44 წლის ცისკარა ტოხოსაშვილი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ (ISIS) „ემირ ისად“ იყო ცნობილი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.
სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრი, კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმის მებრძოლებს, თბილისის აეროპორტში, „თურქეთის ავიახაზების“ ლაინერიდან ჩამოჰყავთ.
Your browser doesn’t support HTML5
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც წინა წლებში, საქართველოში დაპატიმრებული, ISIS-ის წევრების უფლებებს იცავდა, ვარაუდობს, რომ ცისკარა ტოხოსაშვილი თურქეთიდან ჩამოფრინდა და სუს-ს თავად ჩაბარდა.
„არ არის გამორიცხული ცისკარა ტოხოსაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდეს. ალბათ, ამიტომ ჩაბარდა, იმის მიუხედავად, რომ კარგად იცის, მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება..ამ კატეგორიის ხალხის დაბრუნების სხვა ფაქტორებიც არსებობს, რეალურად „ისლამურ სახელმწიფოში“, ისინი, დიდი ხანია უკვე აღარავის სჭირდებაგელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი
„ვინაიდან არ ყოფილა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი თურქეთმა ან სხვა ქვეყანამ გადმოგვცა და მისი ექსტრადირება მოხდა, დიდი ალბათობით, იგი თავად ჩაბარდა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გელა ნიკოლაიშვილმა.
მისი აზრით, „არ არის გამორიცხული ტოხოსაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდეს და ალბათ, ამიტომ ჩაბარდა, იმის მიუხედავად, რომ კარგად იცის, მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება“.
„ასეთი შემთხვევა იყო დავით ბორჩაშვილთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვიცავდი, გახსოვთ ალბათ, 2016 წელს ისიც თურქეთიდან ჩამოფრინდა. ფეხში დაჭრილს, არასწორად უმკურნალეს, ჭრილობაში მძიმე ინფექცია განვითარდა და სიკვდილის პირას იყო. აქ მართლა უპატრონეს ჩვენმა ექიმებმა. ცალი ფეხის ამპუტაციას ვერ ავცდით, მაგრამ რეალურად სიცოცხლე შეუნარჩუნეს და ახლა სასჯელს იხდის.
ამ კატეგორიის ხალხის დაბრუნების სხვა ფაქტორებიც არსებობს, რეალურად „ისლამურ სახელმწიფოში“, ისინი დიდი ხანია უკვე აღარავის სჭირდება, ან სხვა გამოსავალს ეძებენ, ან ბარდებიან“ - მიაჩნია გელა ნიკოლაიშვილს.
ეს ვარაუდი მოგვიანებით დაგვიდასტურეს, ცისკარა ტოხოსაშვილის ოჯახშიც, დედის ლილი ტოხოსაშვილის თქმით, მისი შვილი ბოლო პერიოდში, თურქეთში ავადმყოფობდა და რამდენიმე მძიმე დიაგნოზით ჰოსპიტალშიც იწვა.
ISIS-ის „ემირი ისა“ იგივე ცისკარა ტოხოსაშვილი, „ისლამურ სახელმწიფოს“ 2015 წელს შეუერთდა. ამ დროისთვის, ISIS-ში, უკვე ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდა მისი უმცროსი ძმა, ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ალ ბარა ალ შიშანი“, რომელიც სავარაუდოდ, სირია-ერაყში 2012-13 წლებიდან იბრძოდა.
ცეზარ ტოხოსაშვილი თავდაპირველად ჩეჩენი მოჯაჰედების "ახალ ბრიგადას" - Ahadun Ahad-ის „ჯამაათს“ ედგა სათავეში, რაც არაბულად „ერთადერთს და განუმეორებელს“ ნიშნავს. ეს ჯგუფი სირიაში, ლატაკიის პროვინციაში, გარკვეული დროის მანძილზე, სირიის ოპოზიციასთან ერთად იბრძოდა.
