ანდრეი კოვაჩევი, ევროპარლამენტის წევრი ბულგარეთიდან "ამერიკის ხმასთან" საქართველოს მთავრობის მიერ "უცხოეთის გამჭვირვალობის გავლენის" კანონის შესახებ საუბრობს. ევროპარლამენტარი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ევროკავშირის საგარეო საქმეთა წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პასუხისმგებელი პირების სანქცირების თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კანონპროექტს კენჭი.
კოვაჩევი ამბობს, რომ ეს კანონი კრემლის კანონის კოპირებული ვერსიაა და მას საქართველო მხოლოდ რუსეთისკენ მიჰყავს. "ამერიკის ხმასთან" საუბარში კოვაჩევი განმარტავს, რომ "გლობალური ომის პარტია" და ნარატივი, რომ დასავლეთში ვინმეს საქართველოს დესტაბილიზაცია სურს, პუტინის პროპაგანდის გამეორებაა და ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, რუსეთთანაა ახლოს.
ბოლო დღეების განმავლობაში ევროკავშირის ოფიციალური პირები აქტიურობდნენ- ვნახეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელის მიმართვა საქართველოს მთავრობისადმი კანონის გაწვევასთან დაკავშირებით. გავრცელდა ინფორმაცია, შარლ მიშელის ზარზე საქართველოს პრემიერთან და პრეზიდენტთან, ასევე ვნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნით და ა.შ. რატომ ცდილობს ევროკავშირი ასე აქტიურად საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის თქმას, რომ ეს ე.წ "აგენტების კანონი" ცუდი იდეაა?
იმიტომ, რომ ეს რუსეთის "უცხოეთის აგენტების" კანონის კოპირებული ვერსიაა. უკვე ვნახეთ რუსეთში, რომ [ეს კანონი] იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული ოპოზიციის რეპრესიებისა და ნებისმიერი საჯარო ოპოზიციური აზრის გამოხატვის ტოტალური ლიკვიდაციის პროცესში. თუ ქვეყანა, რომელსაც ოფიციალურად აქვს გაცხადებული ევროკავშირის წევრობის სურვილი ასეთ კანონს აკოპირებს, მაშინ ჩვენთვის ეს ძალიან ხმამაღალი გამოღვიძების ზარია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მთავრობა ჩვენ [ევროკავშირს] ერთს გვეუბნება და სინამდვილეში რუსულ ნაბიჯებს მიჰყვება.
ასევე ნახეთ: "ქართველ ხალხს არასდროს მივატოვებთ" - აშშ, ევროკავშირი და 14 ევროპული ქვეყანამაღალი თანამდებობის პირები ამერიკიდან და ევროკავშირიდან მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ უკან გაიწვიონ ეს კანონი. გვითხარით იმის მნიშვნელობაზე, როდესაც ისეთი თანამდებობის პირები, როგორიც ჯოზეფ ბორელი და შარლ მიშელი არიან, მეგობარი ქვეყნის მთავრობას სთხოვენ, რომ კანონი უკან გაიწვიოს და ასევე გვითხარით, რა ხდება მაშინ, თუ მთავრობა მათ არ უსმენს?
საქართველო ბევრად მეტია, ვიდრე რომელიღაც მეგობრული ქვეყანა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროპულ გზაზე ვიხილოთ. საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და ეს [სიტუაცია] ძალიან განსხვავდება საზოგადოდ აღებული რომელიღაც მეგობრული ქვეყნის, ან პარტნიორისგან. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, რომელიც გვინდა წავახალისოთ, რომ ის გააქტიურდეს დემოკრატიული რეფორმების მხრივ. ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ხალხი რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ევროკავშირში.
[საქართველოს] მდგომარეობა სრულიად განსხვავდება იმ ქვეყნების სიტუაციისგან, რომლებსაც ევროპული პერსპექტივა არ აქვთ. სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ახლანდელი ხელისუფლება ძალიან სერიოზულად მიიღებს ევროპული ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან და უკან გაიწვევენ ამ ძალიან საკამათო კანონს.
რა მოხდება, თუ მიუხედავად ყველა იმ განცხადებისა, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა გააკეთეს საქართველოს მთავრობის მისამართით, ქვეყნის ხელისუფლება მაინც გადაწყვეტს, რომ კანონი აამოქმედოს? რა ელის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას და რას უნდა ელოდოს საქართველოს მთავრობა პარტნიორებისგან?
