ისრაელი მილიონზე მეტ პალესტინელს ღაზის სექტორის დატოვებისკენ მოუწოდებს, ირანი საპასუხო რეაქციით იმუქრება

ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა, პარასკევს, ღაზაში მყოფ ყველა სამოქალაქო პირს - 1 მილიონზე მეტ ადამიანს, სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდეს. პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხად, ისრაელი როგორც ჩანს, ღაზის სექტორში სამხედრო შეჭრისთვის ემზადება.

პალესტინურ ანკლავში ისრაელის სრული ბლოკადის პირობებში, როცა სექტორის მოსახლეობას ელექტროენერგია, საკვები, საწვავი და წყალი აღარ მიეწოდება, ყველას ევაკუაცია შეუძლებელია, - განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ.

ასევე ნახეთ: ისრაელისგან დაბომბილ ღაზაში, მოსახლეობას გასაქცევი არსად აქვს

კონფლიქტის შესაძლო გაფართოების საფრთხის ფონზე, მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირები, ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ, საგანგებო მოლაპარაკებებს მართავენ. პარალელურად, ირანი აცხადებს, რომ მომხდარს, პასუხს გასცემს მოკავშირეებთან ერთად, მათ შორისა „ჰამასი“ ღაზის სექტორში და „ჰეზბოლა“ - ლიბანში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პალესტინელების წინააღმდეგ დანაშაულის გაგრძელება პასუხს მიიღებს "ღერძის" დანარჩენი ნაწილისგან და შედეგებზე პასუხისმგებელი ისრაელი იქნება.

ირანელი მინისტრის თქმით, პალესტინელების გადასახლება და ღაზის სექტორისთვის წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტა, ომის დანაშაულად ითვლება.

„ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიონისტური ერთეულის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნას... ამ გარემოემების გაგრძელების ფონზე, რომლებიც ომის დანაშაულებია“ - თქვა მან სატელევიზიო მიმართვისას, თარჯიმნის დახმარებით საუბრისას.

ასევე ნახეთ: ბლინკენი ნეთანიაჰუს ამერიკის უწყვეტ მხარდაჭერას დაპირდა

"პალესტინისა და ღაზის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების გაგრძელება პასუხს მიიღებს დანარჩენი ღერძისგან. და ბუნებრივია, სიონისტური ერთეული და მისი მხარდამჭერები პასუხისმგებელნი იქნებიან ამის შედეგებზე", - თქვა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.

მან არ დააკონკრეტა, თუ ვის გულისხმობდა მოპასუხეებში. მაგრამ, წინააღმდეგობის ღერძი სავარაუდოდ, გულისხმობს ალიანსს ირანს, პალესტინელთა "ჰამასს", სირიას, ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ და სხვა ჯგუფებს შორის.