ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დაიწყო


სამშაბათს ვენაში განახლდა მოლაპარაკებები ირანსა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში რჩებიან. მოლაპარაკებების მიზანი შეერთებული შტატების ამ შეთანხმებაში დაბრუნებაა.

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების მეორე დღეს შედგა. ამ შეთანხმებით, ირანის ბირთვულ საქმიანობაზე დაკვირვება ერთი თვით გაგრძელდა.

შეერთებული შტატები ამ მოლაპარაკებებში პირდაპირ არ მონაწილეობს, თუმცა ირანის საკითხებში შეერთებული შტატების საგანგებო დესპანი რობ მალი, მოლაპარაკებების წინა რაუნდების დროს ვენაში იმყოფებოდა და მოლაპარაკებების მონაწილე გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, რუსეთის და ჩინეთის წარმომადენლებთან კავშირს ინარჩუნებს.

გაერთიანებული კომისიის სამშაბათის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის დელეგატმა მიხაილ ულიანოვმა თქვა რომ გადაწყვეტა უკვე გამოიკვეთა და ეს “სავარაუდოდ ვენის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდია”.

ირანის დელეგატმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, რომ წინა ოთხ რაუნდში “კარგ პროგრესს” მიაღწიეს და იმედი აქვს, რომ მეხუთე რაუნდი ბოლო იქნება.

მალიმ თქვა, წინა რაუნდი “კონსტრუქციული იყო და შინაარსიანი პროგრესი ჰქონდა, თუმცა ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი”.

გასულ კვირაში ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ თქვა, რომ შეერთებული შტატები სავაჭრო სანქციების მოსახსნელად მზად იყო, თუმცა მოგვიანებით, მაღალი რანგის ირანელმა ოფიციალურმა პირმა განსხვავებული განცხადება გააკეთა.

ირანი მოითხოვდა, რომ ხელშეკრულებაში დაბრუნებამდე აშშ-ს სანქციები გაეუქმებინა, აშშ კი აცხადებს, რომ შეთანხმების პირობები პირველმა ირანმა უნდა შეასრულოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG