ათწლეულებია მსოფლიოში ტექნოლოგიური ბუმია და ბოლო წლებში საზოგადოებები უფრო და უფრო მეტად იყენებენ ინტერნეტს და ელექტრონულ მოწყობილობებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის პარალელურად, გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიები უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ ჩვენს შესახებ. სწორედ ამ საკითხზე ტექნოლოგიების ორ ტიტანს "ფეისბუქს" და "ეფლს" შორის ბოლო რამდენიმე დღეა ღია ბრძოლა მიმდინარეობს.
რამდენად დაცულია ჩვენი პირადი მონაცემები ამა თუ იმ ქსელსა თუ მოწყობილობაში? ვინ, როგორ და რისთვის იყენებს მას?
"აიოსის" ახალი ფუნქცია
ყველაფერი კი "ეფლის" გადაწყვეტილებით დაიწყო, მაშინ როცა კომპანიამ საჭიროდ ჩათვალა და მობილური მოწყობილობების (IOS) ახალ განახლებაში კონფიდენციალურობის ფუნქციის დამატება დააანონსა. ეს ფუნქცია რეალურად "ეფლის" მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, მიეღოთ გადაწყვეტილება სურდათ თუ არა მათ, რომ "ფეისბუქს" მათზე პირადი ინფორმაცია შეეგროვებინა.
"ფეისბუქის" აპლიკაციის გახსნის შემთხვევაში, მომხმარებლის ეკრანზე უნდა გამოჩენილიყო ფანჯარა კითხვით: გაქვთ თუ არა სურვილი "ფეისბუქმა" თვალი ადევნოს თქვენს აქტივობას, სხვადასხვა საიტებსა და აპლიკაციებში?
შეტყობინებით ქვემოთ კი ორი პასუხი იყო :
1.შეატყობინე აპლიკაციას, რომ არ მადევნოს თვალი (არ შეაგროვოს ინფორმაცია)
2 ვაძლევ უფლებას
"ფეისბუქის" ბრალდება
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომპანია "ეფლი" აღმოჩნდა "ფეისბუქის" დამფუძნებლის და მისი უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის, მარკ ზაკერბერგის თავდასხმის ქვეშ. კვირას, კომპანიის კვარტლურ შეხვედრაზე, "ფეისბუქის" ხელმძღვანელმა თქვა, რომ მათ წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები ვრცელდებოდა და რეალურად "ეფლი" კონკურენტის წინააღმდეგ უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა. აქვე ზაკარბერგმა აღნიშნა, რომ შესაძლოა "ფეისბუქს" მათ წინააღმდეგ სასამართლო დავა დაეწყო.
"კომპანია "ეფლი" ჩვენს ყველაზე დიდ მეტოქედ იქცა. რეალურად ბევრი მოწინააღმდეგე გვყავს და ისინი ჩვენი კონფიდენციალურობის შესახებ ბევრს საუბრობენ. ეს საუბრები კი ხშირად ჩვენი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. რეალურად კი ჩვენი სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობის დაცვას. ცოტა ხნის წინ "ეფლმა" გამოაქვეყნა კონფიცენციალურობის ეტიკეტი და იქ აქცენტი იყო გაკეთებული მეტამონაცემებზე, რომელსაც ჩვენი აპლიკაცია აგროვებს. თუმცა ეს მხოლოდ სხვა აპლიკაციებს შეეხებოდა და არა თავად "ეფლის" აპლიკაციებს, მაგალითად "აიმესიჯს", რომელიც ასევე ინახავს შეტყობინებებს თუ "აიქლაუდი" გათიშული არ არის. რეალურად კი ეს არ ქმნის თანაბარ კონკურენიას.
"აიმესიჯის" სერვისი ჩვენი რეალური კონკურენტი და მათი მთავარი იარაღია. მათ აქვთ საშუალება და მოტივები, რომ თავიანთ პლატფორმაზე ჩვენ ხელი შეგვიშალონ ეს კი მათ უპირატესობას მისცემს"- ამბობდა მარკ ზაკარბერგი.
ამ განცხადებით "ფეისბუქის" აღმასრულებელი დირექტორი შეეცადა კომპანია "ეფლის" წინააღმდეგ სხვა მცირე კომპანიების პრეტენზიებიც წარედგინა და დაამატა, რომ მათი კომპანია "ეფლის" წინააღმდეგ სასამართლოში დავის დაწყებას განიხილავდა.
"ეფლის" პასუხი
ზაკერბერგის ღია და მკაცრ განცხადებას კომპანია "ეფლმა" ბრიუსელში მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე რამდენიმე დღის შემდეგ უპასუხა. განცხადება კომპანიის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ტიმ კუკმა გააკეთა.
კუკს გამოსვლის დროს კომპანია "ფეისბუქის" სახელი არცერთხელ არ უხსენებია, თუმცა თქვა: "დასრულდა დრო, როცა თვალი უნდა დაგვეხუჭა ტექნოლოგიურ თეორიებზე, რომლებიც გვიმტკიცებს, რომ ყველა ჩართულობა კარგია, თუ პარალელურად მეტი მონაცემის შეგროვება ხდება".
ტიმ კუკს მიაჩნია, რომ ტექნოლოგიური კომპანიები მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მოპოვების ხარჯზე ისე არ უნდა მდიდრდებოდნენ, რომ მომხმარებელს არ ჰქონდეს უფლება თავად გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა მისი მონაცემების გამოყენების უფლებას ამა თუ იმ პომპანიას, თუ ალიკაციას.
"თუ ბიზნესი ემყარება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას, მონაცემთა ექსპულატაციის გზით და არ გაძლევს საშუალებას გქონდეს არჩევანი, მაშინ ეს ბიზნესი არ იმსახურებს ჩვენს შექებას. ეს სფერო იმსახურებს რეფორმას.
ტექნოლოგიებს არ სჭირდებათ დიდი პერსონალური მონაცემის ნაკადები, რომლებიც ათობით ვებგვერდსა და აპლიკაციაშია გაერთიანებული, ეს არ არის გზა წარმატებისკენ. რეკლამა მის გარეშეც არსებობდა ათწლეულების განმავლობაში და ეს სფერო ყვაოდა.
ჩვენ დღეს სამწუხარო რეალობაში აღმოვჩნდით, აქ ვართ რადგან ნაკლებად ვწევთ წინააღმდეგობას, ეს კი არასწორია. ჩვენ ზურგი არ უნდა მივაქციოთ უფრო დიდ სურათს.
ეს ქსელები დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული ალგორითმებით იკვებება. ბევრ ადამიანს აქვს კითხვა, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ? ჩვენ კი ვიპოვეთ გზა: აღარ დავხუჭოთ თვალი იმაზე, რაც საზიანოა"- თქვა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ტიმ კუკმა.
რა მოხდება თუ "ეფლის" დააანონსებული განახლება გამოვა?
იმ შემთხვევაში, თუ "ეფლის" მიერ დაანონსებული განახლება ამოქმედდება, რეალურად ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდება. არაერთი კვლევის მიხედვთ როგორც "ფეისბუქი", ასევე "გუგლი", შემოსავლის დიდ ნაწილს, მილიარდობით ამერიკულ დოლარს, სწორედ რეკლამების ხარჯზე იღებენ. პლატფორმები აგროვებენ ჩვენს ინფორმაციას, თუ: სად, რას და როდის ვეძებდით, შემდეგ კი იმავე პროდუქტს თუ კომპანიას, მათ ბაზაში არსებული რეკლამების დამკვეთების სიიდან გვთავაზობენ.
მაგალითი: რაზეა საუბარი?
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, რაზეა საუბარი, მარტივი ცდა შეგვიძლია ჩავატაროთ. მაგალითად, ინგლისურად დაგუგლეთ კომპიუტერის მაგიდა (computer desk) გადადით სხვადასხვა ონლაინ მაღაზიის ბმულზე, ბოლოს კი დაბრუნდით "ფეისბუქის" აპლიკაციაში. თქვენ ნახავთ, რომ რამდენიმე წუთში ან საათში, "ფეისბუქი" თქვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ კომპიუტერის მაგიდებს.
რატომ ხდება ეს?
იმიტომ, რომ ფეისბუქის ალგორითმი სწავლობს თქვენს ქმედებას, აკვირდება, რას ეძებდით. შემდეგ კი ალგორითმი რეკლამების დამკვეთის ბაზაში ეძებს მსგავსი შინაარსის პროდუქტს. თუ იქ, იმ დროისთვის იქნება დამკვეთი, რომელიც ამზადებს მაგიდას, თქვენს ე.წ. ნიუსფიდში გამოჩდება რეკლამა სწორედ იმ მწარმოებლის კომპიუტერის მაგიდის შესახებ.
რა სურს "ეფლს"?
კომპანია "ეფლის" ოფიციალური ვერსიით, მათი მიზანია, მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება მისცეს თუ არა სხვადასხვა აპლიკაციას საშუალება, შეისწავლონ მისი ქმედებები და გამოიყენონ ის რეკლამირებისთვის.
ანუ, "ეფლი" ტელეფონის და აიპედის პროგრამული განახლების შემდეგ, მაგალითად "ფეისბუქის" აპლიკაციის პირველად გამოყენების დროს, შეგატყობინებთ, რომ აპლიკაციას აქვს სურვილი დააკვირდეს თქვენს მონაცემებს და შეაგროვოს ისინი, თქვენ კი მოგეცემათ არჩევანის საშუალება, გაუზიაროთ თუ არა "ფეისბუქს" თქვენი მონაცემები, რომლითაც ის დამატებით მოგებას ნახავს.
რას არ მოსწონს "ფეისბუქს"?
კომპანია "ფეისბუქი" ამდენი ხნის განმავლობაში ისე აგროვებდა ინფორმაციას, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიდა და არ გვაძლევდა არჩევანს, გვსურდა თუ არა, რომ მათ ჩვენი პირადი მონაცემები საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ.
ახლა კომპანია ამბობს, რომ "ეფლი" მათ წინააღმდეგ იბრძვის და ახალი ფუნქცია მათსავე ("ეფლის") აპლიკაციაზე, როგორიცაა "აიმესიჯი", არ ვრცელდება. მარკ ზაკერბერგი ფიქრობს, რომ ეფლი სწორედ "აიმესიჯის" საშუალებით ინახავს თქვენს ინფორმაციას და იყენებს რეკლამისთვის. ტიმ კუკს ამ ბრალდებაზე პასუხად არაფერი უთქვამს.
როგორ გაგრძელდება ტიტანების ბრძოლა, ეს ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ბევრი საინტერესო სიახლე წინ გველოდება. შესაძლოა, ახლა უფრო მეტი გავიგოთ იმის შესახებ, თუ რომელი კომპანია რა ინფორმაციას ინახავს და როგორ იყენებს მას.