ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი "გუგლს" უჩივის


ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი 11 შტატის გენერალურ პროკურატურასთან ერთად "გუგლს" უჩივის. ტექნოლოგიური კომპანიის გიგანტს საძიებო სისტემასა და მასში რეკლამირების უკანონო მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ.

ანტიმონოპოლიასთან დაკავშირებული ეს სარჩელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც იუსტიციის დეპარტამენტმა 1998 წელს მონოპოლიისთვის "მაიკროსოფტს" უჩივლა. ამ დრომდე თითქმის მთელი წლის განმავლობაში გამოძიების სამიზნე "გუგლთან" ერთად, კიდევ სამი ტექნოლოგიური გიგანტი იყო - "ეფლი", "ამაზონი" და "ფეისბუქი".


გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი ამას უმნიშვნელოვანეს საქმეს უწოდებს, როგორც იუსტიციის დეპარტამენტის, ისე ამერიკელი ხალხისთვის. მისი თქმით, ეს სარჩელი "გუგლის მიერ ინტერნეტის მიტაცების და უკანონო მონოპოლიის" წინააღმდეგაა, რაც მილიონობით ამერიკელი მომხმარებლის, რეკლამის დამკვეთის, მცირე ბიზნესის მფლობელის თუ სხვა ადამიანთა ინტერესების საზიანოდ ხდება.

გენპროკურორმა განმარტა, რომ სარჩელს არანაირი საერთო არ აქვს კონსერვატიულ მოსაზრებებთან იმის თაობაზე, რომ ონლაინ პლატფორმებზე შინაარსის გარკვეული მართვა მიმდინარეობს, რის გამოც მათზე ერთგვარი ცენზურა უნდა დაწესდეს.

"გუგლის" მთავარი იურისტი, კენტ უოლკერი ამბობს, რომ ეს სარჩელი უსაფუძვლოა. მისი თქმით, მოქალაქეები ირჩევენ "გუგლის" გამოყენებას, მათ ამას არავინ აიძულებს და ისინი ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ ალტერნატივა არ არსებობს.

"ამ სარჩელს არაფერი აქვს საერთო მომხმარებელთა დახმარებასთან. პირიქით, ის ხელოვნურად წამოსწევს წინ დაბალი ხარისხის საძიებლო ალტერნატივებს, გაიზრდება სატელეფონო გადასახადები და ადამიანებისთვის უფრო რთული გახდება ისეთი საძიებო სერვისის მიღება, როგორის გამოყენებაც მათ სურთ", - ამბობს "გუგლის" წარმომადგენელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG