ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუხთარლის საქმე: „დამოკლეს მახვილი“ მმართველი ელიტის თავზე


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყნის უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ბლოკავს, თბილისის ცენტრიდან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიაციატივას.

პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით, ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში, 65-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა, მათ შორის, ღია საზოგადოება - საქართველომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. მეცხრე თვეა ანალოგიურ მოთხოვნას პერიოდულად საპარლამენტო ოპოზიციაც აყენებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაცვის მხარე, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება.

დღეს, მიმდინარე გამოძიებას „არაეფექტური“ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც უწოდა. ომბუდსმენის აზრით, პროკურატურა მუხთარლის ბოლო განცხადებებს ყურადღებით უნდა მოეკიდოს:

ძალიან დიდი ხანია, არაფერი გვსმენია მუხთარლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის და იქ არსებული რაიმე პროგრესის თაობაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს გამოძიება არაეფექტურია"
ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

„ძალიან დიდი ხანია, არაფერი გვსმენია მუხთარლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის და იქ არსებული რაიმე პროგრესის თაობაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ არაეფექტურია ეს გამოძიება.

ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება მოპოვებული იქნას დაკავებულ პირთან კონტაქტის საშუალებით, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი უნდა იყოს გამოძიებისთვის და სათანადო ყურადღება მიექცეს. განსაკუთრებით, როცა იგი თბილისიდან გატაცების ახალ გარემოებებზე საუბრობს.“

მუხთარლიმ, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 8 თებერვალს, ციხიდან 36 საათით გაათავისუფლა და ზაქათალაში, ტრაგიკულად გარდაცვლილი უახლოესი ნათესავების ორმოცზე დასწრების უფლება მისცა, თბილისიდან მისი გატაცების ორგანიზებაში საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებს, მათ შორის, მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს დასდო ბრალი.

აფგან მუხთარლი ზაქათალაში, 09.02.2018
აფგან მუხთარლი ზაქათალაში, 09.02.2018

​"მე ვწერდი პრეზიდენტ ალიევისა და მისი ოჯახის ბიზნეს ინტერესებზე საქართველოში, ყველაფრის გამოძიება ვერ მოვასწარი, რადგან მომიტაცეს. ვფიქრობ, რომ ახლა ალიევის ბიზნეს პარტნიორი არის ბიძინა ივანიშვილი. მისი თანხმობის გარეშე, ვფიქრობ, კვირიკაშვილი ამას ვერ გააკეთებდა.

თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ოთხმა თანამშრომელმა მომიტაცა. ყველაფერი წინასწარ და კარგად იყო გათვლილი, ხელი არავის შეუშლია მათთვის ჩემს გადაყვანაში. მთელ ამ პროცესში ჩართული იყო შსს და მესაზღვრეები. მე ვუჩივლებ საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს, მაგრამ იძულებული ვარ"
აფგან მუხთარლი, გამომძიებელი ჟურნალისტი

თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ოთხმა თანამშრომელმა მომიტაცა. ყველაფერი წინასწარ და კარგად იყო გათვლილი, ხელი არავის შეუშლია მათთვის ჩემს გადაყვანაში. მთელ ამ პროცესში ჩართული იყო შსს და მესაზღვრეები. მე ვუჩივლებ საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს, მაგრამ იძულებული ვარ" - აღნიშნა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა 9 თებერვალს ზაქათალაში ყოფნისას.

აზერბაიჯანში ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნილი მუთხარლი, საქართველოში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად 2014 წლის ბოლოს გადმოვიდა. მან მომდევნო წლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესზე და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს კორუფციულ ტენდერებზე ჟურნალისტური გამოძიების სერია გამოაქვეყნა.

ბაქოელი ჟურნალისტი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს, მაშინ გაიტაცეს, როცა მთაწმინდის უბაში, ნიაღვრის ქუჩაზე, საკუთარ სახლში მიდიოდა, სადაც ცოლ-შვილი ელოდა. მეორე დღეს გაირკვა რომ მუხთარლი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა მას თან პასპორტი არ ჰქონია რომ სახელმწიფო საზღვარი ლეგალურად გადაეკვეთა.

2018 წლის იანვარში ბელაქნის სასამართლომ აფგან მუხთარლის „საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდის გადატანისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით“ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბაქოში სასამართლო პროცესის დროს
ბაქოში სასამართლო პროცესის დროს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა მიეცეს გამოძიების ბოლომდე მიყვანის საშუალება და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილობლობას „ქართული ოცნება“ ვერ ხედავს:

ასეთი ტიპის განცხადებები მხოლოდ საქმის პოლიტიკურად აჟიტირებას ემსახურება. ჩვენს ოპონენტებს უნდათ პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ იმაზე, რაზეც მუხთარლიმ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, რომ თითქოს პრემიერმა კვირიკაშვილმა და ექსპრემიერმა ივანიშვილმა გასცეს მის დაკავებაზე თუ გატაცებაზე სანქცია, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელი“
სოფიო კილაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

„ამ შემთხვევაში, ისე როგორც ძალიან ხშირად, ჩვენი ოპონენტებისა და ოპოზიციის ასეთი ტიპის განცხადებები მხოლოდ საქმის პოლიტიკურად აჟიტირებას ემსახურება. მათ უნდათ პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ იმაზე, რაზეც მუხთარლიმ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, რომ თითქოს პრემიერმა კვირიკაშვილმა და ექსპრემიერმა ივანიშვილმა გასცეს მის დაკავებაზე თუ გატაცებაზე სანქცია, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელი.“

თბილისიდან მუხთარლის გატაცების გამო, 2017 წლის ივლისში, თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრ-დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით ნიკოლეიშვილმა. გასული წლის ბოლოს, პრემიერმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მუხთარლის საქმე „ძალიან სერიოზული ჩავარდნა იყო“.

ამის მიუხედავად, დღემდე გამოუძიებელი რჩება, ვინ გასცა თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების უკანონო ბრძანება? ვინ განახორციელა ეს უკანონო ოპერაცია? იყვნენ თუ არა საქმის კურსში საქართველოს მთავრობის, შსს-ს და სუს-ის მაღალი თანამდებობის პირები?

და, ვისი ბრძანებით გაანადგურეს სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებები, თბილისის ცენტრში დამონტაჟებული რამდენიმე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომლითაც გამტაცებლების იდენტიფიცირება იქნებოდა შესაძლებელი ?!

ნიშანდობლივია, რომ მუხთარლის საქმეზე, საქართველოში გამოძიება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს.

ქართველი ჟურნალისტების პროტესტი
ქართველი ჟურნალისტების პროტესტი

საერთაშორისო გამოხმაურება თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაზე:

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“: აფგან მუხთარლის დაკავება აზერბაიჯანის და საქართველოს სირცხვილია. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ჟურნალისტი და მის მიმართ ხელოვნურად შედგენილი ყველა ბრალდება მოხსნას. საქართველოს ხელისუფლებამ კი ნათელი უნდა მოჰფინოს მის გატაცებასთან დაკავშირებულ გარემოებებს“

ევროპარლამენტი: "ვგმობთ აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიძიოს მუხთარლის ძალადობრივი გაუჩინარება“

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: "მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს მუხთარლი და ყველა ის პირი, ვინც სასჯელს საკუთარი ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისთვის იხდის. ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხთარლის გატაცების საქმეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სრული, გამჭირვალე და დროული“

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობა: „აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება საქართველოში, რასაც დაპატიმრება და აზერბაიჯანში მისი გასამართლება მოჰყვა, კვლავაც მოითხოვს ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე გამოძიებას“

Human Rights Watch: „საქართველოს ხელისუფლებას აქვს თავისი წილი ვალდებულება გამოიძიოს დაუყოვნებლივ და დაადგინოს, თუ როგორ მოხვდა თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქალაქე, რომელიც იდევნებოდა პოლიტიკური მოტივებით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება, უკვე თვეებია, ამბობს, რომ იძიებს ამ საქმეს, ამას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია“

ფრიდომ ჰაუსი: „დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისიდან ადამიანებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართულად ლაპარაკობდნენ, შემდეგ ის გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ეს აჩენს შეშფოთების საფუძველს, რომ გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG