დაზვერვის და უსაფრთხოების უმაღლესი ოფიციალური პირები თვლიან, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტები დასავლეთისთვის ერთეული შემთხვევა არ იქნება. მაგრამ, რამდენად შესაძლებელია დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში მებრძოლი და შემდეგ დასავლეთში დაბრუნებული მეომრის ფსიქოტიპის პორტრეტის შექმნა, რომლითაც სამართალდამცავებმა უნდა იხელმძღვანელონ?
პარიზს ჭრილობები ჯერ ბოლომდე არ მოუშუშებია, მაგრამ ევროპას და ამერიკას უკვე უწევს თვალის გასწორება ახალ რეალობასთან. დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს რიგებში მებრძოლი კიდევ რამდენი უცხოელი მეომარი დაბრუნდება ქაოსის მოსაწყობად შინ, დასავლეთში?
ევროპა დიდი გამოწვევების წინაშეა.
“სირიაში წასულთა რიცხვი ბევრად გაიზარდა, ასევე გაზრდილია დაბრუნებულთა რაოდენობა და უფრო დახვეწილია ჯიჰადისტთა ქსელებიც” - ამბობს დევიდ შტერმანი, "ახალი ამერიკის ფონდიდან".
ექსპერტების აზრით, საკმაოდ რთულია სირიიდან დაბრუნებული დასავლელი მეომრის ფსიქოტიპის პორტრეტის შექმნა, რომლითაც სამართალდამცავები იხელმძღვანელებენ. საშუალოდ ეს 21-დან 25 წლამდე მამაკაცი და დაახლოებით 21 წლის ქალია. ამ ადამიანთა მესამედი ჯიჰადისტთა ინტერნეტ-ფორუმებზე აქტიურობდა და 80 პროცენტზე მეტი დაჯგუფებას შეუერთდა.
“დაზვერვის მონაცემებით, მოხალისეები ისე ძლიერ მოხიბლულები აღარ ჩანან, როგორც დასაწყისში. თუმცა, ბევრისთვის ეს ისევ მაცდურ პერსპექტივად რჩება” - აღნიშნავს ლაჰურ თალიბანი, ქურთისტანის რეგიონული მთავრობის დაზვერვის დირექტორი.
დაჯგუფების მიმზიდველობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან მასშტაბს ინარჩუნებს - ამბობენ ამერიკის დაზვერვის ოფიციალური პირები. თანაც, ისლამური სახელმწიფო საკმაოდ მოქნილია, რაც დასავლეთზე იერიშების მიტანის ალბათობას ზრდის. ამას ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ძმების მაგალითიც ადასტურებს, რომელთაც იანვარში, პარიზში, შარლი ებდოს თავდასხმა მოაწყვეს. მათ ასევე ჰქონდათ კონტაქტი აჰმედი კულიბალისთან. ეს უკანასკნელი დაჯგუფების მებრძოლი იყო და ფრანგულ სუპერმარკეტში მომხდარ სროლაში დაიღუპა.