მოგვიანებით, ცეზარ ტოხოსაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ შეუერთდა და ISIS-ში ყველაზე ცნობილი პანკისელის და „ომის მინისტრის“ ბირკიანელი თარხან ბათირაშვილის, იგივე, „აბუ ომარ ალ შიშანის“ მარჯვენა ხელად ითვლებოდა. ტოხოსაშვილს, ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ჩეჩენ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან, რომელიც 2017 წელს, თბილისში, გახმაურებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
ცეზარ ტოხოსაშვილი „ისლამურ სახელმწიფოში“ Ansar al-Sharia „ჯამაათს“ ჩაუდგა სათავეში. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მისი ძმა „ემირი ისა“, იგივე, „ისა შიშანი“- ცისკარა ტოხოსაშვილი, მის მოადგილედ მიიჩნეოდა.
2016 წლიდან, "ისლამური სახელმწიფოს" დაცემის შემდეგ, ძმები ტოხოსაშვილები სირიიდან თურქეთში გადავიდნენ. 2017 წლის შემოდგომაზე, ცეზარ ტოხოსაშვილმა შეგნებულად გაავრცელა ხმები, რომ თითქოს მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად, სირიაში დაბომბვაში მოჰყვა და დაიღუპა. ამ დროიდან იკარგება, ცისკარა ტოხოსაშვილის კვალიც.
სინამდვილეში, 2018 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი ყალბი პასპორტით თურქეთიდან უკრაინაში ჩავიდა. ჯერ ფარულად ოდესაში ცხოვრობდა, შემდეგ კიევში, სადაც ბაზარში, ორი სავაჭრო წერტილიც კი გახსნა. 2019 წლის ნოემბერში, უკრაინის სპეცსამსახურებმა ცეზარ ტოხოსაშვილი სწორედ კიევში დააკავეს და 2020 წელს საქართველოს გადმოსცეს.
სუს-ის ანგარიშის მიხედით, სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგივე მუხლით გასამართლდება მისი ძმა, ცისკარა ტოხოსაშვილიც.
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებსბაჩა მგელაძე, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილე
„კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“ - განაცხადა ბაჩა მგელაძემ, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
სირია-ერაყის ტერიტორიაზე, 2012-2019 წლებში, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ ორგანიზაციაში რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე იბრძოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, 40-მდე მათგანი მოკლეს.
მოკლულთა უმრავლესობა, საქართველოს ქისტთა თემს წარმოადგენდა და პანკისის ხეობის მკვიდრი იყო. დაღუპულთა შორის ასევე იყვნენ - აჭარის, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის მუსლიმი თემის წარმომადგენლებიც.
სირია-ერაყში მოკლული საქართველოს მოქალაქეები (2012-2019)
- 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012)
- 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013)
- 40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013)
- 24 წლის ჰალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013)
- 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014)
- 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)
- 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)
- 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
- 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
- 30 წლის ლევან (ალი) ნაკაიძე (დეკემბერი 2014)
- 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)
- 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)
- 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)
- 28 წლის ბესლან მუხტაროვი (დეკემბერი 2015)
- 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016)
- 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016)
- 22 წლის ხვიჩა გობაძე (იანვარი 2016)
- 39 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი 2016)
- 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი (ივნისი 2016)
- 39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016)
- 26 წლის ბექჰან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016)
- 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016)
- 30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი 2016)
- 21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო 2016)
- 24 წლის მუჰმად ხანგოშვილი (ნოემბერი 2016)
- 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი 2016)
- 25 წლის მუჰმად ბაღაკაშვილი (ივლისი 2017)
- 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი (სექტემბერი 2017)
- 40 წლის გიორგი (ფეიზულა) მარგოშვილი (დეკემბერი 2017)
- 36 წლის კახა (ოსმან) ტოხოსაშვილი (მისი ცოლი 34 წლის აღაზა ბორჩაშვილი და 8 წლის შვილი ხამზა (2018)
- 35 წლის რუსლან ტოხოსაშვილი (2018)
- 38 წლის თამაზ ბათირაშვილი (ივლისი 2018)
- 44 წლის ადამ (გურამ) გუმაშვილი (ნოემბერი 2018)
- 14 წლის მუჰმად ფარეულიძე (დეკემბერი 2018)
- 25 წლის ამირან ბორჩაშვილი (მარტი 2019)