„ეს ყველაფერი არის იმის მიღმა, რაც ყველაზე უარეს სცენარად შეიძლებოდა წარმოგვედგინა. ეს არის ყველაზე საშიში რამ, რაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში მომხდარა. თუკი ჩვენ უფლებას მივცემთ ვლადიმირ პუტინს, რომ მისი ეს საშინელი მცდელობა წარმატებული იყოს, ეს შეცვლის ჩვენი ცხოვრების მიმართულებასაც“, - ასე აფასებს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ბილ ბროუდერი, „მაგნიტსკის აქტის“ ერთ-ერთი ავტორი და აქტივისტი „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
ბროუდერი წლებია დასავლეთისგან რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევი ოფიციალური პირების სადამსჯელო ღონისძიებების წახალისებას ცდილობს. მისი მცდელობა, მისივე თანამშრომლის, სახელმწიფო კორუფციული სისტემების გამამჟღავნებელი იურისტის, სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დასჯილიყვნენ, საკანონმდებლო ინიციატივადაც კი იქცა, რომელიც „მაგნიტსკის აქტის“ სახელითაა ცნობილი.
ბროუდერი ამბობს, რომ დასავლური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალიან ძლიერია, მაგრამ აუცილებელია, რომ პოლიტიკა იყოს არა მხოლოდ ძლიერი, არამედ იმ კუთხით იყოს მიმართული, რაც პუტინს ყველაზე მეტად ადარდებს, ეს კი მისი ფულია. ასევე, რუსეთის ის ყველაზე მდიდარი ოლიგარქები, რომლებსაც სანქციები ჯერ არ დასწესებიათ. ყველაზე მტკივნეული კი მისი აზრით, რუსეთის გლობალური ელექტრონული გადახდების შეტყობინების სისტემიდან SWIFT-იდან გათიშვაა, რის გაკეთებისგანაც დასავლეთი ჯერ კიდევ თავს იკავებს.
24 თებერვალს გამთენიისას რუსეთი უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ შეიჭრა. სატელევიზიო ეთერით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინის „არალეგიტიმური მმართველი რეჟიმი“ რუსეთს საფრთხეს უქმნის და ქვეყანა „გასაწმენდია ნაცისტებისგან“. მისი გამოსვლის დასრულებისთანავე უკრაინის არაერთ ქალაქში გაისმა აფეთქებების ხმა. რუსულმა ჯარმა უკრაინას რამდენიმე მიმართულებიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების გამოყენებით შეუტია. დასავლურმა ქვეყნებმა კრემლთან დაახლოებულ პირებს, კანონმდებლებს და მათ ოჯახებს სანქციები დაუწესეს.
ანალიტიკოსთა ნაწილს დასავლეთის ერთიანობა მოსწონს, თუმცა ნაწილი დასავლელ ლიდერებს აკრიტიკებს, რადგან მათ ჯერ კიდევ არ გამოიყენეს ყველა ეკონომიკური ბერკეტი ვლადიმირ პუტინის ქცევაზე რეალური გავლენის მოსახდენად.
პუტინის გაჩერება შეუძლია მხოლოდ უკრაინელი ხალხის ხანგრძლივ წინააღმდეგობას და დასავლეთის მხრიდან სოლიდარობასა და სანქციებს. ჩვენ პუტინის აგრესია პუტინიზმის სტრატეგიულ მარცხად უნდა ვაქციოთ",- დენიელ ფრიდი
ვლადიმირ პუტინი ხუთშაბათს ბიზნესმენებსაც შეხვდა და თქვა, რომ მას არ სურს გლობალური ეკონომიკისგან გამოთიშვა და მისი დაზიანება. „პუტინს იმედი აქვს, რომ ერთ-ორ წელიწადში ყველას დაავიწყდება რა გააკეთა მან და მასთან კვლავ ექნებათ საქმიანი ურთიერთობა. ესაა მისი გამოცდილება წარსულიდან“, - ამბობს ბროუდერი და განმარტავს, რომ ამჯერად პუტინს მისი ევროპელი გულშემატკივრებიც კი ვეღარ იცავენ და ვერ ამართლებენ, რადგან ამ ვითარებიდან უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. „ეს არის ქვეყანაში შეჭრა, ქვეყნის დაბომბვა პროვოცირების გარეშე, ეს სრულიად დაუვიწყარი და მიუღებელი რამაა“, - ამბობს ბროუდერი და დასძენს: „დასავლეთის პასუხი არის ძლიერი, და ის ახლა უნდა იყოს ჭკვიანურიც. ამჟამად უმთავრესი ისაა, რომ მიზანში იყოს ამოღებული ის, რაც პუტინს ყველაზე მეტად ადარდებს. ეს ოლიგარქებია, ეს არის SWIFT-ი. ამ დრომდე არც ერთი რამ აქედან არ გაკეთებულა“.
ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ამერიკელი ყოფილი დიპლომატი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის სტილის აგრესიაა და პუტინიზმის დამარცხება მხოლოდ იმითაა შესაძლებელი, თუკი ეს აგრესია დასავლეთში მის საწინააღმდეგო პოლიტიკაში გადაიზარდება.
„ვლადიმირ პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინაზე უპირატესობის მოპოვება და ევროპის დაშინებაა. მას სურს ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებზე რუხი ზონა თავიდან შექმნას. სურს აღადგინოს რუსული იმპერია იმდენად, რამდენადაც ამას შეძლებს. ის რეალურად უკვე აკონტროლებს ბელარუსსაც. ის უკვე აღარაა დამოუკიდებელი ქვეყანა. მაგრამ პუტინი დიდ რისკზე მიდის. უკრაინელი ხალხი, მაშინაც კი თუკი სამხედრო თვალსაზრისითი დამარცხდება, უცხო ქვეყნის ოკუპაციას არ შეეგუება. ეს ცუდად დამთავრდება პუტინისთვის, მაგრამ ამჟამად ის მოქმედებს როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისის ან შუა წლების დიქტატორი, ყველა თანმდევი შედეგით“, - ამბობს ფრიდი.
ასევე ნახეთ: "პუტინის დასასრულის დასაწყისი" - უკრაინაზე თავდასხმის გამოხმაურებები„ატლანტიკური საბჭოს“ უფროს მკვლევარს და რამდენიმე ადმინისტრაციის მრჩეველს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მიაჩნია, რომ პუტინს მხოლოდ მტკიცე წინააღმდეგობა და სოლიდარობა გააჩერებს.
„პუტინი არ გაჩერდება. ის თავს ესხმის მეზობელს. მისი გაჩერება შეუძლია მხოლოდ უკრაინელი ხალხის ხანგრძლივ წინააღმდეგობას და დასავლეთის მხრიდან სოლიდარობასა და სანქციებს. ჩვენ პუტინის აგრესია პუტინიზმის სტრატეგიულ მარცხად უნდა ვაქციოთ. ჩვენ ეს გამოწვევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში სერიოზულად უნდა მივიღოთ. ეს არ იქნება მარტივი და სწრაფი პროცესი, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენი მოწინააღმდეგე სისტემა არის პუტინიზმი და პუტინის რუსეთი. არ ვარ დარწმუნებული, უჭერს თუ არა მხარს რუსი ხალხი პუტინის აგრესიას უკრაინის მიმართ, მაგრამ ახლა მისი შეიარაღებული ძალები მეორე მსოფლიო ომის სტილის აგრესიას ახორციელებენ. ეს ჰგავს ჰიტლერის მიერ პოლონეთზე თავდასხმას. მსგავსია ყალბი მტკიცება იმისა, რომ პოლონეთი ახდენდა ამ თავდასხმის პროვოცირებას ისევე, როგორც ყალბია დღეს უკრაინელების მიერ პროვოკაციების მტკიცება“, - ამბობს დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან".
ყოფილი დიპლომატი იხსენებს, რომ 90-იანი წლების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტები გამუდმებით ცდილობდნენ რუსეთისთვის ხელის გაწვდენას, მაგრამ პუტინი არის მეოცე საუკუნის ტირანი და ამიტომ „ჩვენ უნდა გამოვიტანოთ გრძელვადიანი დასკვნები ჩვენივე პოლიტიკიდან.“
სწორედ შეუსაბამო დასკვნებზე და არასწორ გზავნილებზე საუბრობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონის კიდევ ერთი მკვლევარი კიერ ჯაილსი. „ჩატამ ჰაუზის“ რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის უფროსი მრჩეველი მკვლევარი ამბობს, რომ უკვე საკმარისზე მეტად აშკარაა, რომ დასავლეთის აქცენტი დიპლომატიაზე, სანქციებზე და სანქციების მუქარით პრეზიდენტ პუტინის დარწმუნების მცდელობა, არ შეჭრილიყო უკრაინაში, წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კი სინამდვილეში ათწლეულების განმავლობაში გრძელდება.
„რაც უნდა არარეალისტური ყოფილიყო დასავლელი ლიდერების მხრიდან იმის დაშვება, რომ უკრაინას პირდაპირი სამხედრო ძალით დაიცავდნენ, არ იყო საჭირო იმ ფაქტის რეკლამასავით გამოცხადება, რომ მათ არ სურთ ამის გაკეთება. რუსეთს არ ენდომებოდა დასავლეთთან ესკალაცია და კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდა სანამ ამას გააკეთებდა, ამ ესკალაციის შესაძლებლობა რომ ჯერ კიდევ არ ყოფილიყო გამორიცხული“, -კიერ ჯაილსი.
„სამწუხაროდ დასავლეთმა ძალიან ადრეულ ეტაპზევე გამორიცხა უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობა. ამერიკამაც და ბრიტანეთმაც თქვეს, რომ არ იქნებოდა სამხედრო წარმომადგენლობა იმისათვის, რომ რუსეთისთვის წინააღმდეგობა გაეწია და დახმარებოდა უკრაინელებს, ამან პრეზიდენტ პუტინს მწვანე შუქი ააუნთო. და ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ამ შეცდომას ვუშვებთ. 2014 წელს ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ქმედებების დაწყებისას ბარაკ ობამამ თქვა, რომ არ არსებობდა უკრაინის კრიზისიდან სამხედრო გამოსავალი. ამან პრეზიდენტ პუტინს მისცა მწვანე შუქი, რომ საკუთარი სამხედრო გამოსავალი გამოეყენებინა, რადგან იცოდა, რომ შეერთებული შტატები არ ჩაერეოდა“, - ამბობს ჯაილსი.
მკვლევრის აზრით, დასავლეთმა რუსეთისადმი დამოკიდებულება და სტრატეგია სრულიად იმის საპირისპიროდ უნდა წარმართოს, რა რიტორიკაც ახლა ისმის. მისი თქმით, მართალია უკრაინა არაა ნატოს წევრი სახელმწიფო და მასზე „კოლექტიური თავდაცვის“ ვალდებულება არ ვრცელდება, მაგრამ იმის ხაზგასმით გამორიცხვამ, რომ მოკავშირეები არ დაიცავდნენ უკრაინას და ერთ ჯარისკაცსაც არ დატოვებდნენ ქვეყანაში, ვლადიმირ პუტინს მისცა შესაძლებლობა, ყველაზე უარესი სცენარი აემოქმედებინა და შედეგები გაეთვალა.
„რაც უნდა არარეალისტური ყოფილიყო დასავლელი ლიდერების მხრიდან იმის დაშვება, რომ უკრაინას პირდაპირი სამხედრო ძალით დაიცავდნენ, არ იყო საჭირო იმ ფაქტის რეკლამასავით გამოცხადება, რომ მათ არ სურთ ამის გაკეთება. რუსეთს არ ენდომებოდა დასავლეთთან ესკალაცია და კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდა სანამ ამას გააკეთებდა, ამ ესკალაციის შესაძლებლობა რომ ჯერ კიდევ არ ყოფილიყო გამორიცხული“, - ამბობს კიერ ჯაილსი.
მისი აზრით, რუსეთი წლების განმავლობაში წარმატებით ავრცელებდა გზავნილებს იმის შესახებ, თუ რამდენად სარისკო უნდა იყოს დასავლეთისთვის რუსეთთან, როგორც ბირთვულ ძალასთან დაპირისპირება და რისკების მისთვის სასურველი აღქმა საბოლოოდ დასავლელმა ლიდერებმაც გაითავისეს.
„რუსეთი განზრახ და ინტენსიურად ავრცელებს გზავნილს, რომ შეუძლებელია რუსეთს დაუპირისპირდე ისეთი არაკონტროლირებადი ესკალაციის გარეშე, რომლის მასშტაბიც ბირთვულ ომამდე მიდის. ეს გზავნილები ძალიან წარმატებული იყო და მათით უკვე გაიჟღინთა დასავლეთის შეხედულებები იმდენად, რომ დასავლელი თავდაცვის ლიდერებისა და პოლიტიკოსებისგან განმეორებითად გვესმის ზუსტად იგივე. პრეზიდენტ პუტინის ახლანდელი გაფრთხილებაც იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუკი დასავლეთი ჩაერევა და უკრაინის დაცვას ეცდება, ძალიან ნაყოფიერ ნიადაგზე ხვდება, რადგან უკვე ბევრს სჯერა ამის“, - ამბობს ანალიტიკოსი.
სამხედრო შეტაკებების, საჰაერო იერიშების, ამ იერიშების მოგერიებისა და მსხვერპლის თვლის შემდეგ, უკრაინაში 24 თებერვალი საომარ ვითარებაში დაღამდა. ქვეყანაში შიშობენ, რომ რუსული აგრესიის შემდეგი სამიზნე კიევია.