საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ამ დრომდე ფიქრობენ, რა მუხლით დაიწყონ გამოძიება, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (სუს) ფაილების მორიგი გამოჟონვის თაობაზე. იურისტების შეფასებით, ამ ფაილებშიც, როგორც ადრე გამოტანილ უკანონო მოსმენების ე.წ "კრებსებში", სისტემური დანაშაულის აშკარა ნიშნები იკვეთება.
პროკურატურაში დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლები გამოკითხეს, ხვალ კი „სამართლიანი არჩევნების“ თანამშრომლებს ელოდებიან. სწორედ ამ გამოკითხვების შემდეგ გადაწყდება, რა მუხლით აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ან აღიძვრება თუ არა საერთოდ.
ფაილების გასაჯაროებამდე ხუთი დღით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხმაურიანი სპეცოპერაციით დააკავა იოსებ გოგაშვილი, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელსაც ეს თანამდებობა 2016-18 წლებში ეჭირა, 2013-15 წლებში კი შსს-ს მაღალჩინოსანი იყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ ადასტურებენ, რომ სწორედ გოგაშვილია, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც ეს ფაილები მათ და უცხოეთის ქვეყნების საელჩოებს გადასცა.
„ჩვენ შეგვიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად არის სისტემური დანაშაული"ედუარდ მარიკაშვილი, იურისტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
„ჩვენ შეგვიძლია, ნამდვილად, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად არის სისტემური დანაშაული, რომელშიც ჩართულები არიან, სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა, იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარეა.
მისი თქმით, „თუკი მაგალითად, მართვის მოწმობის აღდგენას ან სასჯელის პირობით ვადამდე შემცირებას ან მოხსნას, საფუძვლად უდევს განზრახვა, რომ ეს ადამიანები შემდგომ, საარჩევნო ხმების მობილიზებაში უნდა გამოიყენონ, რა თქმა უნდა, მინიმუმ, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და დანაშაული.
Your browser doesn’t support HTML5
თუკი, ასევე დადასტურდება, რომ ეს ფაქტები ერთმანეთთან კავშირშია, იმ გაზრახვით და მიზნით, რომ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგებზე მანიპულაცია მოახდინოს, ეს ცალკე შეიძლება შეფასდეს, როგორც არჩევნების გაყალბებისკენ მიმართული ქმედებები, რაც ასევე დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ასე, რომ როცა სისტემურობაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ ეს ანგარიში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი სისტემური დანაშაულის კუთხით“ - მიაჩნია ედუარდ მარიკაშვილს.
ფაილებიდან, რომელიც მესამე სექტორს სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გადასცა, იურისტების შეფასებით, ჩანს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის ხმების მობილიზაციის ანუ პარტიული მიზნით, იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, შემოსავლების სამსახურს და სხვა სახელმწიფო უწყებებს.
ანგარიშიდან ასევე იკვეთება, რომ საარჩევნოდ, ხმების შეგროვების ან უბანზე დახმარების სანაცვლოდ, აპრობირებულ უკანონო მეთოდებს შორის არის:
შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა; პრობაციონერთათვის პირობითი მსჯავრის მოხსნა ან შემცირება; მსჯავრდებულის გადმოყვანა ერთი ციხიდან მეორეში, სადაც უკეთესი პირობებია;
ბრალდებულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა; წვევამდელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადება;
საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმის მოხსნა; ნასამართლეობის გაქარწყლება; მეწარმეებისთვის პოლიტიკური ნიშნით სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა და ა.შ
Your browser doesn’t support HTML5
“ზუსტად ეს არის ის პოლიტიკური მდგენელი, რომელიც დემოკრატიული სამყაროსთვის მიუღებელია, ეს არის ზუსტად პოლიტიკური ფუნქციების შეთავსება, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ მუშაობა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ, რომელსაც სადაზვერვო სამსახურებში მუშაობის გამოცდილება აქვს.
„პოლიტიკური დავალებები იმდენ დროს ართმევს და იმდენად ასუსტებს სპეცსამსახურს, ძალების და საშუალებების გაფლანგვით, რომ იგი ვეღარ რეაგირებს რეალურ საფრთხეებზე"ანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი
მისი თქმით, „პოლიტიკური დავალებები იმდენ დროს ართმევს და იმდენად ასუსტებს სპეცსამსახურს, ძალების და საშუალებების გაფლანგვით, რომ იგი ვეღარ რეაგირებს რეალურ საფრთხეებზე, როგორიც არის რუსული აგრესია, ოკუპირებული ტერიტორიები, ტერორიზმი, უცხო ქვეყნის ჯაშუშები და ა.შ“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, ამ უკანონო სქემაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების და დაბალი რგოლის გარდა გარდა, დიდი ალბათობით, ჩართულები იყვნენ, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
ფაილებიდან ჩანს, რომ გლდანის ყოფილი გამგებელი, „ქართული ოცნების“ წევრი ბექა მიქაუტაძე, რომელსაც ეს თანამდებობა 2017-2020 წლებში ეკავა, ახლა კი კრწანისის გამგებელია, 2018 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მსჯავრდებულებისთვის, პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა, რათა ეს პატიმრები ციხიდან, მმართველ პარტიას ხმების მობილიზებაში დახმარებოდნენ.
"ჩვენ მოვახერხებთ გლდანის მასივის ქუჩის ბიჭების მხარდაჭერის მოპოვებას და საკმაო რაოდენობის ხმის მიღებას"ბექა მიქაუტაძე, გლდანის გამგებელი, 2018 წლის ნოემბრის ჩანაწერი
"ჩვენ მოვახერხებთ გლდანის მასივის ქუჩის ბიჭების მხარდაჭერის მოპოვებას და საკმაო რაოდენობის ხმის მიღებას" - წერს "ოცნების" ლიდერშიპს მიქაუტაძე.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტიის დაკვეთით, სუს-ს პოლიტიკურ დოსეიები აქვს გაკეთებული საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე, მათ შორის, სკოლის დირექტორებზე, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებზე და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის მუშაკებზე.
„სრული აბსურდი, არაფერი! ასეთ დოკუმენტებს შევქმნით ხვალვე და ნებისმიერ ტელევიზიაში შეგვიძლია დავატრიალოთ“ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
„ქართული ოცნება“ ამ დოსიეებს ეყრდნობოდა, საკადრო პოლიტიკის გატარებისას ანუ ხდებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში თანამდებობებზე დასანიშნი პირების პოლიტიკური ლოიალობის წინასწარი შესწავლა, ოპოზიციურად განწყობილი კანდიდატების ხელოვნური დაბლოკვა და ა.შ
„ქართულმა ოცნებამ“ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ყველა ბრალდება უარყო და გოგაშვილის მიერ გამოტანილ ფაილებს უწოდა „ფარატინა ქაღალდები“.
Your browser doesn’t support HTML5
„სრული აბსურდი, არაფერი! ასეთ დოკუმენტებს შევქმნით ხვალვე და ნებისმიერ ტელევიზიაში შეგვიძლია დავატრიალოთ“ - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ექსპერტები, ფაილების სკანალური შინაარსის გარდა, ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (სუს) ფაილების თუ კრებსების გამოტანა, უკვე საშიშ ტენდენციად იქცა, რაც ეროვნული უსაფრთხოების უმწვავესი პრობლემაა.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მამხილებლის წახალისება, მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ სპეცსამსახური უკვე მერამდენედ ხდება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და სუს-დან ინფორმაციის გამოტანა უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა“ - მიაჩნია უსაფრთხოების სპეციალისტს ანდრო გოცირიძეს.
Your browser doesn’t support HTML5
მისი აზრით, „ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ სუს-ში არსებული არქივები, რომელიც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს მასალებს მოიცავს, საფრთხის ქვეშაა.
თუ კი ნებისმიერ მაღალი რანგის ჩინოვნიკს შეუძლია ამ ინფორმაციის წლების მანძილზე შეგროვება, გამოტანა და პირადი მიზნებით გამოყენება, ეს ნიშნავს, რომ იგივე არქივები სრულიად გამჭვირვალეა რუსული სპეცსამსახურისთვის
თუ კი ნებისმიერ მაღალი რანგის ჩინოვნიკს შეუძლია, ამ ინფორმაციის წლების მანძილზე შეგროვება, გამოტანა და პირადი მიზნებით გამოყენება, ეს ნიშნავს, რომ იგივე არქივები სრულიად გამჭვირვალეა რუსული სპეცსამსახურისთვის, რომელთა დაინტერესებაზე და მუშაობის სიმძლავრეზე შეკითხვები ბუნებრივია არ გვაქვს“ - ამბობს ანდრო გოცირიძე.
მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით უნდა დაიწყოს, თუმცა ობიექტური გამოძიების იმედი მათ არ აქვთ.
ქვეყნის სამართალდამცავო ორგანები რამდენიმე თვეა, ჯერჯერობით, უშედეგოდ იძიებენ სუს-იდან გამოჟონილი ათასობით ფაილის ავთენთიტიკურობას, რომელიც 2021 წლის სექტემბერში გავრცელდა.
რას გადაწყვეტს გენერალური პროკურორი და რა მუხლით აღიძვრება საქმე, „გოგაშვილის ფაილებთან“ დაკავშირებით, ეს წესით, ახლო მომავალში უნდა გახდეს ცნობილი.