ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხუთი დაკავებული პანკისში: ISIS-ის „პანკისის ჯამაათი“ ისევ მოქმედია?


ერთ-ერთი დაკავებული, რომელსაც სუს-ი "ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში სდებს ბრალს
ერთ-ერთი დაკავებული, რომელსაც სუს-ი "ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში სდებს ბრალს

დუისელები იუსუფ ცათიაშვილი მუჰმად მაჩალიკაშვილი, ასევე ქორეთელები ჰამზათ ბაღაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და რამაზ ქავთარაშვილი დააკავეს დღეს, დილით, პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრტერორისტული ცენტრი დაკავებულებს, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (ISIS) კავშირში სდებს ბრალს.

ხუთივე გეგმავდა სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. მათ ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი - ე.წ. ბაიათი
სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრი


"ხუთივე დაკავებული გეგმავდა სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. მათ ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი - ე.წ. "ბაიათი" და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან“ - განაცხადა კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელმა.

სუს-ის განცხადებით, „ჯგუფის ლიდერი ღიად აცხადებდა, რომ "იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი“. "ამერიკის ხმის" წყაროს ცნობით, საუბარია იუსუფ ცათიაშვილზე, რომელიც ასაკით დაკავებულებს შორის ყველაზე დიდია.

სუს-ი ამტკიცებს, რომ ISIS-ის "საქართველოს ემირი" დააკავა
სუს-ი ამტკიცებს, რომ ISIS-ის "საქართველოს ემირი" დააკავა

სუს-ის ბრალდებას, აბსურდული უწოდა, ერთ-ერთი დაკავებულის დედამ, თამილა ქავთარაშვილმა. „ეს არის აბსურდი და ტყუილი, ჩემი შვილი თურქეთში იყო, სამი კვირით, ჩაის საკრეფად. თუმცა, კორონას გამო ვერ იმუშავეს და უკან დაბრუნდა. იმის მერე ჩემი შვილი სულ სახლშია“ - განაცხადა თამილა ქავთარაშვილმა.

„ეს არის აბსურდი და ტყუილი, ჩემი შვილი თურქეთში იყო სამი კვირით, ჩაის საკრეფად. თუმცა, კორონას გამო ვერ იმუშავეს და უკან დაბრუნდა. იმის მერე ჩემი შვილი სულ სახლშია
თამილა ქავთარაშვილი, ერთ-ერთი დაკავებულის დედა


იგივეს ამბობენ, სხვა დაკავებულების ოჯახის წევრები. პანკისში სპეცოპერაციას თვითმმართველობის არჩევნების წინ, ხეობის ამომრჩეველზე ზეწოლად აფასებენ.

"ამერიკის ხმასთან" საუბარში "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა თქვა, რომ უკვე შეხვდა მის დაცვის ქვეშ მყოფ რამაზ ქავთარაშვილს.

"ჯერჯერობით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს და შესაბამისად მეც ვერ ვისაუბრებ. საქმის მასალებს გადმოგვცემენ ხვალ და ხვალვე მოხდება ბრალის წარდგენა" - გვითხრა ქეთი ჩუთლაშვილმა, რომელიც წლებია, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს.

19 წლის თემირლანი პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სუს-ის სპეცოპერაციის დროს მოკლეს. სახელმწიფომ მაჩალიკაშვილი ISIS-ის ცნობილი ტერორისტის აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრად გამოაცხადა. ამ ჯგუფის წევრების ლიკვიდაცია, რომელთა საქართველოში შემოსვლაც, დღემდე ბევრ კითხვას ბადებს, 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში ხანგრძლივი და სისხლიანი სპეცოპერაციის დროს მოხდა.

"ჯერჯერობით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს და შესაბამისად მეც ვერ ვისაუბრებ. საქმის მასალებს გადმოგვცემენ ხვალ და ხვალვე მოხდება ბრალის წარდგენა"
ქეთი ჩუთლაშვილი, დაკავებული რამაზ ქავთარაშვილის ადვოკატი


2012-2019 წლებში, სირია-ერაყის ტერიტორიაზე, „ისლამური სახელმწიფოს“ ზეობისა და დაცემის პერიოდში, ტერორისტულ ორგანიზაციაში რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე იბრძოდა. არაოფიციალური ცნობებით, 40-მდე მათგანი ტერორისტთა დროშის ქვეშ დაეცა, დაღუპულთა შორის უმრავლესობა, სწორედ პანკისის ხეობის მკვიდრი იყო, ასევე იყვნენ აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის მუსლიმი თემის წარმომადგენლები.

