ისლამისტების უსასტიკესმა და ცინიკურმა თავდასხმებმა საფრანგეთის დედაქალაქში, რომელმაც ბოლო მონაცემებით 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 352 კი დაიჭრა, (მათგან 99 კრიტიკულ მდგომარეობაშია) კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენა, რომ ევროპის კონტინენტზე ტერორისტული აქტების ძალიან მაღალი რისკი არსებობს.
ხდება თუ არა ამ რისკის ადეკვატური შეფასება და გააზრება საქართველოში? ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობის უკვე ათწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, კოსოვოში, ერაყში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ავღანეთში. ამავე დროს, საქართველო არის ის სახელმწიფო, რომლის 200-ზე მეტი მოქალაქე, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე „ისლამური ხალიფატის“ რიგებში იბრძვის.
56 წლის მურმან პაიჭაძემ, რომელიც წალკის რაიონის სოფელ კოხტას (ყოფილი ახალიკი) იმამი იყო, მეუღლე, ხუთი შვილი და შვილიშვილები ორი თვის წინ მიატოვა და საბრძოლველად სირიაში წავიდა. პარიზის ტერაქტებამდე ოთხი დღით ადრე, პაიჭაძემ, რომელიც დღეს, თავის თავს აბუ ასია ალ-ჯუეჯს უწოდებს, ინტერნეტში მიმართვა გაავრცელა და საქართველოს სახელმწიფოს ღიად დაემუქრა
„თქვენ ურწმუნოებო!. რატომ არ წყვეტთ მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლას? რატომ არ გამოგყავთ თქვენი სამხედროები მუსლიმების ქვეყნიდან? საქართველოს მომავალზე რომ არ ფიქრობდით და ყალბ ისტორიაზე ილუზიებს აგებდით. მაშ დაელოდეთ პასუხს მუსლიმებისგან, რომელიც ძალზე მკაცრი იქნება.“ წყარო - http://islamgeorgia.com/abu-asia-aljurji/
მურმან პაიჭაძე ახლო ნათესავია „ისლამური ხალიფატის“ კიდევ ერთი შეფიცულის, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტის მკვიდრის, 27 წლის თამაზ ჭაღალიძის, რომელიც სირიაში ჯიჰადისტებს, 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა. ჭაღალაძის იგივე აბუ აჰმედის წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე ერთი წლის წინ აღძრა, მას შემდეგ, რაც იგი საქართველოს, კონკრეტულად კი აჭარის რეგიონს ჯიჰადით დაემუქრა.
ჯიჰადისტთა ყველაზე დიდი დაჯგუფება საქართველოდან, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე კი პანკისის ხეობიდან არის. ამ ჯგუფის არაოფიციალური ლიდერი საქართველოს არმიის ყოფილი ოფიცერი, 29 წლის, ბირკიანელი თარხან ბათირაშვილი იგივე აბუ ომარ ალ-შიშანია. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საველე მეთაური მომავალ გეგმებს ასევე სამშობლოს უკავშირებს. ბათირაშვილი, რომელიც რამდენჯერმე დაემუქრა რუსეთს „საღვთო ომით“, ჯიჰადის პლაცდარმად საქართველოს განიხილავს, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ჯერ „კავკასიის ვილაიეთი“, შემდეგ კი „გურჯისტანის ვილაიეთიც“.
პანკისის ხეობაში ბათირაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფოლ ჯოყოლოს იმამი 36 წლის აიუფ ბორჩაშვილი, ანტიტერორისტულმა ცენტრმა 2015 წლის ივნისში დააკავა და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაშია. გამოძიება ამტკიცებს, რომ სწორედ ბორჩაშვილი უწევდა კოორდინაციას, ახალგაზრდა ქისტი მუსლიმების გადაბირებას და შემდეგ, სირიაში გაგზავნას.
მიუხედავად, რამდენიმე წარმატებული ოპერაციისა, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე საქართველოს სპეცსამსახურების მზადყოფნას გაუმკლავდეს, ისლამური ხალიფატიდან მომავალ საფრთხეს, სუსტად აფასებს
„ამ ტიპის სისუსტე დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის და ეს განპირობებულია ტრადიციის არარსებობით. მოგეხსენებათ, სპეცსამსახურები იყო ჩვენთან ის სტრუქტურა, რომელსაც ყველა ხელისუფლება მუდმივად იყენებდა თავისთვის და არა ქვეყნისთვის. შესაბამისად, დღესაც სპეცსამსახურებს უფრიომ მეტად პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია აქვთ, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოების დამცველის. ამიტომ არ არის რესურსი.
ასე, რომ სისუსტე არის. ეს არის ტრადციული სისუსტე. თუმცა, სიტუაციის გამოსწორებისკენ გადადგული გარკვეული ნაბიჯებიც არის.“
სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, ისლამური ხალიფატის დროშის ქვეშ, ბოლო წლებში, საქართველოს 13 მოქალაქე დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, იქ, ამ დრომდე, 200-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე იბრძვის.
ხუთი თვის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა სასჯელი უკანონო, შეიარაღებულ ფორმირებებში გაწევრიანების გამო. ახლა ეს დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ან გადაბირება კი 10 წლამდე პატიმრობით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ისლამური ხალიფატის მეომრები სირიიდან და ერაყიდან საქართველოში უპრობლემოდ დაბრუნდნენ. ყველა ამ ფაქტორიდან, გამომდინარე, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ტერორიზმის რისკის საფრთხე გაზრდილია.