ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ISIS თუ FSY: ვისი „შეფიცული“ იყო დავით ბორჩაშვილი?


სურათზე: დავით ბორჩაშვილი და ისრაფილ ცათიაშვილი, ISIS-ის მებრძოლი, რომელიც სირიაში შარშან დაიღუპა
სურათზე: დავით ბორჩაშვილი და ისრაფილ ცათიაშვილი, ISIS-ის მებრძოლი, რომელიც სირიაში შარშან დაიღუპა

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, დავით ბორჩაშვილი საქართველოს პირველი მოქალაქე იქნება, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის, პირველი და მეორე ნაწილით გაასამართლებენ.

327-ე მუხლში წერია, რომ 1. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე. 2. ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) მებრძოლია და უშუალოდ ემორჩილებოდა, „ხალიფატის“ გავლენიან საველე მეთაურს, ასევე პანკისის ხეობის მკვიდრს, თარხან ბათირაშვილს იგივე ომარ ალ შიშანს.

გავრცელდა ვიდეოკადრებიც (https://www.youtube.com/watch?v=eCV9-PQdTxk), სადაც შეიარაღებული დავით ბორჩაშვილი, სირიის ან ერაყის ტერიტორიაზე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფება. აღსანიშნავია, რომ კადრებში ჩანს, თარხან ბათირაშვილის კიდევ ერთი მებრძოლი, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი, რომელიც სირიაში 2014 წლის დეკემბერში დაიღუპა.

ამის მიუხედავად, დავით ბორჩაშვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამტკიცებს, რომ ბორჩაშვილი არ არის ტერორისტი და იგი „სირიის თავისუფალ არმიასთან“ (FSA) იყო დაკავშირებული, რომელიც პირიქით, „ისლამურ ხალიფატს“ ებრძვის. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმეს გრიფი საიდუმლო დაადო.

„თავისთავად ეს ვიდეობი არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ თვითონ დავით ბორჩაშვილი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ არის ნამყოფი სირიაში და კონტაქტი ჰქონდა - სირიის თავისუფალ არმიასთან. ეს არმია ებრძვის მოქმედი პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმს და ასევე ტერორისტურ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“. და ყველაზე მთავარი, სირიის თავისუფალ არმიას მხარ უჭერენ აშშ და დასავლეთ ევროპის მთელი რიგი ქვეყნები.“

სად და რა მიზნით იმყოფებოდა სინამდვილეში, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 1986 წლის 23 იანვარს დაბადებული დავით ბორჩაშვილი? ამის თაობაზე ბოლო დღეებში რამდენიმე ვერსია გავრცელდა.

ბორჩაშვილების ოჯახი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ იგი სამუშაოდ თურქეთში წავიდა. იქ, მშენებლობაზე საწარმოო ტრავმა მიიღო და ბოლო 6 თვე, სამხრეთ თურქეთში, ქალაქ კონიას ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.შემდეგ, სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო, თურქეთის სახელმწიფომ მისი დეპორტირება მოახდინა.

საინტერესოა, რომ 21 ნოემბერს, ბორჩაშვილი დედასთან ერთად ჩამოფრინდა სტამბულიდან თბილისში, თუმცა, სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა, მხოლოდ დედამ, მედეა ბორჩაშვილმა შეძლო. დავით ბორჩაშვილი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, საქართველოში არ შემოუშვეს და უკან სტამბულში გააბრუნეს.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ბორჩაშვილს დოკუმენტები არ ჰქონდა წესრიგში, თუმცა ოჯახის წევრებს პირდაპირ უთხრეს, რომ იგი ისლამური ტერორისტული დაჯგუფების წევრი იყო და საზღვრის გადმოკვეთის უფლება სწორედ ამიტომ არ მისცეს. ბორჩაშვილთან შეხვედრის საშუალება, ასევე არ მიეცა სახალხო დამცველის წარმომადგენელს.

22 ნოემბერს, დილის ხუთ საათზე, როცა დავით ბორჩაშვილი ხელმეორედ ჩამოფრინდა სტამბულიდან თბილისში, კონტრტერორისტული ცენტრის მუშაკებმა იგი აეროპორტშივე დააკავეს და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ნიშანდობლივია, რომ დაახლოებით იმავე დროს, სავარაუდოდ, კონტრტერორისტული ცენტრის ხელდასმით, სოციალურ ქსელ იუთუბზე აიტვირთა ვიდეოკადრები, სადაც შეიარაღებული ბორჩაშვილი ჩანს (https://www.youtube.com/watch?v=1KX9J9TX764)

ეროვნული სამედიცინო ცენტრის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსის მარინე გელანტიას თქმით, პაციენტს ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ, ამიტომ დღეს ბრალი პალატაში წარუდგინეს. დავით ბორჩაშვილმა ექიმებს უკვე დაუდასტურა, რომ ჭრილობა ფეხზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

„პაციენტის გადმოცემით, დაახლოებით 7 თვის წინ, ცეცხლსასროლი დაზიანების შედეგად, მიღებული ტრავმის გამო მას გაუკეთდა ენდოპროტეზირება. ამჟამდ სწორედ ამ ენდოპროტეზირების მიდამოში მიმდინარეობს დესტრუქციული პროცესი და ჭრილობის ინფიცირება.“

არის თუ არა სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი 29 წლის დავით ბორჩაშვილი დაკავშირებული, ამავე სოფლის ყოფილ იმამთან, 36 წლის აიუფ ბორჩაშვილთან? ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გელა ნიკოლაიშვილმა, რომელიც ორივე ბორჩაშვილის ადვოკატია უკვე დაადასტურა, რომ ეს ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიების გაგრძელებაა.

კონტრტერორისტულმა ცენტრმა აიუფ ბორჩაშვილი 2015 წლის ივნისში, სპეცოპერაციის დროს, გომბორის უღელტეხილზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ აიუფ ბორჩაშვილია, სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში.

სოფელ ჯოყოლოს ყოფილ იმამს ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირება და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათი გამგზავრების ორგანიზება.

აიუფ ბორჩაშვილის გარდა, მაშინ თბილისის აეროპორტში ასევე დააკავეს: 18 წლის დავით ფირისებია, 21 წლის გიორგი კუპრავა და 23 წლის გიორგი ხუტუნიშვილი, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, სირიაში საბრძოლველად მიემგზავრებოდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეების არსებითი განხილვა უკვე დაიწყო.

ბოლო ცნობებით, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, „ისლამური ხალიფატის“ მხარეს, 200-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის, 13 მათგანი კი დაიღუპა.

სირიის სამოქალაქო ომში დაღუპული საქართველოს მოქალაქეები (2013-2015)

23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)

26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)

36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)

24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)

36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)

18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)

22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)

21 წლის ჯაბრაილცათიაშვილი (დეკემბერი 2014)

18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)

30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი, 2014)

24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)

33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)

23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)

XS
SM
MD
LG