"ვაგნერის" ეფექტი რუსეთის სამხედრო მმართველობაზე

"ვაგნერის" სამხედრო ამბოხი, როსტოვი, რუსეთი, 24 ივნისი, 2023.

2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთი უკრაინაში ხელმეორედ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი, არაპროვოცირებული ომი წამოიწყო, მოსკოვმა ბრძოლის ველზე რამდენიმე მაღალი რანგის გენერალი და სამხედრო მეთაური დაკარგა.

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ომის შედეგად, რომელსაც რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, მოსკოვის სამხედრო რიგებს რამდენიმე ათეული სამხედრო მაღალჩინოსანი გამოაკლდა.

უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების რაოდენობა, გამოცემა „ინსაიდერის“ ინფორმაციით, 31-ს აღწევს.

თუმცა, რუსი გენერლები და მაღალი რანგის სამხედრო პირები ბრძოლის ველის მიღმაც უჩინარდებიან, მათ აკავებენ, ან თანამდებობიდან ათავისუფლებენ. ეს მას შემდეგ, რაც დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფება „ვაგნერმა“ ქვეყნაში ხანმოკლე შეიარაღებული ამბოხი მოაწყო.

„ვაგნერის“ ჩრდილი პუტინის მმართველობაზე

„პუტინი არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ შურისძიება არის კერძი, რომელიც ცივად უნდა მიირთვა“, - აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი ფიქრობს, რომ რუსეთში მომხდარი სამხედრო ამბოხის შემდეგ, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა ჯერ კიდევ ფიქრობდეს როგორ იძიოს შური ევგენი პრიგოჟინზე.

ასევე ნახეთ: "ვაგნერი" - წარმომავლობა და საქმიანობა

"ასპენის" უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე, 20 ივლისს, ბერნსმა თქვა, რომ „ვაგნერის“ შეიარაღებულმა ამბოხმა, პუტინის მმართველობის „სისუსტის ნიშნები“ გამოკვეთა და რუსეთის მოსახლეობაში მთავრობის მიმართ უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა.

მანამდე, შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ თქვა, რომ პროგოჟინის ხანმოკლე და წარუმატებელმა ამბოხმა, რუსეთის სამხედრო-სამეთაურო სტრუქტურაში, სულ მცირე, გაურკვევლობა შექმნა.

„სტრატეგიულ დონეზე, მართვისა და კონტროლის აპარატი, საუკეთესო შემთხვევაში, უდავოდ დამაბნეველი და რთულია“ - უთხრა გენერალმა მილიმ 18 ივლისს, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს.

პოლიტიკური მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინის ამბოხის ჩრდილი პუტინის მმართველობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაჰყვება. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ „ვაგნერის“ შეიარაღებულმა ამბოხმა, რომელიც 48 საათზე ნაკლები გაგრძელდა, პუტინის 23 წლიანი მმართველობის ყველაზე სუსტი მხარეები გამოამზეურა. „ატლანტიკურ საბჭოში“ ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე „საშიშროების გაქრობის მიუხედავად, ახლა მხოლოდ დროის საკითხია ის, თუ როდის აღმოჩნდება რუსი დიქტატორი და მისი ავტორიტეტი ახალი საფრთხის წინაშე“.

ვლადიმირ პუტინის საჯარო გამოსვლების ყოფილი მწერალი („სპიჩ რაიტერი“) აბას გალიამოვი, რომელიც ახლა ისრაელში დაფუძნებული დამოუკიდებელი პოლიტიკური ანალიტიკოსია ამბობს, რომ პუტინის და კრემლის მთავარი მიზანი ახლა პოლიტიკური ზიანის მინიმუმამდე დაყვანაა.

