ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანკისის ხეობა სირიაში სისხლისგან იცლება


პანკისის ხეობა, გიორგი გოგუას ფოტო
პანკისის ხეობა, გიორგი გოგუას ფოტო

ბოლო ორი დღის განმავლობაში, სირიაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე მოკლეს. ამჯერად, რუსეთ-სირიის სამხედრო ავიაციის დაბომბვებს - 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი და 34 წლის რუსლან ქავთაროვი შეეწირნენ.

ტოხოსაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი იყო. იმავე სოფლიდან არის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი. რუსლან ქავთაროვი კი დუისელია.

ბექხან ტოხოსაშვილს ფეხმძიმე მეუღლე დარჩა
ბექხან ტოხოსაშვილს ფეხმძიმე მეუღლე დარჩა

ტოხოსაშვილი პანკისიდან სირიაში 2014 წელს, უფროსს ძმასთან, კახასთან ერთად გაემგზავრა და ბოლო დრომდე, სწორედ ბათირაშვილის პირად დაცვაში იყო. იმავე წელს აღმოჩნდა, ბათირაშვილის რაზმში ქავთაროვიც.

პენტაგონის მიერ, მარტში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თარხან ბათირაშვილი დაბობვის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა, ამ დრომდე არ ადასტურებენ ბირკიანში, ბათირაშვილების ოჯახში.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სირიაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა. 2016 წლის შვიდ თვეში - შვიდი, ოთხი წლის მანძილზე დაღუპულთა რიცხვი კი უკვე 22-ს შეადგენს. აქედან 19 პანკისის ხეობის მკვიდრი ქისტია, სამი კი გურიის, აჭარისა და კახეთის მუსლიმი თემის. პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი სოსო ქავთარაშვილი სპეცსამსახურებს კონტროლის გაძლიერებას სთხოვს:

„უთავბოლოდ რომ სწირავენ თავიან სიცოცხლეს, აი, ეს არის დასანანი.."
სოსო ქავთარაშვილი, პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი

„უთავბოლოდ რომ სწირავენ თავიან სიცოცხლეს, აი, ეს არის დასანანი. საზღვარზე ახალგაზრდების საფუძვლიანი შემოწმება უნდა მოხდეს, მშობლებმა უნდა იცოდნენ, ოჯახიდან წასული შვილი, რა გზას ადგას, რა ამოძრავებს - თურქეთში მიდის სამუშაოდ თუ სირიაში საომრად.“

რუსლან ქავთაროვს მეუღლე და სამი შვილი დარჩა. ისინი ჯერ სოფელ დუისში ცხოვრობდნენ, შემდეგ ჩეჩნეთში, გროზნოში გადავიდნენ, ბოლოს კი ლტოლვილის სტატუსით, საფრანგეთმა შეიფარა და ამჯერად სტრასბურგში იმყოფებიან.

რუსლან ქავთაროვს სამი შვილი დარჩა
რუსლან ქავთაროვს სამი შვილი დარჩა

ბექხან ტოხოსაშვილს სირიაში ფეხმძიმე მეუღლე დარჩა, ისიც საქართველოს მოქალაქეა. 2015 წლის აპრილში, ტოხოსაშვილმა „პანკისის ჯამაათის“ იმამის აიუფ ბორჩაშვილის 17 წლის დისშვილზე იქორწინა. მაშინ, საცოლე, სოფელ ჯოყოლოს საშუალო სკოლის 11-ე კლასელი გოგონა, სირიაში დედასთან ერთად გაემგზავრა. რომ არა დედ-მამის თანხმობა, არასრულწლოვანი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

„ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში და „პანკისის ჯამაათის“ იმამი აიუფ ბორჩაშვილი კონტრტერორისტულმა ცენტრმა 2015 წლის ივნისში დააკავა. მიმდინარე წლის მარტში კი სასამართლომ მას ტერორისტულ ორგანიზაციაში ახალგაზრდების გადაბირებისა და სირიაში გაგზავნის ორგანიზების გამო, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აიფ ბორჩაშვილთან ერთად გაასამართლეს: თბილისელები გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ფირისებია, რომლებიც სირიაში საომრად წასვლას გეგმავდნენ.

საქართველოს სპეცსამსახურების მტკიცებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, სირია-ერაყის მიმართულებით, ახალგაზრდების მასობრივი გადინება აღკვეთილია, თუმცა, თურქული გაზეთი „მილიეთი“ წერს, რომ პოტენციური ტერორისტები ახლა ახალი მარშრუტით სარგებლობენ, რომელიც აზერბაიჯანიდან იწყება და საქართველოზე, თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსზე გადის. http://www.milliyet.com.tr/isid-in-yeni-guzergahi-gundem-2275717

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავჯდომარე ზაურ გუმაშვილი ამბობს, რომ ტერორისტების მიერ ახალგაზრდების გადაბირებას, ხეობაში დასაქმების პრობლემის მოგვარება და განათლების დონის ამაღლება თუ უშველის.

"არ არის სამუშაო ადგილები, დასაქმების პრობლემა ხეობაში პირველი პრობლემაა. ამიტომ ახალგაზრდების ნაწილი იძულებულია გაიქცეს"
ზაურ გუმაშვილი, პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი

„არ არის სამუშაო ადგილები, დასაქმების პრობლემა ხეობაში, ნომერ პირველი პრობლემაა. ამიტომ ახალგაზრდების ნაწილი იძულებულია გაიქცეს საზღვარგარეთ, თავისთავად ცხადია, რომ აქ გარკვეულ როლს იდეოლოგიაც თამაშობს.“

ექსპერტების თქმით, მსხვერპლი სირიასა და ერაყში მებრძოლ საქართველოს ისლამისტებს შორის, დიდი ალბათობით უფრო გაიზრდება, რადგან გააფთრებული ბრძოლების შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები იძულებულები არიან, ყველა მიმართულებით უკან დაიხიონ.

პენტაგონის მონაცემებით, 2016 წლის პირველ შვიდ თვეში, „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში დაახლოებით, 13 ათასს კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე დაკარგა კონტროლი.

ისლამისტი ტერორისტები სირიის ტერიტორიის, დაახლოებით 16 პროცენტს და ერაყის ტერიტორიის, 45 პროცენტს აკონტროლებენ და კვლავ განაგრძობენ სატისტური მკვლელობების სერიას. რამდენიმე დღის წინ, სირიის ქალაქ ალ-რაქაში, ისლამისტებმა ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის „ალ შაბაბის“ ოთხი ფეხბურთელი სიკვდილით დასაჯეს.

„ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ დაღუპული საქართველოს მოქალაქეები (2012-2016)

  • 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012)
  • 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013)
  • 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013)
  • 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013)
  • 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014)
  • 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)
  • 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)
  • 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
  • 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
  • 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014)
  • 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)
  • 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)
  • 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)
  • 28 წლის ბესლან მუხტაროვი(დეკემბერი 2015)
  • 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016)
  • 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016)
  • 22 წლის ხვიჩა გობაძე(იანვარი 2016)
  • 38 წლის ვახა ბუგიევი(აპრილი 2016)
  • 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი(ივნისი 2016)
  • 39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016)
  • 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016)
  • 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016)
XS
SM
MD
LG