საერთო ჯამში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 30 ათასზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იბრძოდა, საქართველოს მოქალაქეებიდან ყველაზე ცნობილი, ISIS-ის “ომის მინისტრი“ პანკისის მკვიდრი, ბირკიანელი ომარ ალ შიშანი იგივე თარხან ბათირაშვილი იყო, რომელიც 2016 წელს, ერაყში, ქალაქ შირქათთან მოკლეს.

თარხან ბათირაშვილი - ყველაზე ცნობილი პანკისელი ISIS-ის რიგებში
თარხან ბათირაშვილი - ყველაზე ცნობილი პანკისელი ISIS-ის რიგებში

აშშ-მ და ახლო აღმოსავლეთში მისმა პარტნიორებმა რამდენიმე წლიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფო“ რამდენჯერმე გამოაცხადეს განადგურებულად, მათ შორის, ბოლოს, 2019 წლის ოქტომბერში, ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ.

„ისლამური სახელმწიფო, როგორც ტერიტორიული კვაზი წარმონაქმნი, როგორი სახითაც ის არსებობდა, რა თქმა უნდა, აღარ არსებობს, თუმცა ცალკეული მომხრეები, მცირე თემები, მათ ჰყავთ მთელს ისლამურ სამყაროში და ახლო აღმოსავლეთში გაბნეული. ყველა ბრალდებას დამტკიცება უნდა, თუმცა ის, რომ პანკისის ხეობაში აღმოჩნდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები თუ წევრები, ეს დიდი მოულოდნელობა არ არის"
გიორგი სანიკიძე, აღმოსავლეთმცოდნე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი


„ისლამური სახელმწიფო, როგორც კონკრეტული ტერიტორიული კვაზი წარმონაქმნი, როგორი სახითაც ის არსებობდა, რა თქმა უნდა, აღარ არსებობს, თუმცა ცალკეული მომხრეები, მცირე თემები, მათ ჰყავთ მთელს ისლამურ სამყაროში და ახლო აღმოსავლეთში გაბნეული“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძემ.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, „რა თქმა უნდა, ყველა ბრალდებას დამტკიცება უნდა, თუმცა ის, რომ პანკისის ხეობაში აღმოჩნდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები თუ წევრები, ეს დიდი მოულოდნელობა არ არის".

"პანკისში ბევრი მიზეზია რომ ეს რადიკალური განწყობები არსებობდეს და ამის გამო, უფრო რთულია ამ რადიკალური იდეოლოგიის აღმოფხვრა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რადიკალური იდეოლოგიის ჩასახვა არ ხდება მხოლოდ ღარიბ სოციალურ ფენებში“ - მიაჩნია გიორგი სანიკიძეს.

ავღანეთში „თალიბანის“ გამარჯვებას, აღმოსავლეთმცოდნე „ისლამური სახელმწიფოს“ აღორძინების წინაპირობად არ მიიჩნევს. „არის ცნობები, რომ „ისლამური სახელმწიფო“ მიესალმა „თალიბანის“ გამარჯვებას, თუმცა განსხვავება მათ შორის აშკარაა. „თალიბანი“ ეს არის ლოკალური მოძრაობა, რომლის მიზანიც ავღანეთში „ისლამური საამიროს“ დაარსებაა. „ისლამური სახელმწიფო“ კი არის რეგიონალური და უნივერსალური მოძრაობა, რომლის მიზანიც მთლიანი „ისლამური სახალიფოს“ შექმნაა, ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა ამ მოძრაობებს შორის“ - ამბობს გიორგი სანიკიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრტერორისტულმა ცენტრმა ხუთივე დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტერორისტული მოძრაობის წევრობასა და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მოქმედებას გულისხმობს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ელით. სუს-ი ამ განცხადებით პრაქტიკულად ადასტურებს, რომ ISIS-ის "საქართველოს საამირო" და „პანკისის ჯამაათი“ რაღაც ფორმით ისევ აქტიურია.

აიუფ ბორჩაშვილი - ISIS-ის "პანკისის ჯამაათის იმამი" 2016 წლიდან 14 წლიან სასჯელს იხდის
აიუფ ბორჩაშვილი - ISIS-ის "პანკისის ჯამაათის იმამი" 2016 წლიდან 14 წლიან სასჯელს იხდის

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, სუს-მა პანკისის ხეობაში დააკავა, ჯოყოლოელი აიუფ ბორჩაშვილი, რომელიც თავს „ისლამური სახელმწიფოს“ „პანკისის ჯამაათის იმამს" უწოდებდა. ბრალდების მიხედვით, იგი ტერორისტთა რიგებში პანკისელი ახალგაზრდების რეკრუტირებით იყო დაკავებული, რამდენიმე მათგანი სირია-ერაყში ცასვლის შემდეგ ISIS-ის რიგებში დაიღუპა. 2016 წელს, ბორჩაშვილს სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG