ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შსს-ს უშიშროება ისევ გამოეყო


11 წლის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ ორად გაიყო და უშიშროების მიმართულება მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა. ახალი სამსახურის პირველი ხელმძღვანელი კი უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება. ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა შსს-ს არასრული შვიდი თვე უხელმძღვანელა და ახალ სამსახურს პარლამენტის ფორმალური თანხმობაღა აშორებს.

შსს-მ პარლამენტის ნებართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დაუთმო“: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, ანტიტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სპეციალური ოპერაციებისა და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტები.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე დეპოლიტიზაციის პოლიტიკით ახსნა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების მხარდამჭერი პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული ამბობს, რომ შსს-ს რეფორმა მხოლოდ სამინისტროს ტექნიკური გაყოფით ეფექტური ვერ იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშველოვანი რეფორმა ქვეყანაში. იმ ძალაუფლების დეკონცენტრაცია, რომელიც ახლა სამინისტროშია თავმოყრილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, აუცილებელია იმის გააზრებაც, რომ მხოლოდ უშიშროების სამსახურების სამინისტროდან ტექნიკურად გამოტანა, ისე, რომ ამას სხვა, ფუნდამენტური, ინსტიტუციური რეფორმები არ მოჰყვეს, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ რეფორმა ეფექტური იყოს.“

საქართველოს პოლიციისა და უშიშროების სამსახურების ისტორიაში, ამ ორი მიმართულების გაყოფა, შეერთება და მინისტრების გაცვლა პირველი არ არის. ამ ტრადიციას საბჭოთა ოკუპაციის (1921-90) პერიოდში ჩაეყარა საფუძველი. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში, ისეთი ფიგურა, როგორიც ლავრენტი ბერია იყო ხელძღვანელობდა, როგორც უშიშროების (ჩეკა, შსპს), ისე მილიციის (შინსახკომი) ორგანოებს.

1954 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრი, 45 წლის ალექსი ინაური ახლადშექმნილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ) თავჯდომარე გახდა და ამ თანამდებობაზე მთელი 32 წელი იმუშავა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, იგივე გზა შოთა კვირაიამ გაიარა. 1995 წელს, მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა და უშიშროების სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი პირიქით მოხდა. ვანო მერაბიშვილმა 2004 წელს, სულ ნახევარი წელი იმუშავა უშიშროების მინისტრად. იმავე წლის, დეკემბერში, უშიშროება მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს შეერწყა და მერაბიშვილი გაერთიანებული უწყების მინისტრი გახდა. ამით, ექსპერტების და დღევანდელი ხელისუფლების აზრით, მოხდა ძალაუფლების არაგონივრული კონცეტრაცია ერთ უწყებაში. 11 წლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ ეს მხოლოდ სამინისტროს ტექნიკური გაყოფაა და არა არსებითი რეფორმა.

„ეს ნამდვილად არ არის ტექნიკური გაყოფა. ბევრი ბრალდება მოვისმინე. პრაქტიკულად ყალიბდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. ამით შეგვიძლია რეგიონში ვიამაყოთ. თუ აქამდე, წლების მანძილზე, უშიშროების სამინისტრო ცალკე არსებობდა, უკვე უსაფრთხოების სამსახური დაკომპლექტდება მხოლოდ პროფესიული ნიშნით. ამასთან, სამსახურის ხელმძღვანელი არ იქნება მთავრობის წევრი. შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადა არ დაემთხვევა მთავრობის, პარლამენტის ან პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას. აქედან გამომდინარე, ეს სამსახური პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი იქნება.“

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის შესახებ კანონი პარლამენტმა 8 ივლისს მიიღო და ის ახალი სამსახურის ფორმირებას 1 აგვისტოდან ითვალისწინებს. სუს-ის შტატი 3850 ერთეულით განისაზღვრა. უსაფრთხოების სამსახური წლის ბოლომდე 36 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეს ფული წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს 638 მილიონიანი ბიუჯეტიდან ჩამოიჭრება.

XS
SM
MD
LG