„არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს“ - ბლინკენი ირანთან მოლაპარაკებაზე

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ირანთან 2015 წლის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები „არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს“. ამ მხრივ არაპირდაპირი მოლაპარაკებები ამერიკასა და ირანს შორის უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროცესი მას შემდეგ განახლდა, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თეთრი სახლი ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაიკავა.

2015 წელს ამერიკასა და ირანს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებები ვენაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. განხილული იყო ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი და ამერიკის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების თემაც.

ასევე ნახეთ: ირანის არჩეული პრეზიდენტი: ბირთვული პროგრამა არ განიხილება

ამ კვირაში ენტონი ბლინკენი ქუვეითელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ ადმინისტრაცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ირანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს.

2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2018 წელს დატოვა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციებიც დაუწესა. მას შემდეგ ირანმა ურანის გამდიდრების კუთხით არაერთი ნაბიჯი გადადგა.

ირანი განმარტავს, რომ მათი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა. ირანის ბირთული საქმიანობის შეზღუდვას შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი ცდილობენ.

ასევე ნახეთ: ბაიდენი: ირანს ატომური იარაღი არ ექნება