ასევე ნახეთ: ბზარები პუტინის ძალაუფლების ვერტიკალში

“პუტინმა უნდა იფიქროს ფიზიკურ გადარჩენაზე, უნდა იფიქროს რეჟიმის გადარჩენაზე. მას პრიგოჟინი სჭირდება. რა თქმა უნდა, მოვლენები პუტინს ზედმეტად შემრიგებლურად წარმოაჩენს და ეს პრობლემაა, მაგრამ ისინი შეეცდებიან ზიანი მინიმუმამდე დაიყვანონ. ისინი შეეცდებიან მინიმუმამდე დაიყვანონ პოლიტიკური ზიანი და ამას შემდეგი სტრატეგიით შეეცდებიან - იტყვიან, რომ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები პატრიოტები არიან და მზად არიან პუტინისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლა გააგრძელონ“ - ამბობს გალიამოვი.

19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევგენი პროგჟინი, „სამშობლოსთვის ბრძოლას“ აფრიკაში გააგრძელებს. „ჩვენ ღირსეულად ვიბრძოლეთ. თქვენ რუსეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ. ის, რაც [უკრაინაში] ფრონტზე ხდება სირცხვილია, ამაში გარევა არ გვჭირდება“ - ამბობს ამბოხის შემდეგ გავრცელებულ პირველ ვიდეომიმართვაში, ევგენი პრიგოჟინი.

გაუჩინარებული და დაკავებული რუსი გენერლები

„ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ, რუსეთის სამხედრო გენერალიტეტში დანაკლისი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. გასულ კვირაში, კიდევ ერთი რუსი გენერლის დათხოვნის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. გენერალ-მაიორი ვლადიმირ სელივიორსტოვი, რომელიც რუსეთის 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას ხელმძღვანელობდა, თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოუგუმ გაათავისუფლა.

ასევე ნახეთ: რუსეთის მმართველობაში "უთანხმოება და დაბნეულობაა" - გენერალი მარკ მილი

სამხედრო ამბოხის დროს "ვაგნერელებმა" მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე რუსული ქალაქი და სამხედრო დაწესებულება წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს. შეიარაღებულ ამბოხზე სუსტი პასუხი ანალიტიკოსებს კითხვებს უჩენს სამხედრო მაღალჩინოსნების ნაწილის კრემლისადმი ერთგულებაზე.

ამერიკული გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, შეიარაღებული ამბოხის შემდეგ, რუსეთის მაღალი რანგის 13 სამხედრო ოფიციალური პირი დააკავეს.

ასევე, გენერალი სუროვიკინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთი საკვანძო მეთაური იყო, „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. მიიჩნევა, რომ ის ევგენი პროგოჟინის ახლო მოკავშირე იყო. მედიაში გავრცელდა ვარაუდი, რომ ის დაპატიმრებულია, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური წყაროები არაფერს იუწყება.

მანამდე, 12 ივლისს, სამხრეთ უკრაინაში, ზაპორიჟიის რეგიონში დისლოცირებული 58-ე შეიარაღებული არმიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ივან პოპოვმა განაცხადა, რომ სამსახურიდან დაითხოვეს. პოპოვის თქმით, მიზეზი ვალერი გერასიმოვის მიმართ გამოთქმული უკმაყოფილება იყო, რომლის მიხედვითაც, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ჯარების როტაციას აყოვნებდა.

პროგოჟინი აცხადებდა, რომ მისი შეიარაღებული ამბოხის სამიზნე რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი იყვნენ. „ვაგნერის“ განადგურების მცდელობისთვის, პრიგოჟინი მათი "ვაგნერისთვის" გადაცემას მოითხოვდა.

ასევე ნახეთ: "სუროვიკინი ისვენებს" - რუსი დეპუტატი გაუჩინარებულ გენერალზე

ამბოხის შეწყვეტის შემდეგ, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ კრემლსა და პრგოჟინს შორის მომხდარ გარიგებას რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნების ნაწილი შეეწირებოდა.

რა ბედი ეწევათ შოიგუსა და გერასიმოვს ჯერ უცნობია. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში, პუტინი მისდამი ლოიალურად განწყობილ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს პოსტებზე დატოვებს. ამით, პუტინი ეცდება იმის დემონსტრირებას, რომ პრიგოჟინის ზეწოლისგან თავისუფალია.

Your browser doesn’t support HTML5

ყველაფერი, რაც „ვაგნერის“ შესახებ ვიცით - შექმნის ისტორია, საქმიანობა და გავლენა