სირიის ტერიტორიაზე, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებული, კიდევ ერთი, რიგით 26-ე ქართველი ისლამისტი მოკლეს.
დაუდასტურებული ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ რაქასთან ახლოს, სოფელ მაჟბინის მიდამოებში, ქართულ სოფელ ომალოს მკვიდრი, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა. ამ ტერიტორიას ბოლო დღეების მანძილზე, ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმები (YPG) გააფთრებით უტევდნენ.
2015 წლის 2 აპრილს, მე-11 კლასელი რამზან ბაღაკაშვილი დილით, ჩვეულებრივ, ომალოს საჯარო სკოლაში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. ოჯახს მოგვიანებით, ანტიტერორისტულმა ცენტრმა შეატყობინა, რომ რამზანი თანასკოლელ, მე-9 კლასელ, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად, თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით გაფრინდა. თურქეთის ტერიტორიიდან კი მალევე სირიაში გადაიყვანეს.
ომალოს საჯარო სკოლაში ამბობენ, რომ რამზანი კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ოცნებობდა. მექა ხანგოშვილი, საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგნელი, ხაზს უსვამს, რომ ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა:
ეს არ არის ერთი ოჯახის ან მხოლოდ პანკისის ხეობის ტრაგედია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. ჩვენი დიდი მეზობელი ჩასაფრებულია, მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენი მხრიდან ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ დაუკავშირონ ჩვენი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს და ამით განახორციელოს ჩვენზე ზეწოლა“მექა ხანგოშვილი, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში
„ეს არ არის ერთი ოჯახის ან მხოლოდ პანკისის ხეობის ტრაგედია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. მიზამიმართული პოლიტიკა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ხელისუფლების მხრიდან, პანკისის ხეობის მიმართ არ ჩანს და ისევ, დიდი საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა.
არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი დიდი მეზობელი ჩასაფრებულია, მაქსიმარულად ცდილობს, ჩვენი მხრიდან ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ დაუკავშირონ ჩვენი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს და ამით განახორციელოს ჩვენზე ზეწოლა.“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც 2015 წლის 2 აპრილს, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, 18 წლის ბაღაკაშვილისა და 16 წლის კუშტანაშვილის ასაკი გამოეპარა, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასაჯა.
სკოლის მერხიდან ტერორისტულ ორგანიზაციაში ახალგაზრდების გადაბირების გამო კი ანტიტერორისტულმა ცენტრმა, 2015 წლის ივნისში, სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი დააკავა.
ბრალდების მოწმის ჩვენებით გაირკვა, რომ ავიაბილეთები რამზან ბაღაკაშვილსა და მუსლიმ კუშტანაშვილს სწორედ აიუფ ბორჩაშვილმა შეუძინა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ „პანკისის ჯამაათის“ "იმამის" წოდებას ატარებდა და ტერორისტული ორგანიზაციის „ხალიფასთან“ „ბაიათით“ ანუ ფიცით იყო დაკავშირებული.
2016 წლის მარტში, სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ბორჩაშვილის დაცვის მხარემ ეს განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა და ამჟამად, „პანკისის ჯამაათის“ "იმამის" საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
საინტერესოა, რომ აიუფ ბორჩაშვილის დაკავების შემდეგ, რამზან ბაღაკაშვილმა და მუსლიმ კუშტანაშვილმა სირიიდან მის დასაცავად, ვიდეომიმართვაც კი გაავრცელეს.
ექსპერტების აზრით, 2016 წელს, პანკისის ხეობის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის მუსლიმი თემიდან, სირია-ერაყის ტერიტორიაზე, მოქალაქეების გადინება თითქმის შეწყდა.
საქართველოს უსაფრთოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) პროგრამების დირექტორი თინათინ ბრეგვაძე ამბობს, რომ სპეცსამსახურების მუშაობის პარალელურად, აუცილებელია ამ რეგიონებში მძიმე სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა და საგანმანათლებლო პროგრამების მეტად დაფანანსება:
აქ არის პრობლემა სხვადასხვა მოუგვარებელი სოციალური საკითხების, რომლის მოგვარებაც, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობა არის აუცილებლად საჭირო. ასე დღემდე, სერიოზულ პრობლემად რჩება იდეოლოგიური პროპაგანდა“თინათინ ბრეგვაძე, GCSD
„აქ არის პრობლემა სხვადასხვა მოუგვარებელი სოციალური საკითხების, რომლის მოგვარებაც, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობა არის აუცილებლად საჭირო. ასევე დღემდე, სერიოზულ პრობლემად რჩება იდეოლოგიური პროპაგანდა.“
ბოლო 4 წლის მანძილზე, სირია-ერაყში, „ისლამურ სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს 26 მოქალაქე მოკლეს. მათ შორის:
2012 წელს - 1
2013 წელს - 3
2014 წელს - 6
2015 წელს - 4
2016 წელს - 12
სირია-ერაყში მოკლული საქართველოს მოქალაქეები (2012-2016)
- 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012)
- 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013)
- 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013)
- 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013)
- 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014)
- 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)
- 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)
- 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
- 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
- 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014)
- 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)
- 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)
- 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)
- 28 წლის ბესლან მუხტაროვი (დეკემბერი 2015)
- 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016)
- 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016)
- 22 წლის ხვიჩა გობაძე (იანვარი 2016)
- 38 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი 2016)
- 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი (ივნისი 2016)
- 39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016)
- 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016)
- 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016)
- 30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი 2016)
- 21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო 2016)
- 24 წლის მუჰმად ხანგოშვილი (ნოემბერი 2016)
- 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი 2016)