"სირიის მეგობრების" შეხვედრა

"სირიის მეგობრების" შეხვედრა

"სირიის მეგობრებს" არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა სამომავლო მოქმედებისა, იმ შემთხვევაში, თუ სირია მათ შეთავაზებებზე უარს იტყვის.

დასავლეთის და არაბული ქვეყნების წარმომადგენელთა ჯგუფები ტუნისში იმ მიზნით იკრიბებიან, რომ სირიაში გამწვავებული დაპირისპირების შესახებ იმსჯელონ და უახლოეს დღეებში ქვეყნის ცხელ წერტილებში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა უზრუნველყონ.

პარასკევს შეკრებილი "სირიის მეგობრები" სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, შეწყვიტოს საკუთარი ხალხის ხოცვა და ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების გზები გახსნას. შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, 70 სახელმწიფოს წარმომადგენელი და საერთაშორისო ორგანიზაციები დაესწრებიან.

შეხვედრამდე გაერომ ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი არაბული ლიგის ელჩად დაასახელა, რომლის მისია სირიის კრიზისის სამშვიდობო პროცესების ხელმძღვანელობაა.

"სირიის მეგობრებს" არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა სამომავლო მოქმედებისა, იმ შემთხვევაში, თუ სირია მათ შეთავაზებებზე უარს იტყვის.

რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენელები სირიის საკითხზე საყოველთაო შეკრებას არ დაესწრებიან. მათ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ საშინაო საქმეებში ჩარევას არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.