რუსულმა ძალებმა "კატასტროფული" ზიანი მიაყენეს ქალაქ სევეროდონეცკს, სადაც ისინი დაბომბვას აგრძელებენ. უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ლისიჩანსკსა და სევეროდონეცსკში სიტუაცია "უკიდურესად რთულია". ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინ მოსკოვი აძლიერებს შეტევას.
„ბრძოლა სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონაში და კატასტროფული ნგრევა ლისიჩანსკში“, - დაწერა ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერჰი ჰაიდაიმ სოციალურ მედიაში 21 ივნისს და დასძინა, რომ ლისიჩანსკში რუსეთის მძიმე დარტყმები წინა დღის განმავლობაშიც მიმდინარეობდა.
ასევე ნახეთ: კრემლი: ამერიკელებმა რუს ჯარისკაცებს საფრთხე შეუქმნესუკრაინული ძალები აგრძელებენ ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის დაცვას, სადაც ამ დროისთვის ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, თქვა ჰაიდაიმ.
მანამდე რეგიონის გუბერნატორმა უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსული ძალები აკონტროლებდნენ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს, მაგრამ არა აზოტის ქიმიურ ქარხანას, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე კვირების განმავლობაში აფარებდა თავს. მისი თქმით, გზა, რომელიც სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს ქალაქ ბახმუტთან აკავშირებს უწყვეტად იბომბება.
"ლისიჩანსკი მთელი დღის განმავლობაში მასიურად იბომბებოდა. ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპულთა რაოდენობის დადგენა", - თქვა მან. ჰაიდაის განცხადებით, ასეთი ინტენსიური იერიშების მიუხედავად, რუსებმა აქამდე ვერ მოახერხეს უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა, რომლებიც მათ "მნიშვნელოვან ზარალს აყენებდნენ".
ბრძოლები მიმდინარეობს ქვეყნის სამხრეთშიც, ხერსონის მისადგომებთან. მოსკოვის იერიში მიაქვს ასევე ჩრდილოეთით ხარკივსა და მის შემოგარენზე.
უკრაინულმა ძალებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ მათ პირველად წარმატებით გამოიყენეს ანტი-საზღვაო რაკეტა „ჰარპუნი“, რომლის სამიზნეც რუსული საზღვაო ბუქსირი „ვასილი ბეხი“ იყო. “ის იარაღით და პერსონალით ამარაგეგბდა გველების კუნძულს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში“, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ამავე შეფასებით, უკრაინამ დიდწილად გაანეიტრალა რუსეთის საზღვაო შესაძლებლობა იმისთვის, რომ კრემლს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთში კონტროლი დაეწესებინა.