმ განაცხადა, ღამის რეიდების შესახებ კვირას მიღწეული შეთანხმებით ამერიკელ და ავღანელ სამხედროებს შორის დიდი ხნის უთანხმოება მოგვარდა.
„სპეციალური ოპერაციების „ავღანიზაცია“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და სტაბილურობის შენარჩუნების საკითხში,“ - განაცხადა აიმალ ფაიზიმ.
მანამდე ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებდა, რომ კოალიციის ძალების მიერ ღამით განხორციელებული რეიდები მაპროვოცირებელი იყო და საერთაშორისო ძალების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილებას ზრდიდა. თავის მხრივ ნატოს სარდლობა აცხადებდა, რომ მეამბოხეების წინააღმდეგ ოპერაციების ღამით ჩატარება საკმაოდ ეფექტური იყო.
ამჯერად ღამის ოპერაციებზე პასუხისმგებლობა ავღანურ ძალებს დაეკისრათ, რასაც ასევე ავღანელი მოსამართლის სანქცია ესაჭიროება.
სამინა აჰმედი საერთაშორისო კრიზისების ჯგუფში სამხრეთ აზიის საკითხების ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ ეს შეთანხმება ნომინალურ დონეზე შესრულდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ავღანური ძალების ქმედუნარიანობა კვლავ ამერიკელ სამხედროებზეა დამოკიდებული, ხოლო ავღანური მართლმსაჯულებას კი არ გააჩნია ის ძალა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ავღანეთის სპეციალურ სამხედრო ძალებს და პოლიციას ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით.
შეთანხმება ასევე შეეხება პატიმრებსაც. კერძოდ, ავღანელი დაკავებულები ავღანურ მართლმსაჯულებას გადაეცემიან. უფლებადამცველი ჯგუფები შეშფოთებას გამოთქვამენ ავღანურ ციხეებში დაკავებულთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო. თუმცა, ოფიციალური ქაბული ამ ბრალდებებს უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დღის წესრიგში დგას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მიზანი - გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც მაისში ჩიკაგოში ნატოს სამიტამდე უნდა მოესწროს.
ამ შეთანხმების მიხედვით, ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი 2014 წლიდან შემცირებული სახით იქნება წარმოდგენილი, მას შემდეგ, რაც ქვეყანას საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ნაწილები დატოვებენ. სამინა აჰმედი ამბობს, რომ ავღანური არმიის გაწვრთნა და ტრენინგი პოლიტიკურ პროცესს არ ემთხვევა.
„ჩვენი შეფასებით, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს არ შეუძლიათ საკუთარი ძალებით თავდაცვის უზრუნველყოფა ნებისმიერი საფრთხესთან გამკლავება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ საზღვრების სიახლოვეს.“
სამინა თვლის, რომ ავღანეთში ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებამ და ამერიკაში დაწყებულმა ანტისაომარმა მოძრაობამ შესაძლოა პოლიტიკური დინამიკის შეცვლას შეუწყოს ხელი. თუმცა, სამხედრო რეალობა ერთია - ავღანური ძალები უსაფრთხებაზე პასუხისმგებლობის აღებისთვის მზად არ არიან.