ევროს გადარჩენის სტრატეგია

ევროს გადარჩენის სტრატეგია

ევროპის ქვეყნებისთვის დავალიანების საპროცენტო განაკვეთი დრამატულად იზრდება.

ევრო პირველად 1999 წელს შემოიღეს და ის ძალიან მალე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ვალუტა გახდა. სულ რაღაც 12 წელიწადში კი მზარდი დავალიანების პრობლემის გამო ევროზონის 17-წევრიანი გაერთიანება ფინანსური კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა. ანალიტიკოსების აზრით დღესდღეობით ევროს არსებობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

საფრანგეთი და გერმანია ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია. ისინი გამუდმებით ცდილობენ მასტერ-გეგმის დასახვას, რომ ევროზონა და მასთან ერთად ევრო, როგორც ვალუტა, გადაარჩინონ. მათ ერთ-ერთ მთავარ სამუშაო სტრატეგიად ევროზონის მეტი ცენტრალიზება მოიაზრება.

კრიზისმა ევროპელებს კარგად დაანახა, რომ დღევანდელი სქემით წინსვლა შეუძლებელია. ერთის მხრივ ვალუტის რეგულირება იქ ცენტრალიზებულია, მაგრამ მაკროეკონომიკული და სტრუქტურული პოლიტიკის დანერგვაში კოორდინირება ძალზე სუსტი და მერყევია“ - აღნიშნავს დომინიკო ლომბარდი, ექსპერტი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან.

ევროკავშირი დღეს ევროზონის გადარჩენის უახლეს გეგმას განიხილავს. დენ ჰამილტონი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, აღნიშნავს, რომ შეშფოთების მთავარ საგნად ისევ საბერძნეთი რჩება. სპეციალისტები ამ წუთას იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გადაარჩინონ ევროზონის ქვეყნები, თუკი საბერძნეთი არსებულ მდგომარეობას ვერ მოერია:

„საფრანგეთი და გერმანია საბერძნეთის ირგვლივ ერთგვარი დამცავი ზღუდის აგებას ცდილობენ. მათ ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ საბერძნეთის ჩავარდნის შემთხვევაში, მათ მიერ აგებული ზღუდე ნაუცბადევი და უხეირო არ აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში კრიზისის შეკავება ვერ მოხერხდება და ის მეზობელ ქვეყნებში გადავა“ - ამბობს პროფესორი.

ევროპის ქვეყნებისთვის დავალიანების საპროცენტო განაკვეთი დრამატულად იზრდება. იტალიამ აქამდე არნახული, 7-პროცენტიანი კრედიტი აიღო, რაც სპეციალისტების აზრით არამდგრადი და ძნელად შესანარჩუნებელია.

საფრანგეთი ევრო-ბონდების გაყიდვის ინიციატივით გამოვიდა, რასაც გერმანია არ ეთანხმება და თვლის, რომ გასაჭირში ჩავარდნილი ქვეყნებისთვის დამატებითი სესხუს გაცემა გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება. მსგავსი ბონდები საბერძნეთის, იტალიის, პორტუგალიის და ესპანეთის ეკონომიკას საშუალებას მისცემს ძალიან სწრაფად კიდევ უფრო მეტი ვალი აიღონ. თანაც, დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

ევრო-ბონდების გაყიდვის გეგმას ემხრობა ევროპარლამენტის ლიდერი გაი ვერჰოფშტადი ალიანსიდან „ლიბერალები და დემოკრატები ევროპისთვის“. მისი თქმით

„ამით ჩვენ კრიზისს შევაჩერებთ, რადგან სასწრაფო გამოსავალს მოვუძებნით დიდი ვალის მქონე ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ავსტრია. პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს“ - აცხადებს პარლამენტარი.

დენ მიტჩელი კატოს ინსტიტუტიდან, თვლის, რომ იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დემოკრატია მაინც ზარალდება:

„დემოკრატიის იდეისთვის არ ექნება მნიშვნელობა იმას, ევროკავშირის ქვეყნები ამოწურავენ ბრუსელს, თუ მათი ეკონომიკური პოლიტიკა ამოწურავს ბერლინს. მოვლენები ისე განვითარდა, რომ დემოკრატიამ ყველა ვარიანტში დიდი დარტყმა მიიღო. იკარგება სუვერენიტეტი და მასთან ერთად იკარგება ქვეყნების ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც საკუთარ ქმედებებზე“.

გამოსავლის მოძებნა იოლი არ უნდა იყოს, აღნიშნავს პროფესორი ჰამილტონი. სიტუაციას პოლიტიკური ინტერესიც დაურთეთ და მიხვდებით, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სიტუაცია წარმოიდგინეთ, ამბობს ის:

„მას ახალი კოალიციის შექმნა უწევს, რადგან საკუთარ პარტიაში პრაქტიკულად ამბოხი მიიღო. მთელი ოპოზიცია მოულოდნელად „დიდი ევროპელი“ გახდა და გადაწყვეტილებების მიღების მთელ პასუხისმგებლობას კანცლერს აკისრებს. გერმანული პოლიტიკა, როგორც იცით საკმაოდ საფრთხილო საქმეა: მერკელმა ევროკავშირის პრობლემის მოგვარება ისე უნდა სცადოს, რომ გერმანიის შიდა პოლიტიკაც დაარეგულიროს. ამას დაუმატეთ ოფიციალური ვაშინგტონის რჩევები, რომელიც ასევე ანგარიშგასაწევია და ზოგადად საერთაშორისო ზეწოლაც. ასე რომ მერკელს პოლიტიკური თამაში სულ ცოტა 3 ფრონტზე უწევს“.

პროფესორი ჰამილტონი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი თავისი დაახლოებით 500-მილიონიანი მოსახლეობით ვაჭრობის და ინვესტიციებისთვის უდიდესი ბაზარია. მისი ერთობლივი დავალიანების მენეჯმენტი სავსებით შესაძლებელია, თუკი ევროზონის ქვეყნებს რესურსების გაზიარების საკმარისი სურვილი ექნებათ.

"არიან თუ არა მზად ევროპის ლიდერები დათმონ საკუთარი სუვერენიტეტი, გაუზიარონ ერთმანეთს არსებული რესურსები და შექმნილი მომენტის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა სრულად გაიაზრონ ? - ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული ევროპის და ზოგადად მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის დარეგულირების დინამიკა" - აღნიშნავს ექსპერტი.

პოლიტიკოსებისთვის ეს მიზანი იოლად განსახორციელებელი არ არის. ლიდერები ხომ საკუთარი ელექტორატის და გადასახადის გადამხდელების წინაშეც არიან ანგარიშვალდებულნი.