ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი საქართველოს კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს


ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ უკან გაიწვიოს "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" კანონი.

„ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ დგას. დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების, მათი ოჯახების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - წერია განცხადებაში.

ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია გავრცელებული განცხადებით მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიონ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის „დოკუმენტირებული შემთხვევები“.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ იმედი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას ესმის, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის შესაბამის რეკომენდაციებზე პროგრესს მიაღწევდნენ.

„ერთ-ერთი ეს ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლად ფუნქციონირების შესახებ. სხვა ორი ნაბიჯი ეხება დეპოლარიზაციასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბორელი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო, რეკომენდაციების მიუხედავად და „მიუხედავად დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა“.

"ამ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება ქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ",- ნათქვამია ბორელისა და გაფართოების კომისრის, ოლივერ ვარჰელის ერთობლივ განცხადებაში. "არჩევანი საქართველოს ხელშია. ჩვენ მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, რომ გაიწვიონ ეს კანონი".

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" კანონი მიიღო, საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს. საქართველოში იმყოფებიან ამერიკისა და ევროკავშირის დელეგაციეები და ამ საკითხეზე საქართველოს მთავრობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს აწარმოებენ.

XS
SM
MD
LG