სირიის ტერიტორიაზე საქართველოს მე-18 მოქალაქე მოკლეს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ იბრძოდა. 38 წლის ვახა ბუგიევი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა. ბუგიევი საქართველოდან 2015 წელს წავიდა, ჯერ თურქეთში გადავიდა, შემდეგ კი სირიაში აღმოჩნდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვახა ბუგიევი ეთნიკური ჩეჩნებისა და ლიბანელების ტერორისტულ დაჯგუფება „ჯუნუდ ალ შამის“ მებრძოლი იყო. ამ დაჯგუფებას, პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაბადებული, 43 წლის მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ აბუ ვალიდ ალ შიშანი მეთაურობს.
მარგოშვილი საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერია, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო ჯარებში მსახურობდა, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს კი რუსეთის არმიის წინააღმდეგ იბრძოდა, შემდეგკი საქართველოს შეაფარა თავი. მეორე ჩეჩნური ომის მონაწილე იყო ვახა ბუგიევიც. მისი თანასოფლელი შოთა ქავთარაძე ამბობს
„დაიღუპაო, სირიაში ყოფილა და დაიღუპაო ასე გავიგე, დიდი ხანიც არ იყო რაც წავიდა. თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში არა მგონია ეგ ყოფილიყო.“
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოში „ამერიკის ხმას“ აცნობეს, რომ ეთნიკური ჩეჩენი ვახა ბუგიევი რუსეთის ყოფილი მოქალაქეა, რომელმაც ჩეჩნეთი 2000 წელს, დევნის გამო დატოვა და აზერბაიჯანის გავლით, საქართველოში შემოვიდა. ბუგიევმა მაშინ ლტოლვილის დროებითი სტატუსი მიიღო.
სამი წლის შემდეგ,ვახა ბუგიევი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. მიზეზი ლტოლვილის სარეგისტრაციო პროცედურის დარღვევა იყო, რის გამოც მას რუსეთში დეპორტაცია დაემუქრა. თავად ბუგიევმა განაცხადა, რომ „საწოლს იყო მიჯაჭვული“ და იუსტიციის სამინისტროში ამის გამო ვერ გამოცხადდა.
2003 წლის ოქტომბერში, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან დეპორტირებულები იქნენ, პანკისის ხეობაში უკანონოდ მყოფი, რუსეთის სამი მოქალაქე: ადამ მაკალოვი, მუსა ისლამოვი და ვახა ბუგიევი. თუმცა, ვარდების რევოლუციის შემდეგ, გაირკვა, რომ დაუდგენელი მიზეზით, სამივე ჩეჩენმა დეპორტაცია თავიდან აიცილა.
ვახა ბუგიევმა ომალოელ ქისტ ქალზე იქორწინა და პანკისში საცხოვრებლად დარჩა. 2007 წელს, მან საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობა მიიღო და მცირე ბიზნესით დაკავდა. ცნობილია, რომ 2012 წელს, ვახა ბუგიევი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და ჩართული იყო პანკისიდან ლაფანყურში ჩეჩენი მებრძოლების გადასროლაში.
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, მწერალი ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ ვახა ბუგიევი, რომელსაც 17 მაისს, 39 წელი შეუსრულდებოდა სირიაში დაბომბვისას დაიღუპა
„სირიაში რამდენჯერმე მონაწილეობდა საომარ ოპერაციებში და ამჟამად გავიგე რომ დაღუპულა. მგონი დაბობმბვის დროს, დაბომბვის არეალში მოჰყვა და იქ დაიღუპა.“
პანკისის ხეობაში ამ დრომდე არ ადასტურებენ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბირკიანელი თარხან ბათირაშვილის იგივე აბუ ომარ ალ შიშანის სიკვდილის ფაქტს. პენტაგონმა ეს ინფორმაცია ერთი თვის წინ გაავრცელა.
აბუ ომარ ალ შიშანის მამა თემურ ბათირაშვილი ამბობს, რომ სირიაში მყოფი მისი ორივე შვილი თარხან და თამაზ ბათირაშვილები ცოცხლები არიან. ბათირაშვილების ოჯახს სოფელ ბირკიანში სამძიმრის მისაღებად არც სახლის კარი გაუღია, რაც ქისტური ტრადიციით დაუწერელი კანონია.
„ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ დაღუპული საქართველოს მოქალაქეები (2013-2016)
- 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012)
- 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013)
- 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013)
- 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013)
- 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014)
- 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)
- 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)
- 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
- 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
- 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014)
- 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)
- 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)
- 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)
- 28 წლის ბესლან მუხტაროვი(დეკემბერი 2015)
- 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016)
- 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016)
- 22 წლის ხვიჩა გობაძე(იანვარი 2016)
- 38 წლის ვახა ბუგიევი(აპრილი 2016)