ერაყის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის - მოსულის ისლამისტი ტერორისტებისგან გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან, ხვალ, ზუსტად ერთი თვე შესრულდება. ნაინავის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც 2014 წლის ზაფხულიდან „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ იმყოფებოდა, ახლა, თითქმის მთლიანად დანგრეულია.
მოსულის აღმოსავლეთის დიდ ნაწილს, რომელსაც დასავლეთ რაიონისგან მდინარი ტიგროსი ჰყოფს, დღეს უკვე ერაყის სამთავრობო ჯარები აკონტროლებენ. ოფიციალურმა ბაღდადმა გუშინ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, მოსულის გათავისუფლებულ ნაწილში, 1000-მდე ისლამისტი ტერორისტი მოკლეს, 100-ზე მეტი კი ტყვედ აიყვანეს.
დაღუპულ ისლამისტებს შორის, საქართველო მოქალაქეც არის. წინა კვირას, სამძიმრის მისაღებად ოჯახის კარი, სოფელ დუისში, ხანგოშვილებმა გააღეს. 24 წლის მუჰმად ხანგოშვილი სწორედ ქალაქ მოსულთან ახლოს დაიღუპა.
პანკისის ხეობაში ადასტურებენ, რომ დაქირავებული ქისტი ისლამისტემის დიდი ნაწილი სირიიდან ერაყშია გადასული და მოსულისა და ბაშიქას ირგვლივ მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობენ. დაღუპულის ნათესავი ჯაფარ ხანგოშვილი ამბობს, რომ მუჰმადის სიკვდილის შესახებ ოჯახს ერაყიდან შეატყობინეს:
პანკისიდან წასულების დიდი ნაწილი, ძირითადში ერაყში არიან გადასულები. ის ძველი ჩასულები არიან, ალბათ, ვეღარც გამოდიან, ვეღარც ტოვებენ პოზიციებს და იღუპებიან "ჯაფარ ხანგოშვილი, მოკლულის ნათესავი
„როგორც ვიცი, პანკისიდან წასულების დიდი ნაწილი, ძირითადში ერაყში არიან გადასულები. ის ძველი ჩასულები არიან, ალბათ, ვეღარც გამოდიან, ვეღარც ტოვებენ პოზიციებს და იღუპებიან. მუჰმადიც კარგა ხნის, ორი თუ სამი წლის წასული იყო დუისიდან.“
მუჰმად ხანგოშვილსაც პანკისელი რეკრუტი-ისლამისტის ტრადიციული ისტორია აქვს. იგი თურქეთში, იქედან კი სირიაში ბირკიანელი თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის სამხედრო წარმატებით აღფრთოვანებული, ჯერ კიდევ 2013 წელს წავიდა.
ბოლო სამი წლის მანძილზე, მუჰმადი სწორედ „ისლამური სახელმწიფოს“ „ომის მინისტრ“ ბათირაშვილის პირადი დაცვის წევრი იყო და არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, როგორ სირიის, ისე ერაყის ტერიტორიაზე.
ხანგოშვილი „პატრონის“ გარეშე 2016 წლის ივლისში დარჩა, როცა ერაყის, სალაჰ-ედ-დინის მუჰაფაზში, ქალაქ შირქათთან ახლოს, ბათირაშვილის ლეგენდა საბოლოოდ დასრულდა.
„ისლამური სახელმწიფოს“ ქისტურ დაჯგუფებაზე პასუხისმგებლობა ამის შემდეგ, თარხანის უფროსს ძმას, თამაზ-აბდურაჰმან ბათირაშვილს დაეკისრა. მეორე ჩეჩნურ დაჯგუფებას „ჯუნუდ აშ შამს“ ასევე პანკისის ხეობის მკვიდრი, 44 წლის მუსლიმ აბუ ვალიდ ალ შიშანი იგივე მურად მარგოშვილი ხელმძღვანელობს. ბოლო ინფორმაციით, ორივე ეს დაჯგუფება ამჟამად ერაყის ტერიტორიაზე, მოსულის მიდამოებში იბრძვის.
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, მწერალი ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ დედა აქტიურად ცდილობდა მუჰმად ხანგოშვილის უკან, საქართველოში დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ:
დედამისი ყველა ხერხით ცდილობდა მუჰმადის დუისში დაბრუნებას, თურქეთშიც იყო ჩასული და ერთხელ მგონი, იქედან მოაბრუნა კიდეც, მაგრამ მაინც ასე ტრაგიკულად დასრულდა ყველაფერი. სხვა მოლოდინი არც იყო, რომ ცოცხალი დაბრუნდებოდა"ხასო ხანგოშვილი, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი
„დედამისი ყველა ხერხით ცდილობდა მუჰმადის დუისში დაბრუნებას, თურქეთშიც იყო ჩასული და ერთხელ, მგონი იქედან მოაბრუნა კიდეც, მაგრამ მაინც ასე ტრაგიკულად დასრულდა ყველაფერი. სხვა მოლოდინი არც იყო, რომ ცოცხალი დაბრუნდებოდა, ან ის და ან სხვა წასული.“
მუჰმად ხანგოშვილი, დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოს 25-ე მოქალაქეა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, ბოლო 4 წლის მანძილზე მოკლეს.
2012 წელს - „ისლამურ სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა, რომლის პანკისში გადმოსვენება მაშინ მოხერხდა. 2013 წელს - იქ 3 ჩვენი მოქალაქე მოკლეს, 2014 წელს - 6, 2015 წელს - 4 და 2016 წელს - უკვე 11.
ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე, „ისლამური სახელმწიფოს“ უკიდურესად შერყეული პოზიციებიდან და იქ მიმდინარე ბრძოლის ხასიათიდან გამომდინარე, სამხედრო ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს რიცხვი აუცილებლად გაიზრდება.
სირია-ერაყში მოკლული საქართველოს მოქალაქეები (2012-2016)
- 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012)
- 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013)
- 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013)
- 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013)
- 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014)
- 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)
- 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)
- 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
- 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
- 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014)
- 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)
- 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)
- 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)
- 28 წლის ბესლან მუხტაროვი(დეკემბერი 2015)
- 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016)
- 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016)
- 22 წლის ხვიჩა გობაძე(იანვარი 2016)
- 38 წლის ვახა ბუგიევი(აპრილი 2016)
- 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი(ივნისი 2016)
- 39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016)
- 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016)
- 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016)
- 30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი 2016)
- 21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო 2016)
- 24 წლის მუჰმად ხანგოშვილი (ნოემბერი 2016)