ეს ძალიან ნათელია- ევროინტეგრაცია ორმხრივი მოძრაობის გზაა. თუ ერთი მხარე არაა დაინტერესებული ევროინტეგრაციაში, თუ არ მისდევს დემოკრატიულ გზას, ეს ნათლად აჩვენებს, რომ ურთიერთობა ევროპის მხრიდან გაიყინება და ასევე გამოიხატება ევროპული ეკონომიკური წყაროების, დაფინანსების შეწყვეტაში საქართველოს მთავრობისთვის. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რაც შეიძლება სწრაფად ვიხილოთ ევროკავშირში.
ასევე ნახეთ: ევროპარლამენტარი მელქიორი: მოსახლეობის მოთხოვნა, კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, ცვლილებების მიღებას სჯობიაეს ძალიან უცნაური სიტუაციაა, როდესაც ერთ მხარეს გვაქვს მმართველი პარტია, რომელიც გვიცხადებს, რომ ძალიან ერთგულები არიან საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და მეორეს მხრივ ისინი აკოპირებენ ძალიან საკამათო კანონს, რომელმაც რუსეთში ტერორი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი დემოკრატიულად მოაზროვნე რუსეთის მოქალაქის მიმართ. ნამდვილად არ გვინდა, რომ ეს საქართველოში ვიხილოთ. ამიტომაა, რომ ევროკავშირის სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით მუდმივად ვაკეთებთ ამაზე განცხადებას. მათ შორის ევროპარლამენტშიც. თქვენ იცით, რომ ახლა [ევროპარლამენტში] საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ამიტომ სესიები არ ტარდება. თუმცა, უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისთვის წერილის მიწერით, გვინდოდა ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა [საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე].
როგორც იცით, მიმდინარე კვირას, საქართველოში ორი ევროპული დელეგაცია იმყოფებოდა. ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციისგან შედგებოდა, მეორეში კი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი შედიოდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, "არამეგობრული ჟესტი" უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ დემონსტრანტებთან მისვლას და მათთვის სიტყვით მიმართვას. როგორ ფიქრობთ, როგორი ჟესტი იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან, საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე უარის თქმა და მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრებისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებების გავრცელება?
დემოკრატიულ [მმართველობაში] პარლამენტის წევრები იქნებიან ეს ევროპარლამენტარები, თუ ქვეყნების პარლამენტის წევრები, თავისუფლები არიან თავიანთ არჩევანში, შეხვდნენ ხალხს. ჩემს ქვეყანაში, ბულგარეთში, რამდენიმე წლის წინ, ქუჩაში ტარდებოდა დემონსტრაციები და დემონსტრანტებს ხვდებოდნენ ევროპარლამენტის წევრები, თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ევროპიდან. მაგრამ არავის ბულგარეთის მთავრობაში არ უთქვამს, რომ ეს არამეგობრული ჟესტი იყო მათი მხრიდან. ეს აბსოლუტურად დემოკრატიული ნაბიჯია. შეიძლება ის ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი საქართველოს კანონის გაწვევისკენ მოუწოდებსსაქართველოს მთავრობა ძალიან ხშირად იყენებს ფრაზას "გლობალური ომის პარტია". კონკრეტულად ისინი ხელს არცერთ დასავლურ ქვეყანას, ან პოლიტიკოსს არ ადებენ, მაგრამ ყოველთვის დასავლეთზე მიანიშნებენ და ამბობენ, რომ კონკრეტულ ძალებს საქართველოს დესტაბილიზაცია სურთ. რა გაქვთ ამაზე სათქმელი?
ძალიან, ძალიან სამწუხაროა, თუ საქართველოს მთავრობის პირები კრემლის დიქტატურის რეჟიმის ტერმინოლოგიას იყენებენ, მაშინ მათთან სამომავლოდ საქმის დაჭერასაც არ აქვს აზრი. დასავლეთში, რუსეთის გარდა, ვინმეს დადანაშაულება იმაში, რომ მათ ომი სურთ არის აბსოლუტური ნონსენსი. თუ ვინმე მშვიდობის მომხრეა, მაშინ ისინი უნდა თხოვდნენ ბატონ პუტინს, რომ შეწყვიტოს მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია, რომ გაათავისუფლოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და დაუბრუნოს საქართველოს. გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გაათავისუფლოს ყირიმი, თავი დაანებოს მოლდოვას.
ერთადერთი "ომის პარტია" არის პუტინის რეჟიმი კრემლში და თუ ვინმე საქართველოს მთავრობიდან იმეორებს პუტინის პროპაგანდას, ეს ძალიან, ძალიან სამწუხაროა და ჩვენთვის წითელი ხაზია. არ ვიცი ზუსტად, ვინ თქვა ეს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს- ყველა, ვინც ამას იმეორებს, ძალიან ახლოსაა კრემლთან.