ირანთან მოლაპარაკება მოსკოვში გაგრძელდება

მოლაპარაკების მეორე რაუნდი 18-19 ივნისს მოსკოვში შედგება

ხუთშაბათს, ბაღდადში ირანთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების დროს, გადაწყდა, რომ მეორე რაუნდი მომავალ თვეს მოსკოვში გაიმართება. შეხვედრის თემა კვლავ ირანის ბირთვული პროგრამა იქნება.

ერაყის დედაქალაქში ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ არსებობს უთანხმოების სფეროები, თუმცა ურთიერთობისას მაინც მოხერხდა საერთო ენის გამონახვა. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა მხარეები ერთმანეთს 18-19 ივნისს მოსკოვში შეხვდებიან.

ბაღდადში მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის და ირანის მოლაპარაკებებს კეტრინ ეშტონი ხელმძღვანელობდა, ირანის მხარეს კი ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი საიდ ჯალილი წარმოადგენდა. ეშტონის განცხადებით, საუბარი დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა, თუმცა ირანი ურანის გამდიდრების საკითხზე დასავლეთის შეშფოთებას გაგებით მოეკიდა.