შმიჰალი: "ბევრ ქვეყანას შიმშილი ემუქრება"

უკრაინამ საეერთაშორისო დონორებისგან 6.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პირობა მიიღო. დონორებმა მონაწილეობა ხუთშაბათს ვარშავის კონფერენციაში მიიღეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ამ და სხვა თემებზე „ამერიკის ხმის“ აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელს, მიროსლავა ღონღაძეს ესაუბრა:

დონორებმა უკრაინას 6.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პირობა მისცეს. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ პირობით?

ეს დონორთა არც პირველი კონფერენციაა და არც უკანასკნელი. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ჩვენი პოლონელი და შვედი პარტნიორების, ევროკომისიის, ევროკავშირის, რადგან ისინი უდიდეს ძალისხმევას იღებენ უკრაინის ყველა ამ სფეროში მხარდასაჭერად. ამჯერად ჩვენ ძირითადი ყურადღება გავამახვილეთ ფინანსურ სფეროზე. 6.5 მილიარდი დოლარი არის დონორთა ამ კონკრეტული კონფერენციის შედეგი უკრაინის დასახმარებლად. ჩვენ ვნახავთ, რამდენს გაიღებენ პარტნიორები, რამდენ რესურსს, თანხას მოგვცემენ და შემდეგ ყველა ერთად გადავწყვეტთთ, როგორ გავანაწილოთ ეს თანხები სხვადასხვა მიმართულებით, სოციალური, ჰუმანიტარული თუ სახელმწიფოს სხვა ვალდებულებების კუთხით.

- თეთრმა სახლმა კონგრესს დამატებით 33 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა. როგორ განაწილდება ეს თანხა? როგორ ფიქრობთ, რა ნაწილი მოხვდება სახელმწიფო ბიუჯეტში ან რა ნაწილი სხვა საჭიროებებისთვის?

ასევე ნახეთ: 9 მაისს კრემლი დასავლეთისთვის სიდიადის ჩვენებას ეცდება

ამ 4 თვის განმავლობაში უკრაინის საბიუჯეტო დეფიციტი თვეში 5 მილიარდ დოლარს აღწევს. ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს პარტნიორებთან - ამერიკასთან, მსოფლიო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან ერთად განვიხილეთ და ისინი ადასტურებენ ამ თანხებს. ამის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას სავალუტო ფონდთან. ისინი ქმნიან სპეციალურ ადმინისტრაციულ ანგარიშს, მსოფლიო ბანკი კი ქმნის სპეციალური ფონდის ანგარიშს. ჩვენ ვთხოვთ ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ ამ ანგარიშების მეშვეობით გაუზიარონ უკრაინას თავიანთი საერთაშორისო რეზერვის 10 %. (ეს საერთაშორისო რეზერვია, რომელიც სავალუტო ფონდმა შექმნა თავისი წევრი ქვეყნების ოფიციალური რეზერვების მხარდასაჭერად და შესავსებად).

ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორები უკრაინის ბიუჯეტს პირდაპირაც დაეხმარებიან. და როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა მხარდაჭერის ამ 33 მილიარდი დოლარის შესახებ, ამ თანხის ნაწილი - 8 მილიარდი არის სწორედ უკრაინის ბიუჯეტის დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის მომდევნო 4 თვის განმავლობაში. თანხის დანარჩენი ნაწილის შევსებაზე კი ჩვენ ვთანხმდებით ჩვენს პარტნიორებთან - მსოფლიო ბანკთან, სავალუტო ფონდთან და ევროკავშირთან, რომ ეს მათი დახმარებით მოხდება.

ჩვენ გვჭირდება, რომ ეს დახმარება, ეს ფინანსური მხარდაჭერა არ იქცეს “ფულის მისიად“ და არ შეიქმნას უკრაინაში ჰიპერ-ინფლაცია. ჩვენი ქვეყნის მაკრო-ფინანსური სტაბილურობა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა მოიგებს ომს, და ამ დიდების შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება ძლიერი ეკონომიკური გარემოებები იმისთვის, რომ დაიწყოს ძალიან სწრაფი აღდგენა ჩვენი ტერიტორიების, რეგიონების, ქალაქების. სწორედ ამიტომ, პარტნიორებს ესმით ეს აბსოლუტურად ნათლად. ჩვენ კი მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან ამ მიმართულებით.

ომმა გავლენა მოახდინა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიაზეც, მსოფლიოში ზოგიერთი პროდუქტის სერიოზული კრიზისი იქმნება სწორედ ამ ომის გამო. რა უნდა გააკეთოს უკრაინამ იმისთვის, რომ წელს მოსავალი მიიღოს? როგორ მუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ კუთხით - მოსავლის მიღების და შემდეგ მისი დისტრიბუციისთვის?

ევროპული, აფრიკული და აზიური სახელმწიდოები [ჩვენგან] ელიან 90 მილიონ ტონაზე მეტ ჩვენს მარცვლეულს, სიმინდს, ხორბალს, მზესუმზირის ზეთს. ეს საკვები პროდუქტების მსოფლიო დეფიციტის საწინადარია. ეს ქვეყნები ამის შესახებ ძალიან წუხან. გვყავს მომლაპარაკებლები ყველა ჩვენს პარტნიორთან. ამ თემაზე გვაქვს მოლაპარაკებები გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთანაც.

ამერიკაში ვიზიტისა და პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას, ჩვენ ასევე განვიხილეთ ეს საკითხი, რადგან ჩვენ გვესმის, რომ თუკი ჩვენ ვერ გავათავისუფლებთ ჩვენს საზღვაო პორტებს, ეს ნიშნავს არა მხოლოდ საკვები პროდუქტების კრიზისს ამ წელს და შესაძლო შიმშილსაც ბევრ ქვეყანაში აფრიკისა თუ აზიის კონტინენტზე, არამედ მომავალი წლის კრიზისსაც საკვები პროდუქტების კუთხით, რადგან ჩვენი საწყობები ახლა ამ წლის მოსავლითაა სავსე. და თუკი ახალი მოსავალი ახლანდელი რაოდენობის 90 % მაინც იქნება, მისი შესანახი ადგილიც აღარ გვექნება. ასე რომ ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება დახმარება ჩვენი პარტნიორებისგან. ისინი განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტებს, შესაძლოა იყოს რაიმე ტიპის ჰუმანიტარული მისია, შესაძლოა გაეროს გარანტიებით. შესაძლოა შეიქმნას ერთგვარი ალიანსი, რომელიც შეიმუშავებს ლურჯ თუ მწვანე კორიდორებს მოსავლისა და მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინიდან იმ ქვეყნებში, რომლებიც გველოდებიან.

ასევე ნახეთ: გერმანია უკრაინას ჰაუბიცებს გადასცემს

გაქვთ მოლოდინი, რომ რუსეთი ამას დათანხმდება?

ვიმედოვნებთ. ცივილიზებულმა მსოფლიომ, დემოკრატიულმა სამყარომ უნდა გამოიყენოს წნეხი [რუსეთზე], რადგან ბევრი ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემები შეიქმნება. ეს იქნება საკვების რეალური კრიზისი. რუსეთი ქმნის ენერგო კრიზისს; რუსეთს სურს შექმნას საიმიგრაციო კრიზისი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით და უკრაინაში ომის დანაშაულების და სისასტიკის ჩადენით. აბსოლუტურად ნათელია, რომ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს იწვევენ. მათი კიდევ ერთი მიზანი ისაა, რომ უკრაინელთა შორის შიში შექმნან და საიმიგრაციო ცუნამი გამოიწვიონ.

ევროკავშირი ამ პროცესს მართავს, ჩვენი ქალები და ბავშვები არიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც მათ ძალიან კეთილად იღებენ. ჩვენ ამისთვის ძალიან მადლიერნი ვართ. საიმიგრაციო კრიზისის შექმნის მიზანი ვერ შესრულდა, მაგრამ ენერგო და საკვები პროდუქტების კრიზისი ჯერ კიდევ ძალიან აქტუალურია. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ ვმართოთ ეს [ვითარება] ყველამ ერთად, მთელმა მსოფლიომ.

თქვენ უდიდეს სამხედრო დახმარებასაც იღებთ, როგორც ამერიკის, ისე ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოებისგან. თქვენ პოლონეთის მთავრობასთან შეთანხმებასაც მოაწერეთ ხელი. რას გულისხმობს ეს შეთანხმება, და ზოგადადაც, როგორ აფასებთ სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერას უკრაინისადმი?

ყველაზე დიდი დახმარება სხვადასხვა სფეროებში - სამხედრო, ჰუმანიტარულ თუ სხვა სფეროებში, ყველაზე დიდი მხარდაჭერა - 12 მილიარდი დოლარი ამ ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან იყო. ამისთვის ძალიან მადლიერნი ვართ და ძალიან ვაფასებთ. შემდეგი ქვეყანა პოლონეთია, ევროკავშირი, სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციები: მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი, ასევე კანადა. მათი რეაქცია მყისიერი იყო, დაუყოვნებლივი, ომის პირველივე კვირას. ისინი ჩვენ მხარს გვიჭერენ ფინანსურად.

ბევრი ქვეყანა იწყებს ჩვენს მხარდაჭერას თავდაცვის სფეროში, და ესეც ძალიან სწრაფად ხდება. თუმცა ამერიკა და მთელი ალიანსი სამხედრო კუთხით ჩვენი უდიდესი მხარდამჭერია.

რაც შეეხება პოლონეთთან შეთანხმებას, ის არაა საჯარო. ის თავდაცვისა და სამხედრო სფეროს გულისხმობს, მაგრამ ვერ ვისაუბრებ იმაზე, რას შეეხება ეს შეთანხმება. ის